Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შეხვედრა ოპტიმისტური მოლოდინის გარეშე”, “საქართველოს პრეზიდენტს რუს კოლეგასთან შეხვედრის წინ


“შეხვედრა ოპტიმისტური მოლოდინის გარეშე”, “საქართველოს პრეზიდენტს რუს კოლეგასთან შეხვედრის წინ არც ისე სუსტი პოზიციები აქვს, როგორც ეს მოსკოვში მიაჩნიათ”,

- ასეთი სათაურებით ეხმაურება პრესა სააკაშვილ-პუტინის მოსალოდნელ შეხვედრას. თქვენს ყურადღებას რამდენიმე პუბლიკაციაზე შევაჩერებ.

“საქართველოში პოლიტიკოსთა და ექსპერტთა უმრავლესობა ამ შეხვედრისგან მნიშვნელოვან შედეგებს არ მოელის”, - წერს “24 საათი”, თუმცა სხვათა მოსაზრებების გვერდით მოჰყავს პარლამენტის წევრ ლევან ბერძენიშვილის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში იქნებოდა დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი. კერძოდ, ბერძენიშვილი აცხადებს:

“თუ სააკაშვილს ეყოფა ძალა, რათა უთხრას რუსეთის პრეზიდენტს, რომ საქართველო დსთ-ს ტოვებს და საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი დათმობა არ იქნება, მაშინ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები არ იქნება და საქართველოს მოსახლეობა ისეთსავე მწვავე მდგომარეობაში დარჩება, როგორშიც ახლაა.”

“ხვალინდელი დღე” კი წერს: “სააკაშვილ-პუტინის შეხვედრამ სრულიად უმნიშვნელო ან, საერთოდ, ვერანაირი შედეგიც რომ ვერ მოიტანოს, თბილისს კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში დააფიქსიროს, რომ ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად და რუსეთს აძლევს კიდევ ერთ შანსს, კონფლიქტების დარეგულირებაში პოზიტიური როლი ითამაშოს”, - წერს “ხვალინდელი დღის” მიმომხილველი, რომელსაც მიაჩნია, რომ, თუკი კრემლი სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგაც გააკეთებს განცხადებებს რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების “დამოუკიდებლობის” შესაძლო აღიარების შესახებ, თავს მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს და ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში სერიოზულად დადგეს რუსი მშვიდობის დამცველების სხვა ძალით ჩანაცვლების საკითხი.

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის თემას ეხმაურება გაზეთი “ალიაც” და წერს: “თავად ის ფაქტი, რომ თბილისი არ აკეთებს ამ შეხვედრის აფიშირებას, გასაგებს ხდის, რომ თავად კანცელარიაც არაფერს მოელის. და მაშინ ჩნდება ერთადერთი კითხვა: რატომ დაეთანხმა ასეთ შეხვედრას სააკაშვილი? რატომ აპიარებინებს დიდი რვიანის წინ ის პუტინს საკუთარ სამშვიდობო ფუნქციასა და როლს? არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ვაშინგტონმა აიძულა პუტინისთვის ახლა, ამ ფონზე, ჩამოერთმია ხელი”, - წერს “ალია”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG