Accessibility links

logo-print

უახლოესი ერთი თვე დიდი ფეხბურთის ტყვეობაში - 9 ივნისიდან გერმანია მსოფლიოს მე-18 ჩემპიონატს მასპინძლობს


2006 წლის 9 ივნისი - როგორც იქნა, დადგა ის დღე, რომელსაც ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარი 4 წლის განმავლობაში სულმოუთქმელად ელოდა.

მიუნხენის „ალიანს არენაზე“ გერმანიისა და კოსტა რიკის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება მსოფლიოს მე-18 ჩემპიონატი, რომელშიც ფიფას - ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის - თასისათვის ერთმანეთს 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრებები შეეჯიბრებიან. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ფინალისტთა შორის არ იმყოფებიან ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც შესარჩევ ჯგუფში ჩარჩნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები მაინც მსოფლიო ჩემპიონატის რიტმში იცხოვრებენ.

ქართველი გუშემატკივრები ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ნისლიან ალბიონზე ლამის ორი საუკუნის წინ შობილი ფეხბურთი, უბრალოდ, სპორტული თამაში არ არის. ფეხბურთს ადარებენ პოეზიას, ფეხბურთელებს - ჯადოქრებს, გამოჩენილ მწვრთნელებს კი - სტრატეგიული ნიჭით დაჯოლდოებულ მხედართმთავრებს. იშვიათია ქვეყანა, სადაც არ თამაშობენ ან არ ეთაყვანებიან ფეხბურთს. ცხადია, ამ კუთხით გამონაკლისი არც საქართველოა.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „ძვირფასო მეგობრებო, სიწყნარე დარბაზში. იწყება მსოფლიო ჩემპიონატი და ხმაური მხოლოდ ტელევიზორების წინ იყოს. ახლა შეწყდეს ხმაური.“

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი არ მალავს, რომ ფეხბურთის ყურებისას ემოციების შეკავება თავადაც უჭირს. მაჭავარიან, სხვა დეპუტატების მსგავსად, სულმოუთქმელად ელოდა ჩემპიონატის დაწყებას. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არგენტინის ეროვნული ნაკრების სტაჟიანი გულშემატკივარი აღმოჩნდა:

[გიგა ბოკერიას ხმა] „მე არგენტინას ვგულშემატკივრობ, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები არ თამაშობს. მიყვარს თამაშების თანამოაზრეებთან ერთად, საკმაოდ ვიწრო წრეში, ყურება. გამონაკლისს ვაკეთებ იშვიათად, მაგრამ გამოცდილება მიჩვენებს, რომ როცა განსხვავებული წარმოდგენებისა და პოზიციების მქონე ადამიანებთან ერთად ვუყურებ, ეს ცუდად მოქმედებს ჩემზე.“

ასევე თანამოაზრეებთან ერთად ამჯობინებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ცქერას ლევან ბერძენიშვილი, რომელიც სულ სხვა ქვეყნის - ბრაზილიის - ნაკრებს გულშემატკივრობს, თუმცა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი სხვა ნაკრებების შესაძლებლობებსაც ჯეროვნად აფასებს.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] „ბრწყინვალე გუნდია ბრაზილიის. შესანიშნავი ნაკრები ჰყავს ინგლისს. საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს იტალიას, თუმცა შეეძლო უფრო ძლიერი ჰყოლოდა. კარგი გუნდი ჰყავს საფრანგეთს. ჰყავს ვარსკვლავები: ზიდანი, ანრი... საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავს ესპანეთს... გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს აფრიკა, რომ აფრიკის კონტინენტის დროც დგება. სულ ცოტა, ერთი სიურპრიზი აფრიკიდან იქნება.“

ლევან ბერძენიშვილი, თამამად შეიძლება იქვას, ფეხბურთის პროფესიონალი გულშემატკივარია; ვლადიმერ გუცაევმა კი თავის დროზე პროფესიონალური ფეხბურთის მწვერვალები დალაშქრა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთში გაიმართა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მაფიოზი მწვრთნელების გამო ვერ მოხვდა. ვლადიმერ გუცაევი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე დიდი და ხალხმრავალი დღესასწაულია:

[ვლადიმერ გუცაევის ხმა] „ძალიან მიხარია. ველოდები 7 საათზე საზეიმო გახსნას. ეს არის მართლა ძალიან დიდი დღესასწაული. მართალი გითხრათ, გულით „ვბალელშიკობ“ ბრაზილიას, იმიტომ რომ ჩემი თამაშის სტილი და ცხოვრების წესიც ბრაზილიურია. თუმცა მეგობრები შევიკრიბეთ და მეორე გუნდად იტალია ავირჩიეთ.“

ვლადიმერ გუცაევს გული სწყდება, რომ გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის. საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხის გამო ასევე წუხს დეპუტატი ვან ბაიბურთი, რომელმაც, ქართველი ფეხბურთელების შემყურემ, ორიგინალური სადღეგრძელოც კი შეთხზა:

[ვან ბაიბურთის ხმა] „იცხოვრეთ იმ დრომდე, ვიდრე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. ამას რომ ვუსურვებ, მეუბნებიან, განა ადამიანი ამდენს ცოცხლობსო?“

ვან ბაიბურთი ამბობს, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ბრაზილიის ნაკრებს გულშემატკივრობს. მისი თქმით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები ყველაზე ლამაზ და ყველასათვის გასაგებ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა საკითხავია: კმარა კი ყოველივე ეს მორიგი ჩემპიონატის მოსაგებად? ქართველი გულშემატკივრები ამ კითხვაზე პასუხს ზუსტად ერთი თვის თავზე, 9 ივლისს, მიიღებენ, როცა ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ფინალური შეხვედრა გაიმართება.
XS
SM
MD
LG