Accessibility links

კამათის ახალი თემა - ვინ და რატომ დაყო პატიმრები კუთხურობის ნიშნით


მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით ხმაურიანი და ბევრისთვის მოულოდნელი განცხადებები გააკეთა, მას ტენდენციურობაში,

კერძოდ, ნათესავი სვანების დაცვაში დასდეს ბრალი. ამ ბრალდების მთავარი ავტორები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი თეა თუთბერიძე არიან. მიუხედავად იმისა, რომ სოზარ სუბარის განცხადებებს, რომლებიც ორთაჭალის ციხის სისხლიან მოვლენას უკავშირდება, პარლამენტის დეპუტატებს შორის ბევრი არ ეთანხმება, 8 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მაინც გაკეთდა კატეგორიული განცხადებები იმის თაობაზე, რომ ადამიანების (მათ შორის - პატიმრების) კუთხურობის ნიშნით დაყოფა დაუშვებელია:

(მიხეილ მაჭავარიანის ხმა) ”სვანებიც, იმერლებიც, კახელებიც, მეგრელებიც, აჭარლებიც - ყველა ვართ საქართველოს შვილები და არ უნდა მოხდეს გამოყოფა არანაირი მხარის და ადგილის მიხედვით.” (სტილი დაცულია)

ეს მარტივი ჭეშმარიტება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დეპუტატებს 8 ივნისს შეახსენა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დეპუტატმა ადამიანების (მათ შორის - პატიმრების) კუთხურობის ნიშნით დაყოფა გააპროტესტა. სახალხო დამცველის როლში პირველი დავით კირკიტაძე გამოვიდა:

(დავით კირკიტაძის ხმა) ”მე და ჩემს მეგობრებს არ მიგვაჩნია სწორად რომელიმე კუთხის ან რომელიმე კუთხის შვილების გამოყოფა და აღნიშვნა. სოზარ სუბარი თუ აკეთებს ამას ან იცავს ვინმეს, ეს არის მისი უშუალო მოვალეობა. ხოლო იმ კუთხის შვილებს ნამდვილად არ სჭირდებათ სოზარ სუბარის დაცვა.” (სტილი დაცულია)

სვანებს საკუთარი თავის დაცვის პრობლემა რომ არა აქვთ, ეს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის სიტყვებიდანაც შესანიშნავად ჩანს:

(ვიქტორ ჯაფარიძის ხმა) ”ჩვენ ვართ ძირძველი ქართველები და თუ ვინმეს პრობლემა აქვს და ეჭვი ეპარება, მოვიდეს და დამელაპარაკოს ერთი...” (სტილი დაცულია)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში 8 ივნისს გაკეთებული განცხადებები, ძირითადად, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლისკენ იყო მიმართული. საუბარია თეა თუთბერიძეზე, რომელსაც მიაჩნია, რომ სახალხო დამცველი ბოლო დროს ნათესავი სვანების დასაცავად გააქტიურდა:

(თეა თუთბერიძის ხმა) ”არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არც - სვანს, არც - იმერელს და არც - მეგრელს, მაგრამ... მარტო სვანები არ არიან პატიმრები. სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველასთვის.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ სოზარ სუბარი ტენდენციურად აქტიურობს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაიაც აცხადებდა:

(ბაჩო ახალაიას ხმა) ” საჯაროდ მის მიერ გაკეთებული განცხადებები ეხება, ბოლოს რაც ხდება, რამოდენიმე პატიმარს, რომლებთანაც მას აქვს ნათესაური კავშირი.” (სტილი დაცულია)

პატიმარი, რომლის დაცვის გამოც სახალხო დამცველს ტენდენციურობაში ადანაშაულებენ, გვარად ვიბლიანი გახლავთ. ის სვანია. სოზარ სუბარი ადასტურებს, რომ პატიმარი მისი ნათესავია, თუმცა ვერ ხვდება, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნათესაობას მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ:

(სოზარ სუბარის ხმა) ”სვანებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება და ჯანმრთელობის უფლება, ისევე როგორც - ყველას, და არ შეიძლება ადამიანი 5 დღე შარდზე ვერ გადიოდეს და მისი მკურნალობის ერთადერთი დანიშნულება, რასაც ექიმები ეუბნებიან, იყოს, რომ - იცი რა, ბევრ წყალს ნუ დალევ, როცა წამლებს სვამ, თორემ, ნუ, შეიძლება უფრო გეტკინოს და შეიძლება გაგისკდეს ბუშტი... ეს არის წამების კლასიკური შემთხვევა და არ შემიძლია მე ამაზე ხმა არ ამოვიღო, ვინც არ უნდა იყოს იგი.” (სტილი დაცულია)

პატიმარი ვიბლიანი ერთ-ერთია იმ სამ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს შორის, რომლებიც, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ორთაჭალის ციხის ბუნტს გეგმავდნენ და რომელთა შეხვედრაც ფარული კამერით არის გადაღებული. ყოფილი კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ შეხვედრა სწორედ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ორგანიზებული იყო და რომ ის თავად იყო დადგმული სპექტაკლის ნებაყოფლობითი მონაწილე. ის ამბობს, რომ 27 მარტს ორთაჭალის ციხეში, სისხლიანი მოვლენები სპონტანურად მას შემდეგ განვითარდა, რაც ბაჩო ახალაიამ პატიმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალა, რომელზეც პლატონ მამარდაშვილი საუბრობს, საზოგადოებას სახალხო დამცველმა 6 ივნისს წარუდგინა. სოზარ სუბარს მამარდაშვილის ნაამბობში ბევრი რამ დამაფიქრებლად მიაჩნია:

(სოზარ სუბარის ხმა) ”აყენებენ ვიდეოთვალს და ამის შემდეგ, მაინცდამაინც ამ ვიდეოთვალის ქვეშ, დერეფანში ხდება ამ ”სამთა ბჭობა”. ამ სამიდან ერთი არის ზედელაშვილი, რომელსაც მოძრაობა არ შეუძლია და დახმარების გარეშე დერეფანში ვერავინ ვერ გამოიყვანდა და ვიდეოთვალის ქვეშ ვერავინ ვერ დაასკუპებდა. მეორე არის ვიბლიანი, რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იმ სივრცეში და მისი იქ შესვლა წარმოუდგენელია ადმინისტრაციის ნების გარეშე და მესამე არის თვითონ მამარდაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ის ასრულებდა ადმინისტრაციის შეკვეთას. აი, ამ სამი ადამიანის შეკრება იმ ვიდეოთვალის ქვეშ ვერ მოხერხდებოდა ადმინისტრაციის გარეშე. ვინ არის ეს ადმინისტრაცია? - აი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ სოზარ სუბარი მამარდაშვილის დაკითხვას საჩქარო საქმედ მიიჩნევს, პატიმარი პროკურატურას ჯერ არ დაუკითხავს. სახალხო დამცველის აპარატმა საადვოკატო დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა. ასოციაციამ პატიმარს ადვოკატი უკვე მიუჩინა.


XS
SM
MD
LG