Accessibility links

logo-print

“დიდი რვიანის” შეხვედრამდე კრემლი დასავლეთისთვის მისაღები ენით ალაპარაკებას ცდილობს


კრემლი, ისტორიულად, თავს დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტად მიიჩნევდა. ახლახან კი მოსკოვმა დასავლური ფირმა დაიქირავა, რომელიც კრემლს საზოგადოებასთან

ურთიერთობაში უნდა დაეხმაროს. ამით კრემლი ივლისში დაგეგმილი “დიდი რვიანის” შეხვედრის მასპინძლობისთვის ემზადება. რუსეთი, მოგეხსენებათ, “დიდი რვიანის” მორიგე პრეზიდენტია და კრემლი აცხადებს, რომ სამიტამდე დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ამ საქმეში მოსკოვი ამერიკულ ”PR” სააგენტო ”კეტჩუმზე” ამყარებს იმედს.

როდესაც გასულ თვეში რუსეთმა ჰომოსექსუალებს მოსკოვში მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვა აუკრძალა, ამან დასავლეთში ბევრი გააკვირვა.

[ჰომოფობების ხმები]

მაგრამ როდესაც რელიგიურმა და ნაციონალისტმა აქტივისტებმა იმ რამდენიმე ჰომოსექსუალს, რომელიც, აკრძალვის მიუხედავად, ქუჩაში მაინც გავიდა, ტელეკამერების წინ სცემეს, დასავლელი დამკვირვებლები უკვე შოკში ჩავარდნენ.

თუმცა დასავლეთისთვის ეს მხოლოდ ერთ-ერთი არამართებული ნაბიჯი იყო, რომელიც რუსეთმა “დიდი რვიანის” მორიგე პრეზიდენტად გახდომის შემდეგ გადადგა.

რუსეთის პრეზიდენტობის ვადას თავიდანვე სკანდალები ახლდა თან.

ერთ-ერთი სკანდალის საფუძველი იყო მიმდინარე წლის პირველ იანვარს მოსკოვის მხრიდან უკრაინისთვის გაზის გადაკეტვა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ გაზის საფასურის ირგვლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამან რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის, რეპუტაცია დასავლეთში საგრძნობლად შელახა.

თუმცა, ბევრი ექსპერტის აზრით, რუსეთს უკრაინისთვის გაზის საფასურის გაზრდის უფლება ჰქონდა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ კრემლმა საკუთარი პოზიცია მისაღები ფორმით ვერ გამოხატა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნის მოადგილე დმიტრი პესკოვი ფიქრობს, რომ რუსეთს დასავლეთთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს:

[პესკოვის ხმა] ”ვფიქრობ, “გაზპრომსა” და უკრაინას შორის შექმნილმა კონფლიქტმა ყველაზე მკაფიოდ გამოაჩინა, რომ ჩვენი ყოველთვის კარგად არ ესმით. “გაზპრომს” გაზის მიწოდება დასავლელი მომხმარებლისთვის არ შეუწყვეტია. დავა კონკრეტულად უკრაინასთან წარმოებდა. თუმცა ბევრი ანალიტიკოსი ამის დანახვაზე უარს ამბობდა და რუსეთს გაზისა და ბუნებრივი რესურსების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში ადანაშაულებდა. არადა, ეს მხოლოდ ბიზნესის საკითხი იყო.”

პესკოვის თქმით, შესაძლოა, საქმე ასე რთულად არ ყოფილიყო, იმ დროს რომ რუსეთს დასავლური პიარკომპანია ჰყოლოდა მრჩევლად. ახლა კი კრემლმა ეს დანაკლისი შეივსო. უკრაინასთან შექმნილი კრიზისის შემდეგ მოსკოვმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ფირმასთან, ”კეტჩუმთან”, მილიონობით დოლარად შეფასებული კონტრაქტი გააფორმა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიებით რუსეთი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. 2001 წელს მედიის მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ლესინმა განაცხადა, რომ რუსეთს უცხოეთში იმიჯის გაუმჯობესება სჭირდებოდა - წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი, მისი თქმით, რუსების ”დათვებად” აღქმას მუდამ გააგრძელებდა.
მას შემდეგ რუსეთის იმიჯის გაუმჯობესების საკითხს კრემლმა არაერთი კონფერენცია მიუძღვნა.

2005 წლის დეკემბერში რუსეთმა შექმნა ინგლისურენოვანი სახელმწიფო ტელეარხი ”რუსეთი დღეს”, რომელიც უცხოელი აუდიტორიისთვის რუსეთის დადებითი სახის წარმოჩენას ემსახურება.

[ტელევიზიის ჯინგლი]

ამ ტელეარხს ბევრი აკრიტიკებს და მას კრემლის პროპაგანდის იარაღად მიიჩნევს. მაგრამ ”კეტჩუმთან” თანამშრომლობის პერსპექტივას რუსეთში უკეთესი რეაქცია მოჰყვა.

მოსკოვის მედიის კანონისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ანდრეი რიხტერი მიიჩნევს, რომ კრემლის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს პიარის დასავლელ ფირმასთან, კონსტრუქციულია და ეს რუსეთს “დიდი რვიანის” მორიგე პრეზიდენტის რანგშიც წაადგება:

[რიხტერის ხმა] ”ვფიქრობ, დაეხმარება. სხვანაირად ეს ფირმები არც იარსებებდნენ. საქმე, მე მგონი, არც ისე ცუდადაა და ნებისმიერი დახმარება, რომელსაც ამგვარი ფირმა გაგვიწევს, რუსეთის იმიჯს წაადგება.”

რადიო “თავისუფლება” ”კეტჩუმსაც” დაუკავშირდა, თუმცა პიარის ფირმის წარმომადგენლებმა არ ისურვეს კრემლთან თანამშრომლობაზე საუბარი. ”კეტჩუმის” კლიენტებს შორის კოდაკის ფირმა და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია. წარსულში ამერიკული ფირმის წარმომადგენლებს ნათქვამი აქვთ, რომ რუსეთთან, როგორც “დიდი რვიანის” პრეზიდენტთან, თანამშრომლობისას სამი ასპექტის წინ წამოწევას გეგმავენ - ესენია განათლების, ჯანდაცვის და, რასაკვირველია, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები.

რუსეთის წარმომადგენლებს ღიად აქვთ ნათქვამი, რომ “დიდი რვიანის” პრეზიდენტის პოსტს ქვეყანა ენერგეტიკის ერთ-ერთი უდიდესი გლობალური მიმწოდებლის სტატუსის მისაღწევად გამოიყენებს. კრემლს სურს, რომ ”კეტჩუმი” ამ მიზნის მიღწევისას დასავლეთთან ურთიერთობაში დაეხმაროს.

კრემლისა და ”კეტჩუმის” თანამშრომლობას კრიტიკულადაც აფასებენ. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ”პოტიომკინის სოფლების” თემის გაგრძელებაა - სურვილი, გარე სამყაროს ეჩვენოს მეგობრული, ღიმილიანი სახით, რომლის მიღმა რთული და პრობლემური რეალობა დგას.
XS
SM
MD
LG