Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა სააკაშვილ-პუტინის შეხვედრას ეხმაურება. დღევანდელი პუბლიკაციებიდან რამდენიმე მონაკვეთს გაგაცნობთ.


რუსეთის პრესა სააკაშვილ-პუტინის შეხვედრას ეხმაურება. დღევანდელი პუბლიკაციებიდან რამდენიმე მონაკვეთს გაგაცნობთ.



“სააკაშვილი რუსეთს ადანაშაულებს” - ასეთი სათაურით ქვეყნდება სტატია გაზეთ “ვზგლიადში”. ავტორი წერს: “პოლიტოლოგები ამ შეხვედრისგან ბევრს არაფერს ელოდნენ – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ძველებურად დაძაბული დარჩა.. რუსეთს არ გაუხსნია თავისი საზღვრები ქართული ღვინისთვის, ყოველ შემთხვევაში, არ აპირებს ამის გაკეთებას იმ მომენტამდე, ვიდრე საქართველო “ამ სფეროში წესრიგს არ დაამყარებს”. სააკაშვილმა კი, თავის მხრივ, არ გაუშვა ხელიდან მომენტი თავისი ქვეყნის “ანექსიის” გამო დაეჩივლა”, - წერს გაზეთ “ვზგლიადის” მიმომხილველი და იქვე ყურადღებას ამახვილებს ერთ დეტალზე: “ორივე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა რთულია. თუმცა იქვე დასძინეს, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, მთავარია არსებობდეს მათი გადაჭრის სურვილი. როგორც აღმოჩნდა, ასეთი სურვილი ორივე ლიდერს აქვს. ოღონდ დაგროვილი პრობლემების გადაჭრა მათ სხვადასხვაგვარად სურთ.”

“მოსკოვმა თბილისს დემოკრატიის გზით სვლა ურჩია”, - წერს ყოველდღიური ელექტრონული გამოცემა “უტრო.რუ”. ავტორი აზუსტებს: “ვლადიმირ პუტინი ყოველთვის იმას ამბობს, რისი თქმაც სურს. როცა მას სჭირდება კონკრეტიკა, კიდეც ლაპარაკობს კონკრეტულად, როცა დიპლომატია მოითხოვს თავაზიანობას, აქაც პუტინი პარტნიორს აძლევს შანსს, ტრადიციული ფრაზების მიღმა მინიშნება დაინახოს. სხვათა შორის, პეტერბურგში შეხვედრაზე (უფრო ზუსტად კი - შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე) გაკეთებული მინიშნება ძალიან პირდაპირი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების გადაჭრა ამ რესპუბლიკების მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს”, - წერს “უტრო.რუს” მიმომხილველი და თავადვე უკეთებს კომენტარს საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას: “საქართველოს ლიდერმა, თავისთავად ცხადია, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებს საქართველოს დაშლას, რადგან ის, თურმე, პატარაა. უცნაური ლოგიკაა... სერბეთსა და ჩერნოგორიასაც უმნიშვნელო ადგილი ეკავათ გეოგრაფიულ რუკაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათი “განქორწინებისთვის”. ამასთან, რაც უფრო მცირეა ქვეყანა, მით უფრო იოლია იქ წესრიგის დამყარება. ეჰ, როგორ სჭირდება პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას წესრიგი”, - ასეთ სინანულს გამოთქვამს “უტრო.რუს” ავტორი.

“ნეზავისიმაია გაზეტა” ყურადღებას ამახვილებს ერთ დეტალზე: “შევნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის კორტეჟი ქალაქისკენ გაემართა ჩქაროსნული ტრასით, რომელიც საგანგებოდ აშენდა “დიდი რვიანის” ივლისის სამიტის მონაწილეებისთვის. ასე რომ, სააკაშვილი აღმოჩნდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ახალი ავტომაგისტრალი გამოსცადა.”

გაზეთი “არგუმენტი ი ფაქტი” რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შესაფასებლად ექსპერტებს მიმართავს. ერთი ექსპერტი პოლიტოლოგი გახლავთ საზოგადოებრივი პალატის წევრი ანდრანიკ მიგრანიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ “თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არავითარი იურიდიული უფლება არ გააჩნია”. გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ივაშოვი კი აცხადებს, რომ სააკაშვილმა გამოიყენა ძველი ილეთი შევარდნაძისა, რომელიც რუსეთის ლანძღვის სიამოვნებაზე უარს არ ამბობდა, მაგრამ, როგორც კი ქვეყნის შიგნით ვითარება დუღილის მდგომარეობას მიაღწევდა, ელცინს ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა”. - ექსპერტთა ასეთ მოსაზრებებს აქვეყნებს დღევანდელი “არგუმენტი ი ფაქტი”.
XS
SM
MD
LG