Accessibility links

logo-print

რატომ იზრდება სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი


სამხედრო სამსახურის გადავადების ღირებულება საქართველოში, შესაძლოა, შეიცვალოს. საქართველოს პარლამენტში შესულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი,

რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურის გადავადება არა 200 ლარი, არამედ 2000 ლარი ეღირება. ახალ საკანონმდებლო ცვლილებას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ, თანხის გაზრდის შემთხვევაში, გამწვევ განყოფილებებში კორუფცია გაიზრდება. მე შევეცადე თავი მომეყარა მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტებისათვის.

პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მიხედვით, რომლის ავტორიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროა, 10-ჯერ იზრდება გაწვევის გადავადებისათვის დადგენილი თანხა და ლიმიტირებული ხდება ამ უფლებით სარგებლობა. ამჯერად წვევამდელს, რომელსაც 2000 ლარი აღმოაჩნდება, გადავადების უფლების გამოყენება ორჯერ შეეძლება. საქართველოს ხელისუფლება კანონის შეცვლას არმიის ხარისხიანი”ადამიანური რესურსით” დაკომპლექტების სურვილით ხსნის, უთხრა რადიო ”თავისუფლებას” პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ რურუამ:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”როცა 200 ლარი იყო გადასახადი, უმრავლესობა ადამიანებისა ახერხებდა თავი დაეღწია სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის და მხოლოდ მცირე სეგმენტი რჩებოდა, საიდანაც ირჩეოდა კონტინგენტი. ახლა იქნება ბევრად უფრო დიდი ბანკი ადამიანებისა, თუ შეიძლება ასე ითქვას, და მათგან შეირჩევა საუკეთესო.”(სტილი დაცულია)

საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს პარლამენტში განსახილველად გასულ კვირას შევიდა, თუმცა პროექტს უკვე გამოუჩნდნენ ოპონენტები. ოპოზიციური დემოკრატიული ფორმატის წარმომადგენელი დეპუტატი კახა კუკავა მოსაკრებლის თანხის გაზრდას უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ვერ გაუგია, თუ რატომ ცდილობს ხელისუფლება გასაწვევი რესურსის გაზრდას, როდესაც არმიაში სულ უფრო მეტად იზრდება დაქირავებული სამხედროების რაოდენობა. გარდა ამისა, კუკავა შიშობს, რომ კანონპროექტის მიღება იმ სოციალური ფენის უკმაყოფილებას გამოიწვევს, ვისაც 200 ლარად შეეძლო კანონიერად აერიდებინა თავიდან რთული სამხედრო სამსახური:

[კახა კუკავას ხმა] ”ამ კანონმა ნაწილობრივ მოხსნა დაძაბულობა, გამოწვეული იმით, რომ ადამიანები, რომელთაც ჯარში წასვლა არ უნდოდათ არა პოლიტიკური მოტივით, არამედ იმის გამო, რომ იქ არის რთული სოციალური მდგომარეობა, არ ითვლებოდნენ დეზერტირებად, იხდიდნენ ამ თანხას და ამით კონფლიქტი ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის მოგვარდა. ახლა კი ის ადამიანები, ვისაც მოსაკრებლის გადახდა არ შეუძლია, გაწვეული იქნებიან ჯარში.”(სტილი დაცულია)

კანონპროექტის მიღებას და გადავადების მოსაკრებელი თანხის გაათმაგებას მხარს არ უჭერს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ დამოუკიდებელი ექსპერტი. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათდამცავი არასამთავრობო ორგანიზაციის - ”სამართალი და თავისუფლების” - იურისტი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ გადავადებისათვის გამოსასყიდი საერთოდ არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც დასავლურ ღირებულებებზეა ორიენტირებული. თადუმაძის თქმით, 2000 ლარამდე გადავადების თანხის გაზრდა ავტომატურად გამოიწვევს კორუფციის გაზრდას გამწვევ განყოფილებებში:

[შალვა თადუმაძის ხმა] ”თუ სამხედრო განყოფილების უფროსები ბედავდნენ და 200 ლარზე ვაჭრობდნენ წვევამდელთან, ახლა საუკეთესო საშუალებაა ივაჭრონ 2000 ლარზე, როდესაც სავაჭრო თანხა გაცილებით მეტია და ეს შეიძლება 1000 ლარიც იყოს.”(სტილი დაცულია)

ოპონენტების ამ შიშს გადაჭარბებულს უწოდებს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა, რომელსაც იმედი აქვს, რომ უმკაცრესი კონტროლი შეამცირებს კორუფციის რისკს გამწვევ განყოფილებებში.

ნიკოლოზ რურუას თქმით, კანონპროექტი გადავადების წესის შეცვლის შესახებ საპარლამენტო კომიტეტში შესაბამის პროცედურებს გადის, რის შემდეგაც ის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება. ცნობისათვის: საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც სამხედრო სამსახურის გადავადების ოფიციალური გადასახადი არსებობს.
XS
SM
MD
LG