Accessibility links

რა მდგომარეობაა საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებით


9 ივნისს ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა საფინანსო ხელშეკრულებას ”ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების შესახებ”.

ხელშეკრულების მიხედვით, მსოფლიო ბანკი საქართველოს 7 მილიონ დოლარს გამოუყოფს, საიდანაც ნახევარს გრანტის სახე ექნება, ნახევარს კი - კრედიტისა. ამავე პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილ საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველო, ტექნიკური დახმარების სახით, დამატებით კიდევ 1,4 მილიონ დოლარს მიიღებს. რა მდგომარეობაა საქართველოში ფრინველის გრიპთან დაკავშირებით და რა განწყობა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს?

დაძაბულობა აშკარად შემცირდა, ფრინველის გრიპი საქართველოში ბევრი ადამიანისთვის ყოველწამიერ საფიქრალს უკვე აღარ წარმოადგენს, თუმცა პრობლემისადმი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, კვლავაც არაერთგვაროვანია. შეკითხვაზე - ჩაიარა თუ არა ფრინველის გრიპის საფრთხემ, ჩემი რესპონდენტების აზრი ორად იყოფა:

(მამაკაცის და ქალის ხმები) ”არა მგონია. მიჩქმალეს.../ ვფიქრობ, რომ ჩაიარა... (კორესპონდენტი: კვერცხს და ფრინველის ხორცს თუ მიირთმევთ?) ჯერჯერობით თავს ვიკავებ, კარგა ხანია, იმის მერე, რაც გამოქვეყნდა, რომ გავრცელებულია./ კი, მივირთმევთ. სხვათა შორის, მაშინაც მივირთმევდით...”. (სტილი დაცულია)

სურსათის მაღაზიის მფლობელების ინფორმაციით, კვერცხისა და ქათმის მყიდველთა რიცხვი ბოლო ერთი თვის მანძილზე აშკარად გაიზარდა, თუმცა ეს მათი კმაყოფილების საფუძველს ვერ ქმნის. მაია კალანდაძე კვერცხის მაგალითზე მსჯელობს და ერთგვარ შედარებას აკეთებს:

(სურსათის მაღაზიის დირექტორი) ”არა. შარშანდელთან შედარებით, შემცირებულია ძალიან. თუ ვყიდიდი წინა წელს ერთ კვირაში სამ ყუთს, ახლა შეიძლება ერთი გავყიდო.” (სტილი დაცულია)

ფრინველის გრიპი არსად წასულა და, ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილე არასოდეს უნდა დავივიწყოთ, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. თუმცა პაატა იმნაძე იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობას შეშფოთების არანაირი საფუძველი არა აქვს:

(პაატა იმნაძის ხმა) ”ჩვენთან სიტუაცია, საბედნიეროდ, მშვიდია. აი, იმ საცოდავი გედის გარდა, რომელიც ადლიაში იყო აღმოჩენილი და ჰქონდა ეს ვირუსი, შინაურ ფრინველებში საერთოდ არავითარი გართულება, საბედნიეროდ, არ გვქონია. ქვეყანაში არ დაფიქსირებულა სხვა არც ერთი შემთხვევა, გარეულ ფრინველებშიც კი. რომელიმე გარეულ გედს ან გარეულ იხვს, იგივე - ჩვენთანაც, შეიძლება ახლაც ჰქონდეს ეს ვირუსი, მაგრამ, ნუ, მე მგონი, ყველა გაფრთხილებულია უკვე საქართველოში, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ ამ გარეულ იხვებთან, გედებთან და ბატებთან, რომლებიც მტარებლები შეიძლება იყვნენ ამ ვირუსის.” (სტილი დაცულია)

პაატა იმნაძეს იმედი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული და რომ აქ ძნელად არის წარმოსადგენი ისეთი შემთხვევები, რომლებმაც მეზობელ აზერბაიჯანში 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა:

(პაატა იმნაძის ხმა) ”აქ იყო ელემენტარული წესების დარღვევა: ბიძამ ერთ-ერთი ოჯახისა იპოვა და მიიტანა დახოცილი გედები და იქ ნათესაობა იყო - ახალგაზრდა გოგონები, ბავშვები, რომლებიც პუტავდნენ ამ გედებს, რომ გაეკეთებინათ ბალიშები და ამ გზით დაავადდნენ. ნუ, გასაგებია, ამაზე უფრო ახლო კონტაქტი ავადმყოფ დახოცილ ფრინველთან წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე... მეორე შემთხვევა ასეთი იყო: მამამ, რომელიც მეცხვარე იყო, იპოვა მკვდარი (თუ მომაკვდავი) გედი, მიიტანა სახლში ბავშვებთან, რომ საკვებად გამოეყენებინათ. ამ ბავშვებმა გაპუტეს, დაამუშავეს და ასე გახდნენ ესენი ავად.” (სტილი დაცულია)

როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოს შეუძლია მშვიდად იყოს შემოდგომამდე, ანუ მანამდე, ვიდრე გადაფრენის სეზონი დადგება და ფრინველის გრიპის საფრთხე უფრო მწვავედ იჩენს თავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ურჩევს ყველას, რომ ზაფხულის დასვენება მშვიდად შეირგონ, მათ შორის - ზღვაზეც:

(პაატა იმნაძის ხმა) ”არავითარი პრაქტიკული შანსი ამისა არ არსებობს, რომ ზღვიდან ვინმე ავად გახდეს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც მილიონობით ფრინველი დაიღუპა ამ ვირუსით და არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი მსგავსი, ეგეთი რამე არ მომხდარა იქაც კი. თუ, ახლა, სადმე პატარა ტბა არის და ნახეთ, რომ ძალიან ბევრი გარეული ფრინველია და მით უმეტეს - დახოცილი, ნუ, იქ ისედაც არ უნდა იბანაოს ადამიანმა.” (სტილი დაცულია)

აი, რა მოხდება შემოდგომაზე, ეს კი ჯერ არავინ იცის. პანდემიის საფრთხეს ექსპერტები სწორედ შემოდგომაზე მოელიან. ”პანდემიითვის მზადყოფნასა” და ”მასზე რეაგირებას” უნდა მოხმარდეს დიდი ნაწილი იმ 7 მილიონი დოლარისა, რომელსაც საქართველოს მსოფლიო ბანკი გამოუყოფს.


XS
SM
MD
LG