Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება – ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის შეცვლას არ აპირებს


საარჩევნო კოდექსის ხარვეზების განსახილველად უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა გაფართოებული

შეხვედრა გაიმართება. შეთანხმებას ოპოზიციურ პარტიათა ერთი ჯგუფის ლიდერებმა 9 ივნისს ევროკომისიის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებთან შეხვედრისას მიაღწიეს. ამ შეხვედრას 8 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ოპოზიციის აუდიენცია უძღოდა წინ. საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი არ გამორიცხავს ხელისუფლების მისამართით სარეკომენდაციო გზავნილების მომზადებას, თუმცა ხელისუფლება ამ რეკომენდაციების გაზიარებას არ აპირებს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]“რას ჰქვია მოვიდეს რეკომენდაციები! ეს ქვეყანაა, საქართველოა. ვინ უნდა მირჩიოს, ვინ უნდა მირჩიოს, მითხარით, ვინ უნდა მირჩიოს! ესენი არ არიან არჩევნების სპეციალისტები და ვინც არჩევნების სპეციალისტები არიან, ყველასთან შეთანხმებულები ვართ, და ესენი არიან დიპლომატები. დიპლომატებმა შეიძლება თავიანთი არხებით მიაწოდონ, მაგრამ ვენეციის კონვენცია, ევროსაბჭო, უცხოელი ექსპერტები – ყველასთან გვაქვს ნამუშევარი და გავლილი, ფანქრით ხელში. თქვენ გგონიათ, ისე მივიღეთ ეს კანონი? დიპლომატიურმა კორპუსმა რა უნდა მირჩიოს?“(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი, თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კანონის ერთ–ერთი ავტორი მიხეილ მაჭავარიანი, კატეგორიულად არ იზიარებს ოპოზიციურ პარტიათა პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ მოქმედი კანონი, ძირითადად, სახელისუფლებო ძალების გამარჯვებაზეა ორიენტირებული. თავის მხრივ, ოპოზიციასთან შეხვედრებზე დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებისთვის დემოკრატიაზე ტესტი იქნება. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, რესპუბლიკელ ივლიანე ხაინდრავას შეფასებით, ეს სწორედაც რომ დიპლომატიური პასუხია:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა]“ რა თქმა უნდა, ხელისუფლება იღებს გზავნილებს დიპლომატიური კორპუსიდან და მათ უკან მდგომი სამთავრობო წრეებიდან იმის თაობაზე, რომ საჭიროა ოპოზიციასთან ურთიერთობის ნორმალიზება და სამართლიან მოთხოვნებზე ადეკვატური პასუხის გაცემა. მაგრამ ხელისუფლება იმდენად ახალგაზრდაა, რომ ის გამუდმებით იმყოფება თვითდამკვიდრების პროცესში და, როგორც ძალიან ახალგაზრდა ადამიანს, ჭაბუკს, ასე ვთქვათ, სჩვევია სიჯიუტე მაშინაც კი, როდესაც ეს სიჯიუტე პოლიტიკურად გამართლებული არ არის.“(სტილი დაცულია)

პოლიტიკური სიჯიუტე თავს იჩენს ოპოზიციის რიგებშიც, თანაც არც ისე ახალგაზრდა პოლიტიკოსის მხრიდან. პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი პოლიტიკური ბლოკის შექმნის პრაქტიკულად ერთადერთი მოწინააღმდეგე, 9 ივნისს პარტიის თავმჯდომარისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, დეპუტატ გია თორთლაძის, თანამდებობიდან გადადგომის ფაქტის წინაშე დადგა. დეპუტატმა თავისი გადაწყვეტილება იმ კონფრონტაციას დაუკავშირა, რომელიც „საქართველოს გზასა“ და სხვა ოპიციურ პარტიებს შორის არსებობს:

[გია თორთლაძის ხმა]“ მე დღემდე მიმაჩნდა, რომ ჩვენი პარტია გახლდათ ოპოზიციური პარტია. ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის და, საერთოდ, ვფიქრობ, მე დღეიდან ვერანაირ მონაწილეობას ამ კონფრონტაციაში ვერ მივიღებ ვერც ერთ მხარეს - ვერც ქალბატონ სალომეს წინააღმდეგ, ვერც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ.“

გია თორთლაძე, შეიძლება ითქვას, გარკვეულ ნეიტრალიტეტს არჩევს, თუმცა იმას, თუ საით იხრება მისი სიმპათიები, ფაქტები ამჟღავნებენ: იგი გადის პარტია „საქართველოს გზის“ რიგებიდან, მაგრამ რჩება საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრად.



XS
SM
MD
LG