Accessibility links

logo-print

უმრავლესობის წევრი დეპუტატი და აკრძალული ბიზნეს-საქმიანობა


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მუშა ჯგუფი უმრავლესობის აწ უკვე ყოფილი წევრის, დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის საკითხის კვლევას განაგრძობს.

სპეციალურად შექმნილი კომისია 15 ივნისს ტელეკომპანია ”თრიალეთის” ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომლებს უსმენდა. ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი, რომელმაც სახალხო დამცველს დახმარებისთვის ჯერ კიდევ მარტში მიმართა, აცხადებს, რომ ბადრი ნანეტაშვილი ტელეკომპანია ”თრიალეთის” მართვას კვლავაც განაგრძობს და, ამრიგად, დეპუტატისთვის აკრძალულ ბიზნეს-საქმიანობას ეწევა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მეორე ბანაკში გაერთიანებული ჟურნალისტები და, თავად დეპუტატ ნანეტაშვილის მსგავსად, მომხდარს შიდა ქართლის საოლქო პროკურორის მიერ ჟურნალისტზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას უკავშირებენ. რა შუაშია პრეზიდენტ სააკაშვილის სატელეფონო ზარი და როგორ კომენტარს აკეთებს სახალხო დამცველი?

დეპუტატმა ბადრი ნანეტაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” რიგები 15 ივნისს დატოვა. გადაწყვეტილება მის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდება. მართავდა თუ არა ნანეტაშვილი ტელეკომპანია ”თრიალეთს”, ეწეოდა თუ არა კანონით აკრძალულ ბიზნეს-საქმიანობას და გაიზიარებს თუ არა დეპუტატი ნანეტაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ბედს? - ამ შეკითხვებზე პასუხები ჯერ არავინ იცის. ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მუშა ჯგუფი ამ მრავალწახნაგიანი საქმის კვლევას დაასრულებს. ნანეტაშვილის საქმემ გორელი ჟურნალისტები ერთმანეთს დაუპირისპირა. დეპუტატის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ის ტელეკომპანიას მართავდა და ”თრიალეთის” საქმიანობაში უხეშად ერეოდა. მათ რიგებშია საბა წიწიკაშვილიც:

(საბა წიწიკაშვილის ხმა) ”თუ ვინმესთან ჰქონდა დაპირისპირება, გვავალებდა, რომ იმ ადამიანზე გაგვეკეთებინა სიუჟეტი, გვავალებდა დაგვეშანტაჟებინა სხვადასხვა ადამიანები, ვინც მას არ აწყობდა... ვინც მას აწყობდა, მასთან უნდა გვქონოდა კარგი ურთიერთობა.” (სტილი დაცულია)

ჟურნალისტებს შორის, რომლებსაც 15 ივნისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მუშა ჯგუფის წევრები უსმენდნენ, ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლებიც არიან, რომლებიც ნანეტაშვილს უჭერენ მხარს, მის მიერ ”თრიალეთის” მართვას უარყოფენ და დაპირისპირებულ ბანაკში გაწევრიანებულ კოლეგებს სულ სხვა ინტერესების ერთგულებაში ადანაშაულებენ:

(”თრიალეთის” კორესპონდენტის ხმა) ”როდესაც სამხარეო პროკურორზე, მიშა აბულაძეზე, დაიწყო ზეწოლა, იმის შემდეგ წამოვიდა ეს და იმის შემდეგ გაახსენდათ, რომ, თურმე, ბადრი ნანეტაშვილი 10 წელი ახდენდა მათზე ზეწოლას.” (სტილი დაცულია)

იმაში, რომ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია შიდა ქართლის სამხარეო პროკურორის სახელს უკავშირდება, დარწმუნებულია თავად ბადრი ნანეტაშვილიც. დეპუტატი იხსენებს, რომ როცა გაზეთ ”თრიალეთის” რედაქტორი თინათინ ვაჩაძე მიხეილ აბულაძეს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს, ჟურნალისტის უფლებების დასაცავად ხმა პირველმა სწორედ ტელეკომპანია ”თრიალეთმა” აიმაღლა. ნანეტაშვილი გაყალბებაზეც საუბრობს:

(ბადრი ნანეტაშვილის ხმა) ”ყველაფერი არის შეთითხნილი... ეს ხელწერილებიც, რაც გამოიგზავნა სოზარ სუბართან ფაქსით რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის კაბინეტის ნომრიდან. ფაქტიურად, იყვნენ იმის გამო დაპირისპირებული, რომ ტელეკომპანია ”თრიალეთი” დაუპირისპირდა პროკურატურას სექსუალური ძალადობის გამო, რომელიც განახორციელა მან გაზეთ ”თრიალეთის” რედაქტორზე.” (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი დაზუსტებით ვერ ამბობს, რამდენად უკავშირდება აბულაძისა და ნანეტაშვილის საქმეები ერთმანეთს, თუმცა, გახმაურების მხრივ, დროში კავშირი აშკარად შეინიშნება. სოზარ სუბარის თქმით, მას გორელი ჟურნალისტების საჩივარი მხოლოდ ფაქსით არ მიუღია - ისინი მას 17 მარტს პირადად ესტუმრნენ:

(სოზარ სუბარის ხმა) ”ერთი ათამდე ადამიანი იყო, რომლებიც საუბრობდნენ იმ დარღვევებზე, რომლებიც არის ტელეკომპანია ”თრიალეთში”, მათ შორის იმაზე, რომ ბადრი ნანეტაშვილი მართავს ამ ტელეკომპანიას, იმაზე, რომ არ ჰქონდათ ხელშეკრულებები გაფორმებული... როგორც კი ეს გავიდა, მეორე დღესვე მოვიდა ჩვენთან ბადრი ნანეტაშვილი, მოიყვანა ჟურნალისტი და გვთხოვეს დარბაზი პრესკონფერენციის ჩასატარებლად იმ ფაქტზე, რომ, თითქოს, სამხარეო პროკურორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ამ ჟურნალისტის გაუპატიურების მცდელობას. ანუ დროში ეს ემთხვევა ერთმანეთს - როგორც კი მოვიდნენ ჟურნალისტები, მეორე დღესვე მოვიდა ბადრი ნანეტაშვილი.” (სტილი დაცულია)

ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც, ნანეტაშვილის მტკიცებით, ტელეკომპანია ”თრიალეთის” ხელში ჩაგდება სურდა. დეპუტატი ასახელებს გიგა ბოკერიასაც და აცხადებს, რომ პარლამენტარი მასზე ზეწოლას ახორციელებს, რასაც თავად ბოკერია უარყოფს. 15 ივნისს კი ”თრიალეთის” ყოფილმა თანამშრომელმა ნანეტაშვილთან დაკავშირებით უკვე მიხეილ სააკაშვილი ახსენა. მისი თქმით, დეპუტატს პრეზიდენტმა პირადად დაურეკა. პრეზიდენტის ხსენებამ პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფის ოპოზიციონერი წევრი მამუკა კაციტაძე, ცოტა არ იყოს, გააკვირვა:

(მამუკა კაციტაძის ხმა) ”მე ნამდვილად არ მეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილი ”თრიალეთის” პრობლემებითაც იყო დაკავებული. ამდენად, ეს საკითხი პოლიტიკურ ხასიათს იძენს... ის არ შეიძლება ლოკალიზირდეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მუშა ჯგუფში, არ შეიძლება ლოკალიზირდეს ერთი კონკრეტული დეპუტატის უფლებამოსილების შეუთავსებლობასთან.” (სტილი დაცულია)

მრავალი შეკითხვის ფონზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სპეციალური ჯგუფი მუშაობას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG