Accessibility links

logo-print

დღევანდელი ქართული პრესა კვლავაც განაგრძობს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების 13


დღევანდელი ქართული პრესა კვლავაც განაგრძობს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების 13 ივნისის შეხვედრის შეფასებას. ამის პარალელურად ეხება პრობლემებს,

რომელთა მოგვარებაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეა დამოკიდებული. გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას აღნიშნულ თემებზე:

“ხისტი ლავირება” - ასეთი სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას “24 საათი”. მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე მიმომხილველი წერს: “საქართველოს თავჩაქინდრული პრეზიდენტის ნაცვლად მოსკოვმა ორი ქვეყნის მეთაურების ცხარე დებატები მიიღო, სადაც პუტინი არცთუ საუკეთესოდ გამოიყურებოდა. სააკაშვილმა ულტიმატუმი არ მიიღო და პუტინს ისღა დარჩენია ქართველებს აგრძნობინოს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში არანაირ დათმობაზე არ წავა. კატეგორიულობა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს პრეტენზიები პუტინს მიახალა, ერთ რამეს მოწმობს – ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის იმდენად გაფუჭებულია, რომ დასაკარგავი არაფერია. სხვა შემთხვევაში, ლავირებისთვის სივრცის არსებობის პირობებში, რიტორიკა გაცილებით რბილი იქნებოდა.”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სააკაშვილ-პუტინის შეხვედრის დადებით და უარყოფით შედეგებს წინასწარმეტყველებს. კერძოდ, ცინცაძე ამბობს: “ამ ზაფხულში სამაჩაბლოს რეგიონში რუსეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაცია აღარ იქნება, რაზეც კოკოითი ოცნებობს. გარდა ამისა, ჩვენი პარლამენტარები შეწყვეტენ ლაპარაკს საქართველოდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე და ეს საკითხი ნელ-ნელა მიჩუმათდება, რადგან პუტინი სააკაშვილს სამშვიდობოების გაყვანის პირობას ნამდვილად არ მისცემდა. შეხვედრაზე არაფერი თქმულა სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, სამაგიეროდ, ალბათ, მაინც იმას მივაღწევთ, რომ რუსეთი თავის ბაზარზე ქართულ ღვინოს თანდათანობით შეუშვებს, რუსეთიდან ფულის საქართველოში გადმორიცხვას არ აკრძალავს და ჩვენს თანამემამულეებს იქიდან არ გამოყრიან”, - ამბობს სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე წამოჭრილ ერთ-ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას “საქართველოს რესპუბლიკა” დეპუტატ გურამ ვახტანგაშვილთან ინტერვიუში, როცა სეპარატისტულ რეგიონებში რეფერენდუმის ჩატარებას ეხება. მაჟორიტარ დეპუტატს მიაჩნია, რომ რეფერენდუმი მხოლოდ დევნილების დაბრუნების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს: “თუ 11 ათასი დევნილი დაბრუნდა, 16 ათასი ახალგორის რაიონში ცხოვრობს, 20 ათასი – დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, 2-3 ათასი – ფრონეს ხეობაში, ავნევსა და ნულში. სულ 51 ათასი კაცი გამოდის და, კი ბატონო, მაშინ გამართონ რეფერენდუმი, თორემ სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაში რეფერენდუმი როგორ უნდა გაგვიმართონ?”, - კითხულობს დეპუტატი.

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ასოციაცია მოითხოვს “პრივატიზაციის შესახებ კანონში” შეტანილ იქნეს ცვლილება, რომლის თანახმად იმ ორგანიზაციებს, რომლის 20 პროცენტზე მეტს სახელმწიფო ფლობს, პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს, - ამის შესახებ “ხვალინდელი დღე” წერს. “ეკონომიკური უსაფრთხოების ასოციაცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე პრივატიზაციის შეჩერებას იმ მიზნით მოითხოვს, რომ საქართველოში პოლიტიკური ინვესტიციების შემოსვლა დროულად შეწყდეს, რათა ობიექტები, ღიად ან ფარულად, რუსეთის მფლობელობაში არ აღმოჩნდეს”, - წერს “ხვალინდელი დღე”, რომელთან საუბარშიც დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს: “რუსეთმა იცის სხვა სახელმწიფოს კაპიტალის დაპატრონების ხიბლი და ისიც კარგად უწყის, როგორ უნდა მოახვიოს პატარა, უძლურ ქვეყანას საკუთარი ინტერესები. თუ სახელმწიფომ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა არ შეცვალა, მაშინ საქართველო 5-6 წელიწადში მეტად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება”, - ამბობს ცაგარეიშვილი, რომელთან ინტერვიუსაც “ხვალინდელი დღე” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG