Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს საზოგადოებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამოქმედო გეგმა


სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამოქმედო გეგმა საქართველოში ევროკომისიის ეგიდით და იუსტიციის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით იქნა შემუშავებული.

გეგმაზე მუშაობა დასრულებულია და მისი საჯარო განხილვაც, შეიძლება ითქვას, დაწყებულია. 12 ივნისს თბილისში სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია შედგა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ და სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის განხორციელების დაგეგმვაში დახმარების პროექტის ხელმძღვანელმა პეტერ კოლფერციმ ”ქორთიარდ მარიოტში” შეკრებილ საზოგადოებას აუხსნეს, რას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის რამდენიმეწლიანი გეგმა, რომლის საერთო ღირებულებაც 290 მილიონ ლარს აღემატება. მინდა ამ, მართლაც, მასშტაბური გეგმის დეტალებზე გესაუბროთ.

სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის სამოქმედო გეგმა 4-5 წელზეა გათვლილი. დადგენილია ზუსტად რა თანხა დასჭირდება მის განხოციელებას - ლარებში ეს თანხა 291 547 920 -ს უტოლდება. პროგრამა, ძირითადად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რა თქმა უნდა, არა ერთბაშად, არამედ წლების მანძილზე, თუმცა საქართველოს მთავრობა დონორებსაც მიმართავს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განხორციელებისთვის გარკვეული ფინანსური დახმარების მისაღებად. რადგან სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია უკვე შედგა, ახლა ის განსახილველად საქართველოს მთავრობას გადაეცემა; მთავრობაში განხილვის პროცედურის ამოწურვის შემდეგ დაიწყება დისკუსია საზოგადოების წარმომადგენლებთან. მას შემდეგ კი, რაც გეგმას პარლამენტი დაამტკიცებს, მის რეალიზებაზე პასუხისმგებლობას რეფორმების განხორციელების სახელმწიფო კომისია აიღებს.

ახლა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს თავად გეგმა, რომელიც, მართლაც რომ, უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს გვთავაზობს არა ერთი და ორი, არამედ, როგორც ჩვენთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ განმარტა, 9 მიმართულებით:

[გია ქავთარაძის ხმა] ”9 მიმართულებით მიდიოდა მუშაობა. ყველგან მნიშვნელოვანი ცვლილებებია. იგივე სასამართლო სისტემა: შემოგვაქვს ნაფიც მსაჯულთა და საპროცესო გარიგების ინსტიტუტი. უფრო კონკრეტდება სახალხო დამცველის ფუნქციები, პროკურატურაზე გადმოდის სასამართლოს კონტროლი, სისხლის სამართლის კოდექსი თავიდან იწერება ... ”(სტილი დაცულია)

გეგმა ითვალისწინებს უფასო სამართლებრივი სამსახურის დაწესებასაც. კიდევ უფრო რომ ჩავეძიოთ, სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის გეგმის მიხედვით, 2009 წლამდე უნდა მოხდეს საქართველოში მოქმედი სასამართლოების შენობების რეკონსტრუქცია, მათი ერთიანი კომპიუტერული ბაზითა და სარეგისტრაციო სისტემით აღჭურვა. სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის დაიგეგმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დამკვიდრება. გათვალისწინებულია სასამართლოს მენეჯმენტის გამარტივებული პრინციპების შემუშავება და ასე შემდეგ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი განმარტავს, თუ რას გულისხმობს, უფრო ფართო მასშტაბით, 4-5 წლიანი რეფორმის გეგმა:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] ”უნდა მოხდეს არა მხოლოდ სასამართლო სისტემის შიდა რეფორმირება, არამედ ყველა იმ სისტემის, რომელიც მასთან კავშირშია - თუნდაც სასჯელაღსრულების სისტემის; ლაპარაკია პროკურატურის რეფორმაზე, პოლიციის რეფორმაზე, იუსტიციის სამინისტროს რეფორმაზე და ასე შემდეგ. თუკი ამ დოკუმენტში ჩადებული მოთხოვნები განხორციელდა, ჩვენ ძალიან კარგ შედეგებს მივიღებთ. ”(სტილი დაცულია)

საგულისხმოა, რომ, გეგმის მიხედვით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა ითვალისწინებს წინასასამართლო გმოძიების ვადის შეკვეცას და აქცენტის სასამართლო განხილვაზე გადატანას, პროკურატურის რეფორმა - პროკურატურის საბჭოს საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციას, პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის შემუშავებას. ლაპარაკია სასჯელთა აღსრულების სისტემის ძირეულ რეფორმაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე. საერთო ჯამში, რეფორმა ასეთ შედეგებზეა გათვლილი: დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია, დამოუკიდებელი, სანდო და ქმედითი სასამართლო, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება. მოწმეთა და მსხვერპლთა დაცვა, პატიმართა პირობების გაუმჯობესება. გეგმა მოწონებულია ევროპელი ექსპერტების მიერ. მთავარია, რამდენად და როგორ განხორციელდება ის.
XS
SM
MD
LG