Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიასთან, შავი ზღვის სანაპიროზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა


შაბათს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიასთან, შავი ზღვის სანაპიროზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მკვდარი დელფინები აღმოაჩინეს. დღეს ანაკლიაში გაემგზავრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს უფროსი ვაჟა გურჩიანი. ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა სამი დელფინი. პირველადი ინფორმაციის თანახმად, დელფინების რაოდენობა გაცილებით დიდი იყო - ათს აღწევდა. ჯერჯერობით მათი სიკვდილის მიზეზებზე ცნობილი არაფერია, გარდა ანაკლიის მცხოვრებთა ვარაუდებისა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ვარაუდით, დელფინების მასობრივი დახოცვა, შესაძლოა, ორი მიზეზით იყოს გამოწვეული – სამხედრო სწავლებებით და ოჩამჩირეში აფხაზური ჯარების მიერ წარმოებული სროლებით, ან ოჩამჩირესთან ზღვაში რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვით. ეს ყველაფერი ვარაუდებია. როგორც ჩვენი რეგიონული კორესპონდენტი ლაშა ბერულავა იტყობინება, აფხაზეთის მედიამ - და არამხოლოდ მან - უგულებელყო ინფორმაცია ოჩამჩირეში სამხედრო წვრთნების მიმდინარეობის შესახებ:

[ბერულავას ხმა]
“როგორც კი ეს ინფორმაცია ქართულმა მასმედიამ გაავრცელა, იმავე საღამოს აფხაზური ტელევიზიით გადაიცა ვრცელი სიუჟეტი, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ოჩამჩირის მიდამოებში ბოლო პერიოდში არანაირი სამხედრო წვრთნები არ ჩატარებულა. ამასვე იმეორებს სოხუმში განთავსებული სამშვიდობო ძალების შტაბის ხელმძღვანელობა და აცხადებს, რომ მათი მიზეზით ზღვაში რადიაციული სითხე არ მოხვედრილა და არც შეიძლება მოხვედრილიყო. აფხაზური ტელევიზიით ისიც განაცხადეს, რომ ასეთი ინფორმაცია შეგნებულად ვრცელდება ქართული მხარის მიერ, რათა აფხაზეთში საკურორტო სეზონი ჩავარდეს.”

ანაკლიაში დღეს ჩასულ გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენლებს სანაპიროზე სამი მკვდარი დელფინი დახვდათ. დანარჩენი დელფინები ადგილობრივმა მოსახლეობამ დამარხა. ბიუროს უფროს ვაჟა გურჩიანს ზუგდიდში დავუკავშირდი. მან განმიცხადა:

[გურჩიანის ხმა]
“ჩვენ დაგვხვდა ასეთი სურათი: სამი ცალი დელფინი იყო და ისინი იყო უკვე ხრწნადი. დაახლოებით ოთხი-ხუთი დღის წინანდელი გამორიყული. როგორც მოსახლეობა გვეუბნება, ეს მოაქვს დინებას აფხაზეთის ტერიტორიიდან. ადრეც ჰქონდათ ესეთი ფაქტი, რომ თვითონ რომ შედიან კატერებით, ამ დროს ხედავენ, დელფინი როგორ მოაქვს ზღვის დინებას და გამორიყა ანაკლიის ტერიტორიაზე.”(სტილი დაცულია)

იმ მომენტისთვის, როცა დავუკავშირდი, ბათუმში არსებული შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსი ანა შოთაძე ანაკლიაში გამგზავრებას აპირებდა. სწორედ ეს სამსახური აიღებს როგორც დელფინების, ისე ზღვის წყლის სინჯებს. გარკვეული პასუხი ხვალისთვის უკვე ცნობილი იქნება. დადგინდება ისიც, არის თუ არა ვითარება საგანგაშო. ამ ეტაპზე დელფინების სიკვდილის საფუძვლიანი ვერსია არ არსებობს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG