Accessibility links

რას ელიან პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრისგან


დღეს, თბილისის დროით საღამოს 8 საათზე, სანკტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყება. ცნობილია,

რომ მოლაპარაკების მთავარი თემა საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგება იქნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები სააკაშვილის და პუტინის შეხვედრაზე განსაკუთრებულ იმედებს არ ამყარებენ. საქართველოში დომინირებს აზრი, რომ რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტა ჯერ არ უნდა, თუმცა, საქართველოში ფიქრობენ რა იმაზეც, თუ რა შემთხვევაში დაინტერესდება რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, არ წავიდეს პრინციპულ დათმობებზე. რას ელიან საქართველოში სანკტ-პეტერბურგის შეხვედრისგან?


საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა და ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს. რუსეთისთვის ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია. ამდენად, ფონდ ”ღია საზოგადოება- საქართველოს ” ხელმძღვანელის დავით დარჩიაშვილის აზრით, თუ საქართველო ნატოს მიმართულებით უფრო თავშეკავებულ პოლიტიკას აირჩევს, რუსეთი, შესაძლოა, მეტი გაგებით მოეკიდოს საქართველოს პირველ ინტერესს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესს. ” საქართველოს ხელისუფლება არც ერთ ამ ინტერესზე არ აპირებს უარის თქმას. აქედან გამომდინარე, რუსეთთან მოლაპარაკება რთული იყო და ასევე რთული იქნება,” - აღნიშავს დავით დარჩიაშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში. სანკტ-პეტერბურგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლას კატეგორიულად გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ”ნატოსკენ კურსი არ შეიცვლება,” - თავდაჯერებით აცხადებენ ისინი, თუმცა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, კერძოდ, ”რესპუბლიკურმა პარტიამ” და, მასთან ერთად, ”კონსერვატიული პარტიის” წარმოამდგენლებმა 13 ივნისს საჭიროდ მიიჩნიეს პრეზიდენტისთვის მოეწოდებინათ, არ წავიდეს რუსეთთან საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო გარიგებაზე:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, მტკიცედ გააგრძელოს ის პოზიცია, რასაც ჰქვია დასავლური ინტეგრაცია და რუსეთთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება. მეორე მხრივ, მას ვეუბნებით, რომ რაიმე მისი პირდაპირი ამბიციებიდან მომავალ გარიგებას რუსეთთან ოპოზიცია მას არ აპატიებს, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ” (სტილი დაცულია)

ეს ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება იყო. რესპუბლიკელებმა და კონსერვატორებმა პრეზიდენტისადმი მიმართვა ერთობლივ დეკლარაციაში ჩამოაყალიბეს.

მიხეილ სააკაშვილმა და ვლადიმირ პუტინმა შეხვედრის თაობაზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრისას მიიღეს. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მოდიოდა, თუმცა საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ დიდი რვიანის შეხვედრის წინ პუტინის და სააკაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით იმართება. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეხვედრაზე განსაკუთრებული იმედები არ დაუმყარებია. მისი წარმომადგენლების განცხადებები რეალურ მოლოდინზე მეტად სურვილებს შეიცავს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სურს, 13 ივნისის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა გამოიყენოს შანსი და მსოფლიოს დაანახვოს, რომ რუსეთს შეუძლია იყოს ცივილიზებული სახელმწიფო:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”რუსეთს და რუსეთის პრეზიდენტს დღეს აქვს უნიკალური შანსი მთელ მსოფლიოს დაანახვოს, რომ ის არის დიდი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია სამართლიანად გადადგას ნაბიჯები პატარა სახელმწიფოს სამართლიანი და კანონიერი ინტერესების ხელშესაწყობად. ”

რაც შეეხება მოლოდინს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე აცხადებს, სანკტ-პეტერბურგის შეხვედრაზე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, არის თუ არა რუსეთი საქართველოს სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორი.
XS
SM
MD
LG