Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის განცხადების მიუხედავად, ონიშჩენკო ქართულ ღვინოს რუსულ ბაზარზე ჯერ არ უშვებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პუტინ-სააკაშვილის პეტერბურგის შეხვედრაზე ქართული ღვინის თემის წამოწევამ ადგილობრივ მწარმოებლებს იმედი ჩაუსახა, რომ ღვინო და მინერალური წყლები რუსულ ბაზარზე

შეიძლება კვლავ დაბრუნდეს, თუმცა პეტერბურგის შეხვედრის მეორე დღესვე რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა თავისი უწყების ცნობილი რეიდები ქართული და მოლდოვური ღვინოებისა და ”ბორჯომის” მიმართ კვლავ განაგრძო. რამდენად რეალურია რუსეთში ქართული პროდუქციის იმპორტის მიმართ პოზიციის შერბილება და რას უნდა ნიშნავდეს პუტინის განცხადება?


სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის შემდეგ პუტინისა და სააკაშვილის ერთობლივ ბრიფინგზე ღვინის იმპორტის თემის გაჟღერებამ ქართველ მწარმოებლებს იმედი ჩაუსახა, რომ ცოტა ხნის წინ დაკარგულ რუსულ ბაზარს მალე დაიბრუნებენ. თუმცა ღვინის ექსპორტიორების სიხარული ცოტა ნაადრევი აღმოჩნდა და ქართული ღვინის ნომერ პირველ მტრად შერაცხულმა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ თავისი უწყების ცნობილი რეიდები ქართული და მოლდოვური ალკოჰოლური სასმელების წინააღმდეგ პეტერბურგის შეხვედრის მეორე დღესვე გააგრძელა, რის შესახებაც სიამაყით უამბო რუსულ მედიას.

ბოლო დღეებში მოსკოვში ბრუნვაში არ დაუშვეს 4 მლნ. ლიტრი ქართული და მოლდოვური წარმოების ალკოჰოლური პროდუქცია.
"გრძელდება რუსული ბაზრების უხარისხო ალკოჰოლური პროდუქციისგან გაწმენდა", - სიამაყით აცხადებს გენადი ონიშჩენკო. რაც შეეხება მინერალურ წყლებს, რუსეთში არარეალიზებული მინერალური წყლის საერთო რაოდენობა 29 მლნ. 768 ათას ლიტრს შეადგენს. აქედან უდიდესი ნაწილი - 28 მლნ. 166 ათასი ლიტრი - "ბორჯომზე" მოდის.

საბოლოოდ, ონიშჩენკომ ქართველ მეღვინეებს იმედი გაუცრუა, თუმცა არც რუსეთის პრეზიდენტს მოუცია ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების მყარი პირობა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინი ფალსიფიკაციის პრობლემაზე საუბრობდა და მხოლოდ მისი აღმოფხვრის შემთხვევაში უშვებდა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპროტზე შეზღუდვის მოხსნის შესაძლებლობას:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] „ჩვენ დაინტერესებული ვართ ხარისხიანი პროდუქციის მიღებით. ჩვენ ეს თემა დღეს არ განგვიხილავს, მაგრამ მე მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ მან ღიად და საკმაოდ ენერგიული ნაბიჯები გადადგა ამ სფეროში წესრიგის დასამყარებლად. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენთან. ძალიან ბევრია ფალსიფიცირებული პროდუქცია – 60 პროცენტი. მოვაგვარებთ ამ პრობლემას და აღარ იქნება სხვა არანაირი კითხვა რუსეთის ფედერაციის ბაზარზე პროდუქციის დასაშვებად.”

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს ურჩია დროულად გააუქმოს ”ღვინის ემბარგო”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღვინო რუსეთისათვის, შესაძლოა, აღარც დარჩეს. თუმცა, როგორც ჩანს, არც სააკაშვილის ამ ხუმრობას და არც ვლადიმირ პუტინის განცხადებას რუსეთის მთავარ ”სანიტარზე” სათანადო ეფექტი არ მოუხდენია - გენადი ონიშჩენკოს უწყების პრესცენტრმა დაადასტურა, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც აქამდე იყო და შემოწმებები და ღვინის სავაჭრო ქსელიდან ამოღება დღესაც მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG