Accessibility links

logo-print

როგორც ჩანს, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის წინ, ქართველი პოლიტიკოსების


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის წინ, ქართველი პოლიტიკოსების მსგავსად, გარკვეული ”მორატორიუმი” საქართველოს მიმართ კრიტიკული

სტატიების ბეჭდვაზე რუსეთის მედიამაც გამოაცხადა. ყოველ შემთხვევაში, სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის წინა დღეებში რუსეთის პრესაში თითებზე ჩამოსათვლელი პუბლიკაცია შეიძლება აღმოაჩინოთ, რომელიც ქართულ თემატიკას ეხება. რას ელის რუსეთის მხარე საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისგან?


სანამ რუსული მხარის მოლოდინზე ვისაუბრებთ, გაუწყებთ, რომ, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, - ამ დილას სანკტ-პეტერბურგში, ”ლენ-ექსპოს” ცენტრალურ შესასვლელთან, - სწორედ აქ ტარდება ეკონომიკური ფორუმი, - ცხელი წყლის მილი გასკდა. დაახლოებით ერთ საათში ავარია ლიკვიდირებული იყო და ქუჩაზე ახალი საფარიც დაიგო.
რაც შეეხება პუტინ-სააკაშვილის შეხვედრის შესაძლო შედეგებს, ინტერნეტგამოცემა ”სტრანა” იუწყება, რომ კრემლი სააკაშვილისგან პოზიტიურ სიგნალს ელის. კერძოდ:


რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, კრემლი ქართული მხარისგან იმგვარ ქმედებებს მოელის, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობას განმუხტავს. ” ამ შეხვედრისგან ჩვენ ველით იმპულსებს იმაში დასარწმუნებლად, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გავლენა სიტუაციაზე არ შესუსტებულა არც ერთ საკითხთან დაკავშირებით - იქნება ეს ჯარების გაყვანა, სასაზღვრო პრობლემები, სპეცსამსახურების თანამშრომლობა თუ აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტები,” - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ამატებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი საუბრისთვის მზად არის. “ეს იქნება საქმიანი შეხვედრა. არავითარი დოკუმენტების ხელმოწერა არ იგეგმება,” - ამბობს ის. ამასთან ერთად, გამორიცხული არ არის, შეხვედრისას განხილული იყოს კონკრეტული საკითხები - მაგალითად, რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვის თემა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით იმართება. ამავე დროს, შეხვედრის მოწყობაში თავისი როლი შეასრულა ვაშინგტონის შეშფოთებამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, იგეგმება პუტინისა და სააკაშვილის კიდევ ერთი შეხვედრა - კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ვლადიმირ პუტინის შემოთავაზება, მონაწილეობა მიიღოს დსთ-ის არაფორმალურ სამიტში, რომელიც ივლისში გაიმართება.


რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის თემას ეხმაურება დღევანდელი ინტერნეტგამოცემა ”პოლიტრუ”, რომლის აზრითაც, პუტინ-სააკაშვილის შეხვედრა საინტერესოა თუნდაც მხოლოდ იმით, რომ ის შედგა - განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოლდავეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა, ხმამაღლა გამოთქმული სურვილის მიუხედავად, პუტინთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. გამოცემა ეთანხმება ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერის სიტყვებს, თუ სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთს გესლის გარეშე დაელაპარაკებიან, ეს უკვე პროგრესი იქნებაო, და განაგრძობს:


ჩვენთვის გასაგებია, რისთვისაც სჭირდება სააკაშვილს ანტირუსული რიტორიკა - ეს მისი ძალაუფლების ერთ-ერთი ინსტრუმენტია შეზღუდული რესურსების პირობებში. ხმამაღალი განცხადებები ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტების უქონლობის კომპენსაციისთვის გამოიყენება და გათვლილია არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე პუბლიკაზეც. ამავე დროს, საინტერესოა, რომ, როცა მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ რუსეთის აუდიტორიას მიმართავს, გაცილებით რბილია და საუბრობს ხალხთა მეგობრობაზე, ქართველების სტუმართმოყვარეობასა და რუსეთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე. ნაკლებად გასაგებია რუსეთის ხისტი განცხადებები საქართველოს მისამართით, ვინაიდან კრემლს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები მრავლად აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავად. და კიდევ ერთი: დღეს რუსეთის ინტერესშია დსთ-ის სივრცეში მშვიდობის შენარჩუნება. ომი რუსეთის ინტერესს ეწინააღმდეგება. ანუ ეკონომიკური სიძლიერის დასაბრუნებლად რუსეთს რამდენიმეწლიანი მშვიდობა ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG