Accessibility links

logo-print

საგზაო რუკის საპარლამენტო პრეზენტაცია ერთი დღით გადაიდო


დღეს საქართველოს პარლამენტმა დღის წესრიგიდან ამოიღო და 9 ივნისის სხდომისთვის გადადო ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მომწესრიგებელი სამთავრობო გეგმის განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის პირადი მრჩეველი ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია პლენარულ სხდომას დილიდან წარუდგენს ეგრეთ წოდებულ საგზაო რუკას. ჯერჯერობით არავინ იცის, სხდომა დახურულ რეჟიმში იმუშავებს თუ გეგმის საკვანძო დეტალები ჟურნალისტებისთვისაც გახდება ცნობილი.

ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მომწესრიგებელ სამთავრობო გეგმას დეპუტატები ჯერჯერობით არ იცნობენ. ამ გეგმის მოსმენა არც საპარლამენტო კომიტეტებში გამართულა და არც ფრაქციებში. როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განგვიმარტა, მოქმედი კანონმდებლობა მთავრობას ამ კუთხით პარლამენტთან შეთანხმების პროცედურების გავლას არ ავალდებულებს. ანუ კონფლიქტის მარეგულირებელი გეგმის რეალური ხორცშესხმისათვის აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს როგორც ნდობა, ისე სათანადო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუმცა, ლევან ბეჟაშვილის თქმით, კანონმდებლობასთან ერთად, არის განსაკუთრებული გარემოებებიც:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა]“ კარგია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება საპარლამენტო განხილვებსაც ითხოვს ამ პროექტთან დაკავშირებით, ვინაიდან პარლამენტის წევრები, მოქმედი პოლიტიკური ჯგუფებიც გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს და უკვე ერთიანი სახელისუფლებო გეგმა იქნება მოწონებული როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე პარლამენტში და ერთიანი სახელისუფლებო ხედვით წარდგება ეს სამოქმედო გეგმა - საგზაო რუკა - უკვე აფხაზურ მხარესთან ურთიერთობაში.“(სტილი დაცულია)

საგზაო რუკა აფხაზურ მხარეს ამ ორიოდე კვირის წინ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა გააცნო. რამდენადაც ცნობილია და როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პირველი პირებისთვის ამ გეგმის პუნქტთა უმრავლესობა მიუღებელი აღმოჩნდა. ჯერჯერობით დეტალებზე კონკრეტული საუბარი ჭირს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პრესისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ბურუსი ვერც ხვალინდელი მოსმენის შემდეგ გაიფანტოს. საქართველოს მთავრობაში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე ბევრი პირი ფიქრობს, რომ საგზაო რუკის საპარლამენტო განხილვა დახურული უნდა იყოს. საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამშვიდობო გეგმების დეტალების გასაიდუმლოების მცდელობა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების საქართველოში ამ ცოტა ხნის წინ ვიზიტად მყოფი ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ მხარეებს სერიოზულ, გამართლებულ და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ შეხედულებად ჩაუთვალა. თუ რატომ, ამას თავად მეთიუ ბრაიზა განმარტავს. მანამდე კი შევნიშნავთ, რომ, საგზაო რუკისგან განსხვავებით, სერგეი ბაღაფშის სამშვიდობო გეგმის, ეგრეთ წოდებული მომავლის გასაღების, შესახებ პრაქტიკულად ყველაფერი ცნობილია. კერძოდ, ეს არის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლის თანახმად, საქართველოს მხარემ უნდა აღიაროს წარსული შეცდომები, ბოდიში მოუხადოს აფხაზ ხალხს და უარი თქვას აფხაზეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლაზე. და, რაც მთავარია, დაიწყოს აფხაზეთისა და საქართველოს მშვიდობიანი თანაარსებობის მომავალზე ზრუნვა. ახლა კი მოვუსმინოთ მეთიუ ბრაიზას, რომელიც საქართველოს მთავრობის იმ წევრთა პოზიციას იცავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საგზაო რუკის დეტალების გახმაურება მიზანშეწონილი არ არის:

[მეთიუ ბრაიზას ხმა]“დიახ, მივესალმები ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს საშუალება, მეორე მხარის წინადადებები ფრთხილად, მშვიდად განიხილოს და საერთო ელემენტები გამონახოს. როგორც ყველა მოლაპარაკებისას, დასაწყისში მხარეთა პოზიციები დაშორებულია. სწორედ ამიტომაც არის საჭირო მოლაპარაკებები. შემდეგ ისინი საერთო ელემენტების პოვნას ცდილობენ. საერთო ელემენტების მონახვის პროცესს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია. ძალიან ხშირად ან ერთი, ან მეორე მხარე აქვეყნებდა ხოლმე მეორის იდეებს და ხელაღებით უარყოფდა მათ.“

რა ფორმატში იმუშავებს საქართველოს პარლამენტი ხვალ, ჯერ მხოლოდ ვარაუდების საგანია. მანამდე კი კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ საგზაო რუკის საპარლამენტო პრეზენტაცია რუსეთზე აუგის თქმაზე დაწესებული მორატორიუმის პირობებში იმართება.თავის მხრივ, სწორედ მორატორიუმი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმის საპარლამენტო განხილვის ფორმასა და ხასიათს. ნინო ბურჯანაძეს მოუსმინეთ:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ ჩვენ თავიდან დაგეგმილი გვქონდა ისეთივე მოსმენა, როგორიც ეს იყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თაობაზე: სამშვიდობოების მიერ მანდატის შესრულებასთან დაკავშირებით, სამშვიდობოების როლისა და ფუნქციის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მოსმენა. მაგრამ ვინაიდან ეს მორატორიუმის ფარგლებში ხდება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბატონ ირაკლის ინფორმაცია მოვისმინოთ სამშვიდობო გეგმებზე, ხოლო ყველა დანარჩენი საუბარი სამშვიდობოებთან დაკავშირებით უკვე გადატანილი იქნეს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ.“(სტილი დაცულია)

დაბოლოს, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ქართულ–აფხაზური კონფლიქტის სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციას არც ისე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს საიმისოდ, რომ ბოიკოტი შეწყვიტოს და სხდომათა დარბაზში საკუთარი ადგილები დაიკავოს.


[


XS
SM
MD
LG