Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი დაძაბულობა გაეროსა და აშშ-ს შორის


გაეროს - მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციისა და აშშ-ის - მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს ურთიერთობაში პერიოდულად დაძაბულობა იჩენს ხოლმე თავს.

ასეთი დაძაბულობა ყველასთვის აშკარა იყო 3 წლის წინ, როცა ვაშინგტონმა ვერ დაიყოლია გაერო ერაყში სამხედრო ინტერვენციის მხარდაჭერაზე. მიმდინარე თვეში კი ურთიერთობა ისევ გამწვავდა, ოღონდ სულ სხვა ტიპის კონფლიქტის გამო.

გასულ კვირაში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარკ მალოკ ბრაუნმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: აშშ შინ გაეროს სასტიკად აკრიტიკებს, უცხოეთში კი დიპლომატიური მიზნებისთვის იყენებსო.

აშშ-ის ადმინისტრაციას არ დაუმალავს უკმაყოფილება, გამოწვეული ამ განცხადებით. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა როგორც აღნიშნა, მიუღებელია, გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასე “გამოარჩიოს” ერთი რომელიმე წევრი ქვეყანა.

[მაკკორმაკის ხმა]
“ძალიან გაგვაწბილა იმ ფაქტმა, რომ გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა ასე გამოარჩია ერთ-ერთი წევრი ქვეყანა ისე, როგორც მან (მალოკ ბრაუნმა) გააკეთა. ეს ძალიან საწყენ, ფაქტობრივად უპრეცედენტო მოვლენად მიგვაჩნია. არა მგონია, ამის მაგალითი წარსულში მოიძებნებოდეს”.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის ამ შეფასების შემდეგ, დავუბრუნდეთ განცხადებას, რომელმაც, როგორც მაკკორმაკმა აღნიშნა, გაწბილება გამოიწვია აშშ-ის ადმინისტრაციაში. ნიუ-იორკში კონფერენციაზე, რომელშიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტები, უმეტესწილად ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, მონაწილეობდნენ, მარკ მალოკ ბრაუნმა თქვა, რომ აშშ არ ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას გაეროს სიძლიერისა და ეფექტიანი მუშაობის ხელშესაწყობად, და რომ აშშ-ს მიდრეკილება აქვს “მაქსიმალისტური პოზიციებისაკენ”, მაშინ როცა ზომიერი კურსის შერჩევა შეუძლია.

უწინარეს ყოვლისა ამ, ბოლო შეფასების გამო (მაქსიმალისტური პოზიციის შესახებ), აშშ-ის რეაქცია მწვავე იყო: მალოკ ბრაუნის გამოსვლას “ანტიამერიკულიც” კი უწოდეს. მაგრამ მალოკ ბრაუნმა უარყო ეს ბრალდება. [მალოკ ბრაუნის ხმა] “არა მგონია, რომ ჩემს გამოსვლას შეიძლება “ანტიამერიკული” ეწოდოს. ის სწორედაც რომ პრო-ამერიკულია და შეიცავს პირველ რიგში მოწოდებას, რომ შეერთებულმა შტატებმა გაეროში უფრო თანმიმდევრულად შეასრულოს ლიდერის როლი”.

მალოკ ბრაუნს მხარში ამოუდგა გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანიც. [ანანის ხმა] “ამ მოხსენების მესიჯი ის იყო, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება გაერო და გაეროს სჭირდება შეერთებული შტატები, და რომ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა.”

მალოკ ბრაუნი, რომლის გამოსვლასაც მთელი ეს მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ბრიტანელია. გაეროს მმართველ წრეებში, ისევე როგორც გაეროს წევრ განვითარებად ქვეყნებში მას პროამერიკული ორიენტაციის მოღვაწედ მიიჩნევენ. აი, რას ამბობს ის თავის გახმაურებულ გამოსვლაზე: [მალოკ ბრაუნის ხმა] “მოხსენება ძალიან გულდასმით იყო მომზადებული. თითოეულ სიტყვაზე ვიმუშავე. ზოგისთვის შესაძლოა ცნობილი იყოს, რომ ჩვეულებრივ, საჯარო გამოსვლისას, არ ვკითხულობ ხოლმე წინასწარ მომზადებულ ტექსტს. მაგრამ ამჯერად ჩავთვალე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო სათქმელი და თან ახლა სათქმელი, რადგან კრიზისში ვართ”.

კრიზისი, მალოკ ბრაუნმა რომ ახსენა, ბიუჯეტს ეხება. გაეროს ბიუჯეტი ბოლოს 2005 წლის დეკემბერში დაამტკიცეს, მაგრამ არა, წესისამებრ, 2 წლით, არამედ სულ 6 თვით, რასაც აშშ მოითხოვდა. ეს 6 თვე ივნისის ბოლოს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG