Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საქართველო მიმზიდველი ქვეყანა აფხაზეთისა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის


საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებული აქვს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაბრუნება. საქართველოში ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ამოცანის განხორციელება. ერთნი პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტას ემხრობიან, მეორენი კი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების მთავარ იარაღად საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად ქცევას ასახელებენ. არის თუ არა საქართველო ასეთი ქვეყანა?

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზეთის დაბრუნების შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არაერთი განცხადება გაუკეთებია:

[სააკაშვილის ხმა] ”ჩვენი სახელმწიფოს დანიშნულება არის აფხაზეთის და აფხაზების დაბრუნება.”

სააკაშვილს ისიც არაერთხელ უთქვამს, რომ ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს:

[სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზებთან ომს, მიუხედავად იმისა, რას ეუბნებიან მათ ადგილობრივი პოლიტიკოსები.”

თუ რა მეთოდებით აპირებს საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და აფხაზების დაბრუნებას, ეს იმ სამშვიდობო გეგმაშია ჩამოყალიბებული, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა ახლახან შესთავაზა სოხუმის ხელისუფლებას. არის თუ არა ეს გეგმა აფხაზეთისთვის მიმზიდველი? ამ კითხვებით სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას მივმართე.

[სერგეი შამბას ხმა] ”ჩვენ ვერ ვპოულობთ ამ დოკუმენტში ვერაფერს, რაც ხელს შეუწყობდა მხარეთა შორის ნდობის დამყარებას. ამიტომ ჩვენ შეუძლებლად მივიჩნევთ ამ დოკუმენტის განხილვას.”

შამბას თქმით, აფხაზურმა მხარემ თბილისს კონფლიქტის მოგვარების საკუთარი გეგმა შესთავაზა. გეგმა საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზეა დაფუძნებული. სერგეი შამბას აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე ლაპარაკი, მანამდე კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნდობის აღდგენა:

[სერგეი შამბას ხმა] ”ყველაზე კარგი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფხაზი და ქართველი ხალხის ურთიერთობის აღდგენა, ეს არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. იმიტომ რომ ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, მთელმა მსოფლიომაც რომ წინააღმდეგობა გაგვიწიოს. რაც უფრო მალე აღიარებს ამას საქართველო, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი ნდობის აღდგენა ჩვენს ქვეყნებს შორის.”

სერგეი შამბას საქართველოს ეკონომიკური მიმზიდველობის შესახებაც ვკითხე. აი, რა მიპასუხა მან:

[სერგეი შამბას ხმა] ”აი, ისეთი ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც გვაიძულებს ჩვენი ეკონომიკა საქართველოსკენ შემოვაბრუნოთ, ასეთი ფაქტორები საქართველოში არ არის და, სავარაუდოდ, არც არასოდეს იქნება.”

სერგეი შამბასგან განსხვავებით, აფხაზეთიდან დევნილები თუ საქართველოს სხვა მოქალაქენი ფიქრობენ, რომ აფხაზეთთან ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო და იგი უსათუოდ უნდა დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში:

[მოქალაქეების ხმა] ”აფხაზეთი უნდა განთავისუფლდეს. მე იქ აფხაზეთის მონობის ქვეშ არ დავბრუნდები. - ომით დაკარგული ომით უნდა დაბრუნდეს. - აფხაზეთი არის უძველესი ქართული მიწა და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა ქართველი იცხოვრებს. ზედმეტმა შეთავაზებამ დაგვაკარგვინა აფხაზეთი.”
XS
SM
MD
LG