Accessibility links

logo-print

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა თეირანის ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელეს


შანჰაიში მიმდინარე ევრაზიული სამიტის კულუარებში გაიმართა რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა. ცხადია, შეხვედრის მთავარი თემა

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წარმოქმნილი კრიზისი იყო. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ვლადიმირ პუტინმა და მაჰმუდ აჰმადინეჟადმა?

ირანის "მეჰრის" საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ორი ლიდერის მოლაპარაკება ერთ საათს გაგრძელდა; ხოლო რუსეთის იტარ-ტასს მოჰყავს ვლადიმირ პუტინის სიტყვები იმის თაობაზე, რომ შეხვედრამ მასზე "უაღრესად დადებითი შთაბეჭდილება" მოახდინა. როგორც პუტინი აღნიშნავს, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მას უთხრა, რომ ირანი მზად არის განაახლოს მოლაპარაკება თავის ბირთვულ პროგრამაზე და საამისოდ მალე საგანგებო გრაფიკსაც წარუდგენს მოლაპარაკების მონაწილეებს.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ჩვენი აზრით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას - მათ შორის ირანსაც - აქვს უფლება, ახორციელებდეს საკუთარ გეგმებს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში და ამ ტექნოლოგიებს საკუთარი განვითარების საკეთილდღეოდ იყენებდეს. ცხადია, ეს ისე უნდა კეთდებოდეს, რომ სრულიად გამორიცხავდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ნებისმიერ შეშფოთებას გაუვრცელებლობის პრობლემატიკის საკითხში."

ვლადიმირ პუტინმა ერთხელ კიდევ შესთავაზა ირანს, შეიქმნას ერთობლივი საწარმო, რომელიც ურანს რუსეთის ტერიტორიაზე გაამდიდრებდა და შემდეგ მას ირანის ტერიტორიაზე მოქმედ ბირთვულ რეაქტორებს მიაწოდებდა. უწინ გამოთქმულ ანალოგიურ წინადადებაზე თეირანის რეაქცია არაერთგვაროვანი იყო - თავიდან იგი მიესალმა მას, შემდეგ კი უარყო. მოსკოვის ამ განახლებულ წინადადებაზე ირანის ლიდერს ჯერ არაფერი უპასუხია. აჰმადინეჟადმა მხოლოდ ის თქვა, რომ ბირთვული ენერგეტიკის საკითხებში თეირანისა და მოსკოვის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. შანჰაის სამიტზე გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა დაგმო "დისკრიმინაციისა და დამცირების პოლიტიკა", რომელიც, მისი თქმით, ხშირად გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობებში.

[მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხმა] "კულტურულ, პოლიტიკურ, და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, გარდა იმისა, რომ რეგიონში დაამყარებს სიმშვიდეს და მშვიდობას, დიდ როლს შეასრულებს მსოფლიოში სტაბილურობის დამყარებაში, და ორგანიზაციის რეგიონულ და გლობალურ მნიშვნელობას გაზრდის. ამავე დროის, ამგვარი თანამშრომლობა დესპოტური ძალების მხრიდან მუქარას, და სხვების საქმეებში ჩარევასაც შეუშლის ხელს."
XS
SM
MD
LG