Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის დონორთა კონფერენცია ბრიუსელში


დღეს ბრიუსელში პირველად გაიმართა დონორთა საერთაშორისო კონფერენცია სამხრეთი ოსეთისთვის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის.

კონფერენციამ, რომელიც ეუთოს ეგიდით გაიმართა, მოსალოდნელზე მეტს - 10 მილიონ ევროს -მოყუარა თავი. ამ თანხამ ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, რაც, სპეციალისტთა აზრით, მნიშნველოვანი ნაბიჯი იქნება სამშვიდობო პროცესის წარმატებისთვის. ამავე დროს ბრიუსელის შეხვედრამ კიდევ ერთხელ ნათელყო სერიოზული უთანხმოება თბილისსა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის.

ათი მილიონი ევრო მცირე თანხაა იმასთან შედარებით, რაც სამხრეთი ოსეთის განადგურებული ეკონომიკის აღდგენას ესაჭიროება.

მიუხედავად ამისა, ამ თანხაზე უფრო მნიშვნელოვანია იმედი, რომ იგი მოხმარდება კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც, თავის მხრივ, მხარეებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ იან დე ჰუხტისთვის, რომელიც ეუთოს მორიგე თავმჯდომარეა, დონორების კონფერენცია მნიშვნელოვანი ეტაპია 13-წლიანი კონფლიქტის საბოლოო მოგვარების გზაზე. კონფერენციის გახსნისას მან ასე მიმართა დამსწრეთ:

[დე ჰუხტის ხმა] "ღრმად მწამს, რომ დღევანდელი შეხვედრა და ფინანსური დახმარება, რომლის მიღებასაც ვიმედოვნებთ გეგმათა პაკეტის განსახორციელებლად, დაგვეხმარება მხარეებს შორის ნდობის აღდგნაში და ხელს შეუწყობს ქართულ-ოსურ ზონაში კონფლიქტის მოგვარებას, რაც სასარგებლო იქნება ხალხისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის."

ფანხა, რომელიც გაიღეს დღეს ეუთოს რიგმა წევრმა ქვეყნებმა, განკუთვნილია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასა და მიმდებარე არეალში ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. კონკრეტული პროექტები ეხება წყლითა და გაზით მომარაგების აღდგენას; სკოლების, ბავშვთა სახლების, საავადმყოფოების, გზების შეკეთებასა და მშენებლობას; სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ეუთო 7,8 მილიონ ევროს გამოყოფს. 3 მილიონ ევროს გამოყოფს რუსეთი ე.წ. "ორმხრივი" პროექტებისთვის.

დე ჰუხტის თქმით, ზემოხსენებული პროექტები წარმოშობს "პოზიტიურ დინამიკას", რაც პოლიტიკურ ლიდერებს საბოლოო დარეგულირებაში შეუწყობს ხელს.

კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

[ნოღაიდელის ხმა] "შერიგების, აღდგენისა და ახალი წამოწყებებისთვის პირობას ვდებ, რომ მე და ჩემი მთავრობა ხელს შევუწყობთ ამ კონფლიქტის მშვიდობიან და სტაბილურად მოგვარებას. ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს ყველას ღირსება, კულტურა და თვიმყოფადობა."

ნოღაიდელი გამოვიდა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის მოწოდებით. მისი თქმით, ამის გარეშე შეუძლებელია რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაცია.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ არ სჯერათ, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით შეეცდება კონფლიქტის მოგვარებას.

რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა დაუფარავად უკუაგდო ნოღაიდელის მოწოდება, რომ ოსებმაც ისარგებლონ საქართვეოლს ეკონომიკური ზრდით. მოროზოვის თქმით, სამხრეთი ოსეთის მომავალი რუსეთაან არის დაკავშირებული.

[მოროზოვის ხმა] "ჩვენ მართლაც მზად ვართ, ვისარგებლოთ კეთილდღეობით, მაგრამ არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობით. ვინაიდან ჩვენ საქართველოსთან არაფერი გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება საერთო."

თუ რამდენად მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შეთანხმება, ეს კიდევ ერთხელ აღნიშნა უდიდესი დონორის, ევროპის კომისიის წარმოამდგენელმა იუგ მინგარელიმ. მისი თქმით, ვერავითარი ეკონომიკური რეაბილიტაცია ვერ შეცვლის სამშვიდობო შეთანხმებას.

[მინგარელის ხმა] "ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის ზონაში ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღდგენა რეგიონის ეკონომიკური აღდგენის წინაპირობაა. მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა გვქონდეს ილუზიები - მხოლოდ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია არ კმარა ეკონომიკის კვლავ ამოქმედებისთვის. ამისათვის საჭიროა ზომები ინვესტროების მისაზიდად, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას წამოიწყებენ და სამუშაო ადგილებს შექმნიან. ინვესტორების მისაზიდად კი აუცილებელია მთელ რეგიონში სტაბილური გარემოს შექმნა."

მინგარელიმ მხარეებს მოუწოდა, ორმაგი ძალისხმევით ეცადონ კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას მშვიდობიანი გზით.
XS
SM
MD
LG