Accessibility links

logo-print

სპეცოპერაცია ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე


9 ივნისს, საღამოს, ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში საქართველოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყალბი დოლარებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ალან ბაზაევი დააკავეს.

ოპერაცია ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ტილიანაში, განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციაში 60–მდე კაცი ღებულობდა მონაწილეობას. ოპერაციისას ორმხრივი სროლების შედეგად დაჭრილი ალან ბაზაევი ამჟამად თბილისის ნომერ პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებიდან სასიკვდილო არც ერთი არ არის.

ფრონეს ხეობის ოსური სოფლის, წუნარის, მკვიდრის, 25 წლის ალან ბაზაევის, დაკავებისას ამოღებულია 100 000 ყალბი დოლარი და ცეცხლსასროლი იარაღი. გავრცელებული ინფორმაციით, მას, შესაძლოა, ასევე წაუყენონ ბრალი გატაცებული მანქანების რეალიზებასა და 28 მაისს ფრონეს ხეობაში ქართველი მგზავრებით სავსე მიკროავტობუსზე თავდასხმაში. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პაატა წიქორიძის განმარტებით, ალან ბაზაევის აყვანის ოპერაცია თითქმის ერთი თვის განმავლობაში მზადდებოდა, თუმცა სპეცოპერაციის დროს მისმა ერთმა თანამზრახველმა მიმალვა მაინც მოახერხა. პაატა წიქორიძე ალან ბაზაევს კრიმინალურ სამყაროს მიაკუთვნებს, მის მიერ ჩადენილ დანაშაულთაგან კი აქცენტს ყალბი დოლარებით ვაჭრობაზე აკეთებს:

[პაატა წიქორიძის ხმა]“სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა გამოავლინა დაახლოებით 10 ფაქტი, როდესაც ცხინვალის რეგიონიდან ხდებოდა ყალბი ამერიკული დოლარების შემოტანა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. და აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში დაგეგმილი იყო მილიონი ყალბი დოლარის შემოტანა.“(სტილი დაცულია)

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სპეცოპერაციის შედეგია: ერთი ეჭვმიტანილის დაკავება, 100 000 ყალბი ამერიკული დოლარის ამოღება, ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში ოსური მხარის კონტროლის გამკაცრება და ქართული სოფლების პრაქტიკულად ალყაში მოქცევა. ფრონეს ხეობის გამგებელი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ქართული მოსახლეობა 17 ადგილობრივი პოლიციელის იმედადაა დარჩენილი, დაუცველია და მინდორში, საკუთარ ნაკვეთებში გასვლასაც ვეღარ ბედავს:

[გიორგი კაპანაძის ხმა]“ ფაქტიურად, ჩვენ გზა არა გვაქვს. თუ არ გამოვიარეთ ოსური სოფლები, ვერ გამოვდივართ, ქართულ მხარეს ვერ ვუკავშირდებით. ორი ოსური სოფელი უნდა გამოვიაროთ, რომ გამოვიდეთ ქარელის რაიონზე. დღის პერიოდებში მაინც მოძრაობენ, მაგრამ ღამე უკვე აღარ შეიძლება გადასვლა, შესვლა–გამოსვლა გართულებულია. 17 პოლიციელი, ფაქტიურად, სოფლებს ვერ დაიცავს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაფერი არ იცოდა, ისე მოხდა ეს ოპერაცია. არასასურველი იყო, იმიტომ რომ სიტუაცია იძაბება ხოლმე და არა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მერე ჩვენი თავი დავიცვათ ხოლმე.“(სტილი დაცულია)

როგორც გიორგი კაპანაძე ბრძანებს, ოსების აგრესია შედარებით ჩაცხრა მას შემდეგ, რაც მათ დაკავებული ალან ბაზაევის ცოცხლად გადარჩენის შესახებ შეიტყვეს. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ცხინვალის ხელისუფლება ქართული სპეცნაზის მიერ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოპერაციის ჩატარების გამო აღშფოთებულია. შეფასება ცალსახაა.დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ მინძაევი ქართულ მხარეს პროვოკატორობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ეგრეთ წოდებული სამხრეთი ოსეთი კრიმინალების თავშესაფრად გამოაცხადოს:

[მიხეილ მინძაევის ხმა]“ ეს პროვოკაცია იმ ზონაში განხორციელდა, სადაც ქართულ და ოსურ მოსახლეობას შორის შედარებით კეთილმეზობლური ურთიერთობაა. სწორედ ამის გვეშინოდა. საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი ხელმძღვანელი პირის მიზანი სწორედ ხალხთაშორისი მტრობის გაღვივებაა.“

მიხეილ მინძაევის თქმით, ალან ბაზაევი კრიმინალი არ არის, მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი ვითარება რეგიონში სერიოზულად დაიძაბება. დაკავებულის დამნაშავეობის შესახებ დასკვნას ამჯერად უკვე გამოძიება გამოიტანს. რაც შეეხება სასიკვდილო რისკს, თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ ამგვარი რისკი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
XS
SM
MD
LG