Accessibility links

logo-print

კონფლიქტის მოწესრიგების რა პირობებს და რა გეგმას სთავაზობს აფხაზებს საქართველოს ხელისუფლება


ეკაწამალაშვილი, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ირაკლი ალასანიამ პარასკევს საქართველოს პარლამენტს გააცნო ის ძირითადი

ხედვები და პრინციპები, რომელთაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა, ანუ საქართველოს მთავრობის ”საგზაო რუკა”, უნდა დაეფუძნოს. კონფლიქტის მოწესრიგების რა პირობებს და რა გეგმას სთავაზობს აფხაზებს საქართველოს ხელისუფლება?

საქართველოს მთავრობა აფხაზებს სთავაზობს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მშვიდობიან მოგვარებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში. როგორც ირაკლი ალასანია განმარტავს, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმა - იგივე “საგზაო რუკა” - უნდა დაეფუძნოს იმ უმთავრეს პრინციპს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გულისხმობს. ალასანიას მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობა აფხაზებს სთავაზობს: ფართო ავტონომიას საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში( აფხაზთა თვითმყოფადობის, მათი ენისა და კულტურის დაცვით), საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოში აფხაზთა წარმომადგენლობას. კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის საქართველოს მთავრობა უმთავრეს ამოცანებად მხარეთა შორის ნდობის აღდგენას და აფხაზეთში ლტოლვილთა უპირობო, ორგანიზებულ და ღირსეულ დაბრუნებას სახავს. მნიშვნელოვანი შეთავაზებაა ლტოვილთა დაბრუნების პროცესის ქართულ-აფხაზური სამართალდამცველების მიერ გაკონტროლების იდეა, რაც, ირაკლი ალასანიას თქმით, გაეროს სამოქალაქო პოლიციის ხელშეწყობით უნდა განხორციელდეს. საქართველოს მხარე ითხოვს სოხუმში გაეროსა და ეუთოს ოფისების მუშაობის გააქტიურებას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და ამ ოფისების ფილიალების გახსნას გალის რაიონში, სადაც გამუდმებით ირღვევა სპონტანურად დაბრუნებული ქართველების უფლებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის შეასრულოს ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე დადებული შეთანხმება. ის, აგრეთვე, მზად არის მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების დაფინანსების თხოვნით. საქართველოს მთავრობა მომხრეა საქართველოს ფარგლებში აფხაზეთს შეუქმნას ეკონომიკის განვითარების სრულიად განსაკუთრებული პირობები. აი, ასეთი მიდგომებით, ასეთი იდეებით წარმოუდგენია საქართველოს მთავრობას აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის მრჩეველმა ირაკლი ალასანიამ გააცნო ის წინადადებები და ის ძირითადი პრინციპები, რომელთაც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმა უნდა დაეფუძნოს.
ირაკლი ალასანიას თქმით, ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად რეგიონში საპოლიციო ძალების განლაგებას არ სჭირდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. მისივე განმარტებით, ახლო მომავალში საქართველოში ჩამოვა გაეროს მისია და, მასთან ერთად, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე. გაეროს მისია მოისმენს და შეისწავლის პოლიციის ელემენტებით სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის სასარგებლოდ წარმოდგენილ არგუმენტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვში სიფრთხილით ეკიდებიან პოლიციის ელემენტებით სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის საქართველოს მხარის მიერ შეთავაზებულ იდეას. მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ცოტა ხნის წინ აწარმოეს კონსულტაციები ალასანიამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ დასკვნა ასეთია:

[ირაკლი ალასანიას ხმა] ”ჩვენ ყველანი ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებით პრეზიდენტების შეხვედრას, მაგრამ შემდგარი კონსულტაციებისას ვერ დავინახე რუსული მხარის მზადყოფნა რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოში კონფლიქტების მოსაგვარებლად.”

ეს სწორედ ირაკლი ალასანია გახლდათ. მიუხედევად იმისა, რომ აფხაზთა მხარე იწუნებს საქართველოს მთავრობის წინადადებებს, საქართველოს მხარისთვის კი მიუღებელია აფხაზთა სამშვიდობო გეგმა, ალასანია იტოვებს იმედს, რომ ქართულ-აფხაზურ პირდაპირ დიალოგში კონფლიქტის გადაჭრის კომპრომისული ვარიანტი მოიძებნება.




XS
SM
MD
LG