Accessibility links

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები


13 ივნისს სანკტ პეტერბურგში გაიმართება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა.

იგი ემთხვევა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საგრძნობლად გაუარესებას და გარკვეულწილად ვითარების გამოსწორებას ისახავს მიზნად, თუმცა პროგნოზებით თუ ვიმსჯელებთ, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთოებში დიდ გარღვევას არ უნდა ველოდოთ.

ცხადია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისი უარყოფით გავლენას ახდენს რიგით მოქალაქეებზეც. გასულ კვირაში გამოქვეყნდა მაისში ჩატარებული ერთი გამოკითხვის შედეგი, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთის მოსახლეობა მტრულად განწყობილ ქვეყნებს შორის საქართველოს მეორე ადგილზე ასახელებს ლატვიის შემდეგ.

თუმცა, როგორც ჩვენი მოსკოველი კორესპონდენტი, კლერ ბიგი, იტყობინება, რუსების საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც დადებითად არის განწყობილი სამხრეთელი მეზობლის მიმართ მიმართ.

[ქალის ხმა] ეს გახლდათ მოსკოველი მარინა, რომელიც მეგობრებთან ერთად აღნიშნავს დაბადების დღეს მოსკოვის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში.

მათი სუფრა სავსეა ნაირ-ნაირი ქართული კერძით, მუსიკოსები კი პოპულარულ ქართულ სიმღერებს ასრულებენ. ქეიფს აკლია მხოლოდ ერთი რამ - ქართული ღვინო.

[მარინას ხმა] "დაგვაკლდა ქართული ღვინო. დაგვაკლდა ქართული კულტურა. მიყვარს ასეთ რესტორნებში სიარული და რუსეთში ჩამოსული ქართული ჯგუფების სმენა. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და შევითვისეთ ეს ყველაფერი: მოლდავური, ქართული, უკრაინული მუსიკა და კულტურა. ჩვენთვის ეს სამშობლოს ნაწილია."

მაგრამ რუსეთში მოქმედმა ქართულმა რესტორნებმა ბევრი კლიენტი დაკარგეს მას მერე, რაც რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი აიკრძალა.

საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, და ამ აზრს რუსების დიდი ნაწილიც იზიარებს, ღვინო და მინერალური წყალი მოსკოვისთვის თბილისზე ზეწოლის საბაბია მხოლოდ.

ვინ არის დამნაშავე ურთიერთობების მკვეთრად გაუარესებაში? რას ფიქრობენ რუსები ამის შესახებ?

მოუსმინეთ ყველაზე პოპულარული ყოველკვირეული ჟურნალის, "ოგონიოკის" რედაქტორის მოადგილეს, სერგეი აგაფონოვს:

[აგაფონოვის ხმა] "ცხადია, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ერთ-ერთი მხარე ასი პროცენტით დამნაშავეა, მაგრამ, ჩემის აზრით, ყველაფერი ამისთვის რუსეთს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე საქართველოს. ნუ დაგვავიწყდება, რა მოხდა აფხაზეთში და როგორ განვითარდა მოვლენები სამხრეთ ოსეთში. ის, თუ როგორ აგებენ აქ ურთიერთობებს საქართველოსთან, აქ მსხდომთათვისაც უსიამოვნოა. ვინაიდან ასე არ შეიძლება ლაპარაკი მეზობელთან და არ არის საჭირო წვრილმანების გამო მისი პროვოცირება."

აგაფონოვის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს ჯერ კიდევ საკუთარი გავლენის სფეროდ მოიაზრებს.

[აგაფონოვის ხმა] "რუსეთი საკუთარ თავს აღიქვამდა ძალად, რომელიც კავკასიას აკონტროლებდა. ახლა ეს სუსტდება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ობიექტურად აღიარო და თქვა, 'მორჩა, ყველაფერი დავივიწყოთო', საჭიროა გარკვეული ნება და, შესაძლოა, პოლიტიკოსთა სხვა თაობა. ისინი, ვინც ახლა არის ხელისუფლების სათავეში, ძველ სისტემაში აღიზარდნენ. ამიტომ, ბუნებრივია, ჭარბობს იმის სურვილი, რომ კვლავ დაიბრუნონ ეს დაკარგული პოზიციები და არ მიუშვან ვიღაც უცხოები."

რესტორანში, რომელიც ვახსენეთ, მუშაობს 65 წლის გივი, რომელი ათი წელია, რუსეთში ცხოვრობს. ისიც გულდაწყვეტილია რუსეთის მედიაში ატეხილი ანტიქართული აჟიოტაჟით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ისტორიული მეგობრობა ჯერაც ძლიერია.

[გივის ხმა] "ზევით რა ხდება და რატომ, არ მესმის. ზედა ეშელონში, როგორც ჩანს, რაღაც ცვლილებებია. მაგრამ მოსახლეობაში ამას ვერ ვგრძნობ. ხალხში ვუყვარვართ, პატივს გვცემენ, მოდიან და ქართულ სიმღერებს უსმენენ. ვურთიერთობთ, ერთმანეთს ვეხვევით, ვკოცნით, ერთმანეთი გვიყვარს."

გივის იმედი აქვს, რომ პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრა ერთგვარ პოლიტიკურ ზავს ან, უარეს შემთხვევაში, ქართულ ღვინოზე ემბარგოს მაინც მოიტანს.

გივის ძალიან ენატრება ქართული ღვინო. მაგრამ ღიმილით დასძენს, საქმე უარესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მადლობა ღმერთს, ქართული მუსიკა ჯერჯერობით არ აუკრძალავთო.
XS
SM
MD
LG