Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ესტონელი მრჩეველი მუშაობას შეუდგა


ჩვენს გადაცემებში უკვე გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მაისიდან საქართველოში მუშაობს ესტონელი ექსპერტი - ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარი,

რომელიც ერთი წლით დაინიშნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად. ლაარის რჩევები ეხება ეკონომიკური რეფორმებს და უფრო ფართოდ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს. მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოში ვიზიტისას, მარტ ლაარი ჩვენი რადიოს სტუმარიც იყო - გაიხსენა რეფორმები, რომელთა გატარებაც მას და მის თანამოაზრეებს მოუხდათ ესტონეთში 90-ანი წლების შუა რიცხვებში. ამ დღეებში კი მარტ ლაარს ბრიუსელში შეხვდა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი - სწორედ საქართველოში დაწყებულ საქმეზე სასაუბროდ. პირველი შეკითხვა: რამდენად კარგად იცნობდა ესტონელი ექსპერტი ვითარებას საქართველოში, როცა მაისში შეუდგა პრეზიდენტის მრჩევლობას.

მარტ ლაარის პასუხი ასეთი იყო: [ლაარის ხმა] “ყოველთვის შეიძლება, უკეთ იცნობდე სიტუაციას, მაგრამ ვფიქრობ, მას საკმარისად კარგად ვიცნობ ამ თანამდებობაზე სამუშაოდ. გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ხანს ვარ საქართველოში, სულ უფრო ხშირად მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს ადრეც მაქვს ნანახი - ვგულისხმობ იმას, რომ ვითარება საქართველოში მახსენებს ვითარებას ესტონეთში 1993-94 წლებში. ბევრი სხვაობაც არის, მაგრამ ძალიან ბევრია მსგავსება”.

ბრიუსელში ჩვენმა კორესპონდენტმა მარტ ლაარს სთხოვა, დაეკონკრეტებინა მსგავსება 90-ანი წლების ესტონეთს და წლევანდელ საქართველოს შორის. [ლაარის ხმა] “ზოგადი სიტუაციაა ძალიან მსგავსი. ეკონომიკა ლამის მოიშალა. მთელი სტრატეგია, რომელიც აღმოსავლეთის ბაზრისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას ითვალისწინებს, უკიდურესად მოკლე დროში უნდა შეცვალოს დასავლური ბაზრებისათვის განკუთვნილი, შედარებით მაღალი ხარისხის ნაწარმის შექმნამ. და იმავდროულად ერთნაირია ძლიერი ზეწოლა რუსეთისაგან, რომელსაც სურს, ჩაშალოს ქვეყნის შეტრიალება დასავლეთისაკენ”.

ამ სირთულეებს - ეკონომიკურ რეფორმებს, თუ რუსეთიდან მომდინარე ზეწოლას - ესტონეთი, როგორც ცნობილია, წარმატებით გაუმკლავდა. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრია. მართლაც აქვს შანსი საქართველოს, რომ გაიმეოროს ეს წარმატება? როგორ აფასებს ამ შანსს მარტ ლაარი?

[ლაარის ხმა] ”ერთი მხრივ, შანსები ძალიან კარგია. საქართველოს მთავრობას, მის პოლიტიკას, ახალგაზრდა ქართველ სახელმწიფო მოხელეებს რომ ვუყურებ, მახსენდებ ხოლმე ადამიანები, 90-ანი წლების დასაწყისში ესტონეთში რომ დაიწყეს მუშაობა სახელმწიფო მოხელეებად. ეს ძალიან კარგი ნიშანია, და ძალიან კარგია საქართველოში აღებული კურსიც, საქმის კეთების მტკიცე ნებაც.”

თუმცა, მსგავსების მიუხედავად, დასძენს მარტ ლაარი, საქართველო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ესტონეთი იყო 1993-94 წლებში თუნდაც იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაკარგულმა 15-მა წელმა რთული პირობები წარმოშვა: ეკონომიკური ინფრასტრუქტურა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ხოლო რუსეთი გაცილებით ძლიერი, ვიდრე 12-14 წლის წინ იყო. ამდენად, მარტ ლაარი ორ მნიშვნელოვან ფაქტორს - ეკონომიკის გაჩანაგებას და რუსეთიდან ზეწოლას - ხედავს, ესტონეთთან შედარებით კიდევ უფრო რომ ართულებს საქართველოს ამოცანებს...

[ლაარის ხმა] “ეს ორი ფაქტორი, ერთად აღებული, ძალიან რთულ ვითარებას ქმნის. თუ გადავხედავთ წინასწარ შეფასებებს, რომელთაც უცხოელი ანალიტიკოსები გამოთქვამენ საქართველოს განვითარებაზე მომავალი წლების განმავლობაში, თვალშისაცემია ერთი რამ: ამ შეფასებების წინააღმდეგობრიობა. ოპტიმისტები ამბობენ, რომ საქართველო ყველაფერს საუცხოოდ გაართმევს თავს, პესიმისტები კი ამბობენ - საქართველოს არაფერი გამოუვაო. ამ ორ ბანაკიდან ერთ-ერთი მართალია. არა მგონია, რაიმე შუალედური შედეგი მივიღოთ. ყველაფერი, რასაკვირველია, პირველ რიგში თვით საქართველოზეა დამოკიდებული”.
XS
SM
MD
LG