Accessibility links

logo-print

“წითელი ჯვრის” დელეგაცია გუანტანამოს ციხეს მოინახულებს


ორგანიზაცია “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” აპირებს დელეგაციის გაგზავნას გუანტანამოს ციხეში - კუბაში მდებარე ამერიკულ საპატიმროში,

რომელშიც რამდენიმე დღის წინ სამმა ტუსაღმა თავი მოიკლა. (ამ პატიმრებიდან ორი საუდის არაბეთის მოქალაქე იყო, ერთი კი იემენელი).

პრეს-მდივანმა ანტონელა ნოტარიმ როგორც აღნიშნა, “წითელი ჯვრის” დელეგაცია, რომლის წევრებს შორის ექიმი და არაბული ენის მცოდნეც არიან, არ გამოიძიებს თვითმკვლელობებს. [ანტონელა ნოტარის ხმა] “არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ რეგულარულად ჩავდივართ გუანტანამოში და იქ პატიმრებს ველაპარაკებით. მაგრამ ეს ვიზიტი, რასაკვირველია, დააჩქარა ცნობამ გუანტანამოში სამი პატიმრის თვითმკვლელობის შესახებ”.

პრეს-მდივანმა როგორც აღნიშნა, წითელი ჯვრის დელეგაცია პატიმრებს დაელაპარაკება თვითმკვლელობების - აქვე უნდა ითქვას, გუანტანამოში სიკვდილის პირველი შემთხვევების - შესახებ. [ანტონელა ნოტარის ხმა] “რასაკვირველია, ეს იქნება განხილვის საგანი, თვით პატიმრები მოინდომებენ ამ საკითხზე საუბარს. ვვარაუდობ, (...) რომ თვით პატიმრებისათვის მნიშვნელოვანია ამ ამბავზე ლაპარაკი”.

სამმა პატიმარმა თავი მოიკლა მაშინ, როცა სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა შეერთებული შტატებისადმი მოწოდება, დახუროს ციხე, რომელშიც 460-მდე კაცია დაპატიმრებული “ალ-ყაიდასთან” და “თალიბანთან” კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. ხოლო თვითმკვლელობებმა კიდევ უფრო გაამწვავა გუანტანამოს კრიტიკა: ბევრი ფიქრობს, რომ პატიმრები ციხეში სასოწარკვეთამდე მიიყვანეს.

და აი, ამ კრიტიკის ფონზე, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი, კოლინ გრეფი, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა, ერთი ძალიან საკამათო კომენტარით გამოვიდა ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია BBC-თან ინტერვიუში: მისი თქმით “თვითმკვლელობა იყო კარგი ¨პიარ-აქცია¨ ყურადღების მისაპყრობად”. უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მომდევნო დღესვე, ორშაბათს გაემიჯნა ამ შეფასებას. უწყების პრეს-მდივნის, შონ მაკკორმაკის განცხადება: [შონ მაკკორმაკის ხმა] “მე ნამდვილად არ გავაკეთებდი ასეთ შეფასებას. პრეზიდენტმა ბუშმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირებიც სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ ყოველთვის, როცა ვინმე თავს იკლავს”.

გუანტანამოს ციხის მიმართ ყურადღება, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანი არ განელდება. მიმდინარე თვეში მოელიან აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა წარდგნენ გუანტანამოს პატიმრები სამხედრო ტრიბუნალის წინაშე. ხოლო ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურსულა პლასნიკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გუანტანამოს საკითხსაც წამოჭრის 21-22 ივნისს, როცა ვენას აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა.
XS
SM
MD
LG