Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხებით დაინტერესდა საქართველოში მყოფი ევროსაბჭოს დელეგაცია


12 ივნისს საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ელჩების დელეგაცია საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას და ოპოზიციას შეხვდა.

ევროსაბჭოს დელეგაცია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობით, ადგილობრივი არჩევნების კანონმდებლობითა და საკუთრების უფლების საკითხებით დაინტერესდა. ევროსაბჭოს ელჩების დიპლომატიურ კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებენ და განსხვავებულ დასკვნებსაც აკეთებენ.

ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ელჩების დელეგაცია თავდაპირველად დახურულ კარს მიღმა საქართველოს პარლამენტის თავმჯომარეს ნინო ბურჯანაძეს და საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების უფრო გამჭვირვალედ ჩასატარებლად ევროსაბჭოსგან დამკვირვებლების მეტი რაოდენობით გამოგზავნა ითხოვეს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”არატიპიურად ბევრი დამკვირვებელი გვინდა ადგილობრივ არჩევნეზე...”

სანამ ევროსაბჭო დამკვირვებელთა მისიის საკითხს გადაწყვეტს, მანამდე ადგილობრივი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ჯერჯერობით კი კენჭისყრის ზუსტი ვადა უცნობია და სწორედ ეს გააპროტესტა ოპოზიციამ ევროსაბჭოს ელჩებთან შეხვედრისას. დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძის კომენტარი:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”დღეს იციან, რომ ხელისუფლებას არა აქვს მთლად სახარბიელოდ მდგომარეობა...”

ოპოზიციამ ევროსაბჭოს დელეგაციას ის ხარვეზებიც გააცნო, რაც თან ახლავს ახალ საარჩევნო სისტემას და არჩევნების ბოიკოტირებითაც დაიმუქრა, თუ საარჩევნო კანონმდებლობა უცვლელი დარჩება.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ ევროსაბჭოს დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, ამ ორგანიზაციაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა სტივენ ჰოვარდმა, განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების პროგრესი შეინიშნება:

[სტივენ ჰოვარდის ხმა] "საქართველომ განსაცვიფრებელ პროგრესს მიაღწია ძალიან მოკლე დროში. როგორც იცით, რომი ერთ დღეში არ აშენებულა და მოკლე პერიოდში საქართველომ ძალიან, ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია. ჩვენ ამას სიამოვნებით ვაღიარებთ. ახლა ვმსჯელობთ იმაზე, რომ საჭიროა მუშაობის გაგრძელება. ეს ეხება, მაგალითად, იუსტიციისა და სამართალდამცავ სფეროებს. მათშიც შეინიშნება პროგრესი. და ამ ეტაპზე სულ ეს არის, რის თქმაც მინდა.”

საპარლამენტო ოპოზიცია ელჩის მიერ ნათქვამ საქებარ სიტყვებს დიპლომატიურ ეტიკეტს მიაწერს და სულ სხვაგვარად განმარტავს ევროსაბჭოს დელეგაციის განწყობას. ფიქრია ჩიხრაძეს მოვუსმინოთ:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ჩვენთანაც ასე დაიწყეს, რომ რაღაც ძვრები შეინიშნება, რომ, ალბათ, არის წინსვლა, მაგრამ... ხაზი გაუსვეს ამ “მაგრამს” და იყო ძალიან სერიოზული აქცენტით ნათქვამი “მაგრამ” და, აი, მერე დასვეს ის შეკითხვები, რომელზეც მათ სერიოზული ეჭვი აქვთ.”(სტილი დაცულია)

ასეთ საეჭვო საკითხთა შორის კი იყო: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, ადგილობრივი არჩევნების კანონმდებლობა და საკუთრების უფლების დაცვა.
XS
SM
MD
LG