Accessibility links

logo-print

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტისადმი მიერთებას რამდენიმე ქვეყანა აპირებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ერთ თვეში თურქეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედების საზეიმო ცერემონიალს უმასპინძლებს, რომელზეც 16 სახელმწიფოს პირველი პირის დასწრებაა დაგეგმილი.


მანამდე კი თურქულ პორტ ჯეიჰანში პირველი ტანკერი უკვე ჩაიტვირთა კასპიის ნავთობით. ”საუკუნის პროექტის” ამოქმედების საზეიმო ცერემონიალამდე ნავთობსადენს, შესაძლოა, ყაზახეთიც შეუერთდეს. პროექტთან მიერთების სურვილი აქვს ირანსაც. მოკლედ, ”დიდი ნავთობსადენი”, რომელიც თავდაპირველად, ძირითადად, 3 სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის - ცხოველი ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა, არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს და უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინოს, ვიდრე ეს პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე იყო ჩაფიქრებული.

ყაზახეთმა მიმდინარე კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა სურვილი ჩაერთოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში. უკვე ამ თვეში ყაზახეთი აზერბაიჯანთან შეთანხმების გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ალმა ატაში გამართულ მესამე საინვესტიციო სამიტზე განაცხადა.
შეთანხმების მიხედვით, ნავთობსადენით 25 მლნ. ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდება, თუმცა პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ 7,5 მლნ. ტონა ნავთობის ტრანსპორტირება.

თუ ყაზახეთის ჩართვა ნავთობსადენში თითქმის გადაწყვეტილია და ამით პროექტის ყველა მონაწილეა დაინტერესებული, გაცილებით რთული განსახორციელებელი იქნება მეორე პრეტენდენტის, ირანის, იდეა საკუთარი ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირების თაობაზე. ეს ინიციატივა მიმდინარე კვირას ირანის ნავთობის სამინისტროს წარმომადგენელმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე დააფიქსირა.

ირანი, რომელიც ნავთობის მარაგით, საუდის არაბეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა მსოფლიოში, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში უკვე დაზვერვით სამუშაოებს ატარებს და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მისთვის მეტისმეტად მომგებიანი იქნება თავისი ნავთობის ნაწილის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით აწარმოოს. ეს, ბუნებრივია, მომგებიანია თავად ნავთობსადენის ოპერატორი კომპანიებისთვის, ხელსაყრელია მონაწილე სახელმწიფოებისთვის, თუმცა ამ იდეის განხორციელებას ყველაზე მეტად პოლიტიკური მოტივი და აშშ-ირანის კონფლიქტი შეუშლის ხელს. იმისდა მიუხედავად, შეუერთდება თუ არა ირანი ”საუკუნის პროექტს”, ნავთობსადენი, როგორც მსოფლიო სტრატეგიული მნიშვნელობის მაგისტრალი, შეიძლება ითქვას, შედგა.
რაც შეეხება პროექტის მნიშვნელობას საქართველოსათვის, იმის გამო, რომ თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ კაბალურ სატარიფო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სატრანზიტო შემოსავალი არც ისე დიდია. არსებული სატარიფო შეთანხმებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ექსპლუატაციის შედეგად, ორმოცი წლის განმავლობაში საქართველო 2,5 მლრდ. დოლარს მიიღებს. თუმცა, პირდაპირი სატრანზიტო შემოსავლების გარდა, გაცილებით მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური სარგებელი, რაც ”საუკუნის პროექტს” საქართველოსთვის მოაქვს. ნავთობსადენის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ვართ ერთი რეგიონი, ჩვენ ვართ ერთი ეკონომიკა, ჩვენ ვართ ერთი ურთიერთგადახლართული კომპლექსი. რას ნიშნავს საქართველოსთვის ეს ნავთობსადენი? ეკონომიკურად ეს ნიშნავს მეტი ინფრასტრუქტურის შექმნას, ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მაგრამ ამ ნავთობსადენის მნიშვნელობა, პირველ რიგში, არის პოლიტიკური – საქართველოს მნიშვნელობა იზრდება მსოფლიო რუკაზე და ამ რეგიონში. მომავალ წელს ჩვენ მივიღებთ გაზსადენს და გაზსადენის მნიშვნელობა არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან გაზსადენი ასევე ნიშნავს საქართველოს რეალურ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.“

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სატრანზიტო შემოსავალი საქართველოსათვის არც ისე დიდია, თავად ნავთობსადენის მშენებლობის პროცესში ოპერატორმა კომპანია ”ბრითიშ პეტროლიუმმა” უკვე განახირციელა რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. ამასთან, პროექტის წყალობით, დასაქმდა ათასობით საქართველოს მოქალაქე. თუმცა, საყოველთაო აღიარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში მაინც ის პოლიტიკური დივიდენდი იქნება, რომელსაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ამოქმედებით ქვეყანა მიიღებს.
XS
SM
MD
LG