Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში: "ჩვენი გულისყური მიმართულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისკენ"


ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის სამიტი, რომლის მთავარი თემებია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ევროკავშირში იმიგრაციის საკითხები.

ბრიუსელშივე დღეს გრძელდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი, რომლის მსვლელობაშიც ის საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ესაუბრა ევროკომისიის წევრებს.

"თუ კონსტიტუცია არ იქნება, არ იქნება არც გაფართოება" - ეს კორესპონდენტებში მიჩნეულია ერთგვარ ლოზუნგად ევროკავშირის ამ სამიტისთვის. ჩვენი კორეპსონდენტის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ლიდერები კონსტატირებას გაუკეთებენ ცხად ამბავს, გამოკვეთილს მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია შარშან საფრანგეთსა და ჰოლანდიაში გამართულ რეფერენდუმებზე უარყვეს: რომ ევროკავშირის კონსტიტუციის მიღება რამდენიმე ხნით გადაიდო - როგორც ბრიუსელში ვარაუდობენ, 2009 წლამდე მაინც წარმოუდგენელია. ხოლო კონსტიტუციის მიღებასთან ერთად ყოვნდება ევროკავშირის გაფართოების პროცესი.

გუშინდელ გამოსვლაში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს არ დაუმალავს, რომ ევროკავშირში ბულგარეთის და რუმინეთის მიღების შემდეგ, პაუზა არის მოსალოდნელი. [ბაროზუს ხმა] “ვფიქრობ, რუმინეთი და ბულგარეთი, თუ შეასრულებენ კონკრეტულ მოთხოვნებს, ბოლო ხანს რომ წავუყენეთ, იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან 2007 წლის 1 იანვრიდან. იმედი მაქვს, სამიტი დაადასტურებს ამას, რითაც ძალიან გამამხნევებელ სიგნალს მისცემს მათ. ახლა სხვებს რაც შეეხება: ჩემი აზრით, ინსტიტუციური საკითხის გადაჭრის თუ მთავარი არა ერთ-ერთი გზა, სწორედ შემდეგი გაფართოებაა”.

და ეს გაფართოება, როგორც ბაროზუმ მიუთითა, კონსტიტუციის საკითხის მოგვარებამდე შეჩერდება. ეს ცნობა ყველაზე უსიამოვნო, სავარაუდოდ, დასავლეთ ბალკანეთში მდებარე ქვეყნებისთვის იქნება - ქვეყნების ეს ჯგუფი, რომელშიც ხორვატია დაწინაურდა, უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.

რაც შეეხება საქართველოს: პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, რას ეტყოდა ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს, ევროპის საზღვრებზე, ევროპის კონცეფციაზე რომ მსჯელობენ, რას ეტყოდა მათ სამხრეთ კავკასიის ადგილზე. ნოღაიდელის პასუხი: [ნოღაიდელის ხმა] "ჩვენი მხარე, სამხრეთი კავკასია და საქართველო, დღეს ევროპის კავშირისა და ევროპის უშუალო მეზობელია. იმედი მაქვს, რომ ჩვენს რეგიონზე სამიტის მონაწილეები სწორედ ამის გათვალისწინებით იმსჯელებენ. რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ რაიმე თარიღების დასახელებისგან, არ ვამბობთ, როდის შეიძლება ვიფიქროთ ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე. ამჟამად ჩვენი გულისყური მიმართულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისკენ. ვფიქრობ, შევიმუშავებთ ძალიან კარგ დოკუმენტს, რომელიც სიკეთის მომტანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპის კავშირისთვის; და ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს უახლოეს მომავალში ევროკავშირის ურთიერთობები უშუალო მეზობლებთან." ნოღაიდელმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ხავიერ სოლანასთან მოლაპარაკების შემდეგ.

ის რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა სულ მალე იქნება მზად, ბრიუსელში ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში დაადასტურა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ პრეს-კონფერენციას, რომელიც ზურაბ ნოღაიდელმა და ხავიერ სოლანამ გამართეს.

მასზე ხავიერ სოლანას გამოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ის კი არა, ისტორიულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა პირველად აღნიშნა, რომ შესაძლებელია სამხრეთ კავკასიის არა მაინცდამაინც სამივე სახელმწიფოსთან ერთდროულად დაახლოება - ლაპარაკი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას ეხებოდა. [სოლანას ხმა] “რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, რომ ამ სამ ქვეყანასთან რაც შეიძლება ახლოს ვითანამშრომლოთ და რაც შეიძლება ერთიანად მივუდგეთ მათ. მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, სამეზობლო პოლიტიკა შეიცავს ელემენტს, რომელიც თავისთავად არის მნიშვნელოვანი და რომელიც ყოველი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმის სპეციფიკურად შემუშავებას ითვალისწინებს. ქვეყნები განსხვავდებიან. ყველა ქვეყანა ერთი და იმავე ტემპით არ ვითარდება, მაგრამ რასაკვირველია, თუ შეიძლება პროცესის ერთიანად წარმართავა, ეს ყველაფერს აჯობებს. მაგრამ, ერთი ქვეყნის ტემპი თუ შენელდება, ეს სხვებზე გავლენას არ იქონიებს”.

სოლანას და ნოღაიდელის ამ, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვეს კმაყოფილება დონორთა კონფერენციის შედეგებით. როგორც ცნობილია, ამ კონფერენციაზე, რომელიც ასევე ბრიუსელში მოეწყო, 10 მილიონამდე ევრო შეგროვდა ცხინვალის რეგიონში სარეაბილიტაციო პროგრამების დასაფინანსებლად.

ხუთშაბათს კი ზურაბ ნოღაიდელმა ამავე თემებზე იმსჯელა კიდევ ერთ, უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირთან: ევროკომისართან საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერთან. თუმცა, მათი საუბარი, როგორც ფერერო-ვალდნერმა აღნიშნა, შეეხო ასევე პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას სანკტ-პეტერბურგში.
[ფერერო-ვალდნერის ხმა] “მთავარი ის არის, რომ ეს შეხვედრა შედგა და ჩვენ ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, გააგრძელონ თანამშრომლობა დიდ რუს მეზობელთან - იმიტომ, რომ ეს არის გზა, რომელიც წინ წაგვიყვანს. პრაგმატული, ღია, კარგი დისკუსიები ხელს შეუწყობს რთული საკითხების დაძლევას და, რასაკვირველია, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ის საკითხებია, რომლებიც კეთილმეზობლობის სულისკვეთებით უნდა მოგვარდეს”.

დაბოლოს, კიდევ ერთი თემა ნოღაიდელის ბრიუსელში ვიზიტისა. ის ენერგეტიკის საკითხებზე ესაუბრა ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიბალგსს, რომელმაც შემდგომ, ბრიფინგზე, ორი საკითხი გამოჰყო: ნავთობისა და გაზის ტრანზიტი კასპიის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე და საქართველოს ენერგოსექტორის რეფორმა.
ნოღაიდელმა კი დასძინა: [ნოღაიდელის ხმა] “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო სატრანზიტო პარტნიორი ენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნებისათვის. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი უკვე ამოქმედდა - გასულ კვირაში ჯეიჰანის პორტი უკვე დატოვა პირველმა ტანკერმა. აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში 1 მლნ ბარელამდე ავა დათქმულ ვადაზე 2 წლით უფრო ადრე, 2007 წელს, რაც გახდება ფასის მასტაბილიზებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ძალიან კარგი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ძალიან კარგი იქნება ევროპის, მსოფლიო ეკონომიკისთვის.”
XS
SM
MD
LG