Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო


12 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვალერი გელაშვილის,

საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა. ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი სასამართლოსგან პარლამენტის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმადაც ვალერი გელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ალბათ, გახსოვთ, რომ საქართველოს პარლამენტი აღნიშნული დადგენილების მიღებისას დაეყრდნო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ვალერი გელაშვილი, "პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონის“ დარღვევით, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.


საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 378-ე ნომრით რეგისტრირებული საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 15 საათზე დაიწყო. სხდომა მოსამართლე ბესარიონ ზოიძემ გახსნა:

[ბესარიონ ზოიძის ხმა] „კონსტიტუციური სარჩელი ეხება ვალერი გელაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას...“

სასამართლო პროცესზე ვალერი გელაშვილის ინტერესებს საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუკავა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მარაქველიძე, იცავდნენ. კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს კანონი არ დაურღვევია და რომ ყოფილ დეპუტატს პოლიტიკური ნიშნით სდევნიან:

[კახა კუკავას ხმა] „ვალერი გელაშვილის უფლებამოსილება შეწყვიტა პარლამენტმა რატი სამყურაშვილისა და გიგა ბოკერიას ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე და დაუდგენელია, რომელი საწარმოს ხელმძღვანელობისთვის დასდო ბრალი საქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილს.“

დეპუტატის ამ განცხადების საწინააღმდეგოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი ასახელებს კანონის იმ მუხლს, რომლის საფუძველზეც ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] „აქ არის კონსტიტუციის 53-ე მუხლის დარღვევა, კერძოდ: პარლამენტის წევრი უშუალოდ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. საქმე ის არის, რომ შპს „ევრა“ ბატონ გელაშვილს მართვაში ჰქონდა გადაცემული 2000 წლის 26 სექტემბრიდან 4 წლის ვადით და, შესაბამისად, 2004 წლის 26 სექტემბრიდან იგი უშუალოდ ახორციელებს მართვას.“

ვალერი გელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ კომპანია „ევრას“ მართვაში არ მონაწილეობდა. კახა კუკავას თქმით, პარლამენტმა დადგენილების მიღებისას შეცდომა დაუშვა, რამდენადაც, საბუთების მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია „ევრას“ არა დეპუტატი ვალერი გელაშვილი, არამედ დეპუტატის შვილი, ვალერი გელაშვილი-უმცროსი, მართავდა, თუმცა როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ყოველივე ამას არსებითი მნიშნელობა არა აქვს.

[დავით უსუფაშვილის ხმა] „საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა მასზე პერსონალურად იძიოს შური, ვინაიდან გელაშვილმა, ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, უარი თქვა საკუთრების საჩუქრად გადაცემაზე. ამისათვის გელაშვილი დაისაჯა ჯერ ფიზიკურად (ერთი წლის წინ კინაღამ მოკლეს), შემდეგ კი გადაწყვიტეს დასჯა სხვა თვალსაზრისითაც: ჯერ დააბრალეს სკოლის დაწვა, შემდეგ კი შეუწყვიტეს პარლამენტის წევრობა.“

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტამდე ვალერი გელაშვილს, მართლაც, დააბრალეს ავლაბარში მდებარე სკოლის შენობის გადაწვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა არგუმენტად განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ის განცხადება მოიტანეს, რომლის თანახმადაც, გელაშვილი ლომაიას სკოლის ტერიტორიის დათმობას სთხოვდა. თბილისის მერმა და საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც კი მოითხოვეს, თუმცა, როგორც ვალერი გელაშვილის ნათქვამიდან ირკვევა, ორი თვის განმავლობაში პროკურატურის გამომძიებლები მას ერთხელაც კი არ დაკავშირებიან:

[ვალერი გელაშვილის ხმა] „არა, არაფერი... არავის მოუმართავს და არაფერი უკითხავს.“

მიუხედავად იმისა, რომ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არაა აღძრული, ყოფილი დეპუტატი ლიტვიდან საქართველოში დაბრუნებას არ ჩქარობს. ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება. 12 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლეებმა მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს მოუსმინეს, მომავალ სხომაზე კი ჩვენების მისაცემად მოწმეები დაიბარეს, მათ შორის, მთავარი მოწმეც - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომლის ჩვენების საფუძველზეც პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო.

[ბესარიონ ზოიძის ხმა] „წერილი არის, რომელიც გამოგზავნა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ, რომ მას საშუალება აქვს 15-16 ივნისს გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და მისცეს ჩვენება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.“

მოწმეების გარდა, მომავალ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლეები მოწვეულ სპეციალისტებს - ქართველ და გერმანელ იურისტებსაც მოუსმენენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG