Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ივნისის გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი


8 ივნისის გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის ვრცელ სტატიას,

სათაურით: ””ქაჯების” ახალი შეტევა”. ციტატა სტატიიდან: ”არც ერთი სკამი - არც მერის, არც სხვა - ჩემთვის არ ღირს იმად, რომ ჩემი პრინციპები დავთმო, რომ თამაშები დავიწყო, რომ მონაწილეობა მივიღო ძალაუფლების განაწილებაში, ხალხი კი, მოტყუებული, კიდევ ერთხელ გვერდზე დარჩეს.” შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილს კოალიციური მთავრობის ფორმირება წარმოუდგენია :” ამიტომაც ვსაუბრობდით კოალიციურ მთავრობაზე და მზად ვართ ყველა ჩავრთოთ საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის საქმეში,” - წერს გაზეთ ”24 საათში” პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.

ყოველდღიური ”რეზონანსის” მოწინავე კი გვაუწყებს, რომ, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ დაშალოს. ეყრდნობა რა ინკოგნიტო სარწმუნო წყაროს ინფორმაციას, გაზეთი “რეზონანსი” წერს: ”ამ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პერზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას აპირებს და ამას საკონსტიტუციო ცვლილების ხარჯზე გააკეთებს. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტი შს სამინისტროს ისევ რამდენიმე უწყებად დაშლას გეგმავს. ამასთან, გაერთიანდება ეკონომიკისა და ენერეგტიკის სამინისტროების და მათ ერთი მინისტრი, სავარაუდოდ, კახა ბენდუქიძე ჩაუდგება სათავეში.” შეგახსენებთ, რომ ეს გახლავთ ციტატა გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან.


”უნივერსიტეტში ორხელისუფლებიანობაა”, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა.” ციტატა სტატიიდან: ” დიდი სამეცნიერო საბჭო სხდომებს ატარებს და გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ცნობს ამ საბჭოს და ამ ყველაფერს იურიდიულ აბსურდს უწოდებს.” ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კიდევ ერთი პუბლიკაცია კი მკითხველს აუწყებს, რომ იგორ გიორგაძის პარტიის დასაფინანსებლად რუსეთიდან დიდი თანხა შემოვიდა. ”რუსეთი დიდძალი ფულით გიორგაძის ხელით ”ბოევიკებს” ყიდულობს. ეს არის პარტია, რომელიც გაჰყვირის, რომ ქვეყნის სათავეში მოვლენ უახლოეს მომავალში. ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გიორგაძეს და მისი პარტიის წევრებს კრიმინალებად არ აღიარებს, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი გიორგაძესთანა ერთად მუშაობენ,” - წერს დღევანდელი გაზეთი ”ახალი თაობა.”


გაზეთ ”ხვალინდელ დღეში” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით კი, პუტინ-სააკაშვილის მოსალოდნელ შეხვედრას უკვე მოაქვს შედეგი. ციტატა პუბლიკაციიდან: ”ორი პრეზიდენტის, საააკაშვილისა და პუტინის, შეხვედრის საკითხი მაშინ გადაწყდა, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზე იყო მისული. პრეზიდენტებმა რაზეც უნდა მოილაპარაკონ, ჯერარგამართულმა შეხვედრამ უკვე მოიტანა შედეგი. ჩამოვარდნილმა სიმშვიდემ ორივე მხარეს მისცა შანსი, დაფიქრდეს და ერთმანეთის პოზიცია გაიზიაროს,” წერს გაზეთი ”ხვალინდელი დღე”.




  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG