Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესა


კვირის მთავარი საერთაშორისო მოვლენა შეიძლებოდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა ყოფილიყო, რომ არა ერაყში "ალ-ყაიდის" ხელმძღვანელის, აბუ მუსაბ ალ-ზარყავის მოკვლა.

ტერორისტული დაჯგუფების მაღალი რანგის პირის სიკვდილის შემდეგ მთავარ საკითხად რჩება ერაყში ამბოხების ბედი ზარყავის გარეშე.

"პრემიერ-მინისტრი ალ-მალიქი თავის მთავრობას ახალი ეპოქის დაწყების უეკთეს სიგნალს ვერ უსურვებდა," წერს გაზეთი "ფაინენშლ ტაიმსი". "თუკი დადგინდება, რომ ალ-ზარყავის პოვნა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ მისი სამალავი გათქვეს, ეს იმედის მომცემი ნიშანი იქნება. ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ წმინდაწყლის ზიზღზე დამყარებული სტრატეგიის მხარდაჭერა შესუსტდა. მაგრამ მხოლოდ ამის იმედად შეუძლებელია მომავლის შენება, თუკი მთავრობა ქმედით ზომებს არ მიიღებს. ალ-მალიქიმ უნდა იზრუნოს ძლიერ და ნეიტრალურ უშიშროების აპარატზე, რომელიც თავისუფალი იქნება ტერორისტების მხრიდან ინფილტრაციისგან. მან შერიგებისკენ მიმართული ინიციატივებით უნდა მოიპოვოს ქვეყანაში ყველა ჯგუფის ნდობა."

როგორც მიუნხენში გამომავალი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" შენიშნავს, ცალკეული პიროვნებების ლიკვიდირება საქმეს ვერ უშველის.
"ცხადია, მალე აღმოჩნდება, რომ ერაყში ძალადობა ზარყავის გარეშეც არსებობს," წერს გერმანული გაზეთი. "რელიგიური კონფლიქტები გრძელდება, ყოველდღიურმა სისასტიკემ მყარად დაიკავა ადგილი საზოგადოებაში, ალ-ყაიდის მეტასტაზები არ ჩაკვდება მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ არის მისი ერთ-ერთი სიმბოლური ფიგურა. ისლამისტური ორგანიზაციის ტერორს მხოლოდ ხელმძღვანელობის წევრები არ ასაზრდოებენ. ტერორი საზრდოობს სისუსტის, დაჩაგრულობის, პატივაყრილობის შეგძრნებიდან. ამ ტერორს მხოლოდ მაშინ მოეღება ბოლო, როცა დრო, საზოგადოება და ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილება ტერორისტთა მესიჯს აბსურდამდე მიიყვანს."

ახლა კი დავუბრუნდეთ ფეხბურთს. გარდა იმისა, რომ ორი დღეა მსოფლიო პრესა ჩემპიონატის პირველი მატჩების გაანალიზებით არის დაკავებული, პრესაში დიდი ადგილი ეთმობა ისეთ თემებსაც, რომლებიც არ არის წმინდად სპორტულია ხასიათისა. მოვუსმინოთ, რას წერდა ჩემპიონატის გახსნის დღეს "ბერლინერ მორგენპოსტი":
"თამაში იწყება. მსოფლიოს მზერა ჩვენსკენ არის მოპყრობილი. ფეხბურთი უკვე დიდი ხანია უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მეორეხარისხოვანი რამ. იგი ამავე დროს დიდი ბიზნესია. უკვე გამოთვლილია, რა დამატებით მოგებას მოუტანს მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ეკონომიკას, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და კონიუნქტურის განვითარებისთვის საჭირო რა იმპულსები გამოთავისუფლდება. მაგრამ აქაც ძალაშია საყოველთაო ჭეშმარიტება: ყოველგვარი თეორია ნაცრისფერია. მოდით, ვიზეიმოთ ეს რამდენიმე ფერადი კვირა, როგორც ნაცრისფერი ყოველდღიურობის სასიამოვნო პაუზა."

ხოლო "ნიურნბერგერ ნახრიხტენი" გულშემატკივრებს ეიფორიის დაცხრობისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ ფეხბურთი პირველ რიგში ფეხბურთია და არ ღირს მასთან ქვეყნის ბედის დაკავშირება.
"შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, თითქოს საქმე ეხება არც მეტი, არც ნაკლები - გერმანიის მომავალს. უმუშევრობა, ეკონომიკის დაღმასვლა, მომავლის შიში: ფეხბურთის ჩემპიონატმა ყოველივე ამას უნდა უშველოს. ესაა ერთგვარი საფეხბურთო სასწაულის, სამარადჟამოდ აბიბინებული გერმანული სათამაშო მინდვრების უცნაური იმედები."
XS
SM
MD
LG