Accessibility links

logo-print

როგორ მიმდინარეობს ვალერი გელაშვილის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში


15 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვალერი გელაშვილის, საკონსტიტუციო

სარჩელის არსებითი განხილვა. ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარლამენტის იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის თანახმადაც მას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. პარლამენტმა მიიჩნია, რომ გელაშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, ეს კი ეწინააღმდეგება კანონს ”პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ”.

[ხმაური სასამართლო დარბაზში] ”...მოგება აინტერესებდა მას თუ ქველმოქმედება? - ბატონო თავმჯდომარე, მე მოგახსენეთ, რომ მას საუბარში, ფირმა “ევრას” გარდა, სხვა არ უხსენებია...”

საქართველოს განათლების მინისტრს კახა ლომაიას ამ და სხვა კიდევ უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემამ მოუწია 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგ სხდომაზე, რომელზეც ვალერი გელაშვილის სარჩელი განიხილებოდა. კახა ლომაია ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. სწორედ მისი ჩვენება დაედო საფუძვლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნას, რომლითაც ვალერი გელაშვილის სამეწარმეო-კომერციული საქმიანობა დასტურდება.

[კახა ლომაიას ხმა] ”...შთაბეჭდილება როგორი იყო - იყო თუ არა ეს კომერციული ურთიერთობის შემოთავაზება? - დიახ, ეს იყო საქმიანი წინადადება.”

უპასუხა კახა ლომაიამ მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის, შეკითხვას. სწორედ კახა ლომაიასთან ვალერი გელაშვილის დაახლოებით 8 თვის წინანდელი შეხვედრის დროს გამართული საუბრითა და ქონებრივი დეკლარაციის ერთი ამონაწერით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, რომ ვალერი გელაშვილი შ.პ.ს. “ევრას” კომერციულ ინტერესებს ლობირებდა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, ვალერი გელაშვილს შ.პ.ს. ”ევრას” წილი 2000 წლიდან, 4 წლის ვადით მართვის უფლებით, გადაცემული ჰქონდა თავისი ნათესავისთვის.
ამ ხელშეკრულების ვადა 2004 წელს გავიდა, მაგრამ გელაშვილს მის გაგრძელებაზე არ უზრუნია და ამიტომ ავტომატურად ის ახორციელებდა საწარმოს მართვასო, ამტკიცებს გოგორიშვილი.

მისმა არგუმენტებმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის თინათინ ხიდაშელის უკმაყოფილება და, შესაბამისად, კამათიც გამოიწვია:

[ხათუნა გოგორიშვილი, თინათინ ხიდაშელი] ”... მე არა ვარ იურისტი და...”

ამ და სხვა კითხვებს საკონსტიტუციო სასამართლო თავის შემდგომ სხდომებზე გასცემს პასუხს. მანამდე კი გელაშვილის მოწინააღმდეგეები მტკიცედ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი კანონს არღვევდა, ხოლო თავად ოპოზიციას სჯერა, რომ ვალერი გელაშვილს ხელისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო სდევნის. შეგახსენებთ, რომ ხაშურის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციასთან და, ასევე, დღემდე გაუხსნელია გელაშვილის სასიკვდილოდ ცემის ფაქტიც.
XS
SM
MD
LG