Accessibility links

logo-print

ღარიბთათვის ჯანდაცვის პოლისების დარიგების პროცედურა 1 ივლისიდან დაიწყება


სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამის ჯანდაცვის კომპონენტის ამოქმედების ვადამ 1 ივლისამდე გადაიწია. საქართველოს მთავრობის მეთაური

მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პოლისების დარიგების თარიღად 15 ივნისს ასახელებდა, თუმცა, როგორც ირკვევა, საგანგებო სადაზღვევო ბარათების გაცემა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 20 ივნისიდან დაიწყება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ღარიბთა სოციალური დახმარების პროგრამის მხოლოდ ის ნაწილია ძალაში, რომელიც ენერგომატარებლების მოხმარებაზე შეღავათებს გულისხმობს.

სოციალური დახმარების ახალი სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის 1 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო. პირველ ეტაპზე დაახლოებით 150 000 ოჯახს ფულადი დახმარება უნდა მიეღო, მინიმუმ 38 ლარის ოდენობით. ჯანდაცვის პოლისების გაცემა ამ რეფორმის შემდგომი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 31 მაისის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ პროგრამის კომპონენტთა თანმიმდევრობა შეცვალა
და ღარიბებს ჯანმრთელობის დაზღვევის დაწყების შესახებ ამცნო. ამის ოფიციალურ მიზეზად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზის არასრულყოფილება დასახელდა. რაც შეეხება ხარჯების მოცულობას, ჯანდაცვის დაზღვევისათვის ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარია გამოყოფილი, ფულადი დახმარებისთვის კი სამჯერ მეტი – 52 მილიონი ლარი. ფულადი დახმარების გაცემა, გეგმის თანახმად, სექტემბრიდან დაიწყება.

[გივი ყულაშვილის ხმა]“ მე ერთი უბრალო კაცი ვარ, მაგრამ დღევანდელ დღეს ის თამაში და ის პიარი, ასე მოდაში რომ არის ეს სიტყვა დღეს, არ გამოადგება. ხალხმა იცის, რომ მთავრობა ტყუილის მეტს არაფერს არ აკეთებს და აგერ ფაქტი: მეგონა, რომ ავიღებდი ამას, აი, ამ 38 ლარს, და შეჩერებულიაო. პოლისს იძლევიან. ასეთი რამ ვის რაში სჭირდება. არ ჯობია, ადამიანს მისცენ ის, რაც მისთვის სასარგებლო და საჭიროა?”(სტილი დაცულია)

ქალაქ რუსთავის მკვიდრი, 60 წელს გადაცილებული გივი ყულაშვილი ბავშვობიდან ინვალიდია და მშობლების დაღუპვის შემდეგ მარტო ცხოვრობს. ჯანდაცვის პოლისი, რომლითაც იგი პირველი ივლისიდან ისარგებლებს, მოიცავს ისეთ უფასო მომსახურებას, როგორიცაა: ექიმის კონსულტაცია, სამედიცინო გამოკვლევები, კერძოდ, ელექტროკარდიოგრაფია, სისხლისა და შარდის ანალიზი, სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა, მწვავე, გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები ბენეფიციარის მიერ შერჩეულ საუკეთესო კლინიკაში. ეს ყველაფერი პირველი ივლისიდან, მანამდე კი,
როგორც საქართველოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში განგვიმარტეს, ივნისის სამუშაოებმა ტექნიკური პრობლემების მოგვარება და ბენეფიციართა დაზღვევის ბარათების დამზადება მოიცვა.

[ლევან ფერაძის ხმა]“ მიღებული აქვს ეს პოლისები ადგილობრივ რაიონულ ოფისებს. მე მგონი, ახალციხეა დარჩენილი. დღეს უნდა გავაგზავნოთ და სოფლების მიხედვით უნდა დაანაწილონ უკვე ცენტრალურ ოფისში და დაიწყება დარიგება.“(სტილი დაცულია)

განმარტავს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ლევან ფერაძე. მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ბარათით განსაზღვრული მომსახურებით ქვეყნის მასშტაბით 220 000 ოჯახი, ანუ 700 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ისარგებლებს.
XS
SM
MD
LG