Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მზარდი სამხედრო დანახარჯები მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში ექცევა


საქართველო მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში არამხოლოდ პუტინ-სააკაშვილის შეხვედრის გამო ექცევა. 12 ივნისს გაზეთმა ”ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა მსოფლიოს

მასშტაბით სამხედრო დანახარჯების ახალი მონაცემები. მასში საქართველო მოხსენებულია როგორც ქვეყანა, რომელიც, სამხედრო დანახარჯების ზრდის პროცენტული მაჩვენებლით, პირველ ადგილზე გავიდა. რამდენად შეესაბამება ეს მონაცემები რეალობას და რა მიზეზით იზრდება საქართველოში სამხედრო დანახარჯები?

გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” ეყრდნობა სტოკჰოლმში არსებულ მშვიდობის შემსწავლელ ინსტიტუტს, რომელიც ყოველწლიურად იკვლევს სამხედრო დანახარჯების მაჩვენებელს მსოფლიოს მასშტაბით. 2005 წლის გამოკვლევებში პირველად მოხვდა საქართველო და პირველსავე შემთხვევაში ლიდერი მილიტარისტული ქვეყნების სათავეში მოექცა. სტოკჰოლმის ავტორიტეტული ინსტიტუტის თანახმად, განვლილ წელს საქართველოს ბიუჯეტი 140 პროცენტით გაიზარდა და სამხედრო დანახარჯებმა 146 მილიონ დოლარს მიაღწია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში სამხედრო დანახარჯების ასეთი პროცენტული ზრდა არ დაფიქსირებულა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა კუდავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სამხედრო დანახარჯების ინდექსი ზუსტია:

[მამუკა კუდავას ხმა] ”ამ პრესტიჟული ინსტიტუტის მოხსენება დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რასაც ჩვენ ვგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში. და დაახლოებით 220 მილიონი დოლარი, რაც გვაქვს წელს ბიუჯეტში, არის ის, რაც შარშან იყო.”


სტოკჰოლმის მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, თუკი მსოფლიოში სამხედრო დანახარჯების ზრდას ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი და ახალი ტექნოლოგიები იწვევს, საქართველოს შემთხვევაში სამხედრო ბიუჯეტის ზრდას, შესაძლოა, ორი არგუმენტი ჰქონდეს: ქვეყნის ნატოში გაწევრიანება და თბილისის სურვილი აღადგინოს კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაუმორჩილებელ რეგიონებზე. ექსპერტი სამხედრო საკითხებში კახა კაციტაძე ამბობს, რომ ვიდრე ხელმისაწვდომი არ გახდება ინფორმაცია, თუ რა პროგრამებზე იხარჯება საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი, საერთაშორისო ინსტიტუტებს ყოველთვის ექნებათ ეჭვი, რომ თბილისისთვის პრიორიტეტულია სწორედ სეპარატისტული რეგიონების ინტეგრირება და არა ნატოში გაწევრიანება:

[კახა კაციტაძის ხმა] ”თუკი ინდიკატორები არის მძიმე ტექნიკის შესყიდვაზე, სიტყვაზე, ბიუჯეტის 50 პროცენტი დახარჯული, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი პრიორიტეტულად ორიენტირებულია კონფლიქტების სამხედრო ძალით გადაწყევტაზე.”(სტილი დაცულია)

რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში კი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ დაასახელა სამი ძირითადი პრიორიტეტი, რის გამოც სამხედრო დანახარჯები, წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა:

[მამუკა კუდავას ხმა] ”გაზრდა ხორციელდება სამი პრიორიტეტის მიხედვით, რაც განცხადებული გვაქვს: ნატოში თავსებადობა, ბრძოლისუნარიანობის ამაღლება და სტრუქტურული რეფორმები, თავდაცვისა და უსაფრთხოების რეფორმების კონტექსტში.”

სტოკჰოლმის მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის ყოველწლიური გამოცემის თანახმად, 2005 წელს სამხედრო დანახარჯებმა მსოფლიოში ტრილიონ 12 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ”ცივი ომის” თუ ”გამალებული შეიარაღების” დროინდელ მაჩვენებელს აღემატება. მსოფლიოს სამხედრო დანახარჯების თითქმის ნახევარი, 48 პროცენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის და იგი 460 მილიარდ დოლარს შეადგენს. მომდევნო ადგილებს ინაწილებენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია და ჩინეთი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG