Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი პრესის მიმოხილვას უპირატესად ორ საკითხზე ავაგებთ: ესაა კრიმინალური და პენიტენციალური სისტემის პრობლემები და ერთგვარი სიახლე აფხაზეთი კონფლიქტთან მიმართებით.

გაზეთი ახალი თაობა გასულ კვირაში ირწმუნებოდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ბაჩო ახალაიას პრივილეგირებული პატიმრები ჰყავს. გაზეთი ეყრდნობა სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომელმაც ციხის საავადმყოფოში ნახა პატიმარ ბაჩო ფიცხელანის ადგილსამყოფელი. ციტატა: ”ძლივს მოვახერხეთ ფიცხელანის ოთახში შესვლა. აღმაშფოთებელია, რომ მას ოთახი ჩაკეტილი ჰქონდა. ციხის საავადმყოფოში პალატები იკეტება, მაგრამ პირველად ვნახე, რომ პალატა პატიმარს შიგნიდან ჩაეკეტოს. ეს ნიშნავს, რომ კარს მას გაუღებს, ვისაც უნდა. ფიცხელანს აქვს ფაქტობრივად ოროთახიანი ბინა, სრული კომფორტით. ის აცხადებდა, რომ ტელეფონი არ გააჩნდა. ამ დროს, მეორე ოთახში გაისმა ზარი. გამიჩნდა ეჭვი, რომ ფიცხელანი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. შეუძლებელია, პატიმარს ჰქონდეს ასეთი კომფორტი: მხოლოდ ჯაკუზი აკლია, დანარჩენი - სამეულებით და გამათბობლით დაწყებული, ყველანაირი ტექნიკით დამთავრებული, სრულყოფილად არის აღჭურვილი” (ციტატის დასასრული).

ხელისუფლების ბრძოლას ”კანონიერ ქურდებთან” ერთი შედეგი ისიც მოჰყვა, რომ ვიხილეთ კრიმინალურ იერარქიას, ასე ვთქვათ, ოფიციალურად განრიდებული პირი. პატიმარი პლატონ მამარდაშვილი დღეს ყოფილ კანონიერ ქურდად იწოდება. გაზეთი ”ახალი ვერსია” კანონიერი ქურდის კვარცხლბეკიდან ამ ნებაყოფლობითი გადადგომის მიზეზებს ეძებს. ციტატა: ”დიდია ალბათობა, რომ მამარდაშვილის მხრიდან გვირგვინზე უარის თქმა სხოდკაზე გადაწყდა, რაც, შესაძლოა, კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას, იგივე ტარასას გადარჩენას ემსახურებოდეს.” შეგახსენებთ, ტარიელ ფოცხვერიას 27 მარტს ციხეში ბუნტის ორგანიზება ედება ბრალად, ხოლო მამარდაშვილის ჩვენებათა თანახმად, ბუნტის ორგანიზატორი სასჯელაღსრულების სისტემის ადმინისტრაციაა.

ერთი პუბლიკაცია შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ. ამჯერად, არავითარი პერიფრაზი, მხოლოდ ზუსტ ციტატას მივმართავთ: ”მადამ, პარდონ, თქვენ ჩოგბურთს თამაშობთ იმ მოედანზე, სადაც ჯერ კიდევ ნარდს აგორებენ. მაგრამ საქართველოს გზის ლიდერს სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ ყომარში დუშაში თუ დაუჯდა, მერე ნახეთ აქა ამბავი მერობის კანდიდატზე ქვების სროლისა. სა-ლო-მეეე! პოლიტიკურ შუქნიშანზე წიტელი აგენთოთ, სტოპ! სალომემ თავისი გაჯიქებით პოლიტიკური ხარაკირი ჩაიტარა” - ხვდებით, რომ ეს სიტყვები აღწერს სალომე ზურაბიშვილის პერსპექტივას დანარჩენ ოპოზიციასთან მისი უთანხმოების გამო. შესაძლოა, იმასაც ხვდებით, რომ მათი ავტორი გაზეთ ”ალიას” ჟურნალისტია. სტატიას ჰქვია ”თქვენ თვალთმაქცობთ, მადამ?!”

აფხაზებთან ძლივს განახლებული დიალოგი, შესაძლოა, კვლავ ჩიხში შევიდეს - წერდა გასულ კვირაში გაზეთი ”ხვალინდელი დღე”. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს კანიბალების დემოკრატია უწოდა. სააკაშვილის განცხადებას აფხაზურ პარლამენტში გამოეხმაურნენ და მას აფხაზი ხალხის ღირსების შეურაცხყოფისა და მოლაპარაკების პროცესიდან გამოსვლის მცდელობა უწოდეს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, როცა აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი სახლების დატოვებამ მოუწია და არჩევნები ამის შემდგომ გაიმართა, სხვა შეფასება არ შეიძლება არსებობდეს. აფხაზეთის ფაქტობრივი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა აცახდებს, რომ ქართულმა მხარემ ვერც ახლა გამოიჩინა საჭირო დიპლომატია ან სულაც არ გამოიჩინა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საუკეთესო შანსი გაუშვა ხელიდან”. ამას ვკითხულობთ ხუთშაბათის, 8 ივნისის ”ხვალინდელ დღეში”. შაბათის, 10 ივნისის რეზონანსი კი პირველ გვერდზე ბეჭდავს სათაურს ”გარღვევა აფხაზეთში?” სოხუმის ხელისუფლება ჩერნოგორიისა და კოსოვოს პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას არარ განიხილავს, როგორც პრეცენდენტს აფხაზეთისათვის. ამას აცხადებს ბრიტანეთსა და აშშ-ში მოგზაურობიდან სოხუმში ახლახანს დაბრუნებული დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია. 9 ივნისს კი საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის სპეციალოურმა წარმოამდგენელმა ირაკლი ალასანიამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ქართული გეგმა - ”საგზაო რუკა” წარუდგინა.

ამავე საკითხს ეძღვნება შაბათის გაზეთ 24 საათის პუბლიკაციაც. გაზეთი აქცეყნებს ირაკლი ალასანიას კომენტარსაც, რომელიც აფხაზეთში განტავსებულ სამშვოდობო ძალებს ეხება. ”აშკარაა, რომ სამშვიდობო ოპერაციის არსებული ფორმატი ვერ პასუხობს მანდატით გათვალისიწნებულ უმტავრეს ამოიცანას - დევნილტა ღირსეულ დაბრუნებას. არსებული სამხედრო კონტინგებნტი მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელის ფუნქციას ვერ ასრულებს. სამშვიდობო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე საქართველოს 1283 მოქალაქე მოკლეს, ძირითადად ერთი დანაშაულის გამო - ისინი ქართველები იყვნენ” - აცხადებს ირაკლი ალასანია ”24 საათის” ფურცლებიდან.
XS
SM
MD
LG