Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 648-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას". მის 648-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამდენად სერიოზული პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის პოლიტიკაში ქალების დეფიციტი; გიამბობთ ერთ ფერეიდნელ ქართველზე, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინ თავის წინაპართა საშობლოს დაუბრუნდა; ვისაუბრებთ მშრალი ხიდის ბაზრობასა და თბილისის ისტორიის მუზეუმის გულმოკლულ თანამშრომლებზე; დავინტერესდებით, მართლაც არსებობს თუ არა "მოცარტის ეფექტი"; დღეს ჩვენი სტუმარია ზაზა ფაჩულია, NBA-ში მოთამაშე ქართველ კალათბურთელთა სამეულის წარმომადგენელი; "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

ქალების დეფიციტი პოლიტიკაში - ქართული დემოკრატიის მუდმივი პრობლემა

დავით კაკაბაძე:
დემოკრატიის ერთ-ერთ ნიშნად სახელმწიფოს მმართველობაში ქალების ჩართვასაც მიიჩნევენ. ქალების პოლიტიკური აქტივობა, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, ყოველთვის აკლდა ქართულ დემოკრატიას. ეს პრობლემა აქტუალობას იძენს კიდევ ერთი დემოკრატიული პროცედურის, არჩევნების წინ, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. საქართველოში ბოლო 15 წლის მანძილზე ჩატარებულ არჩევნებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მათში მონაწილე და, შესაბამისად, არჩეული ქალების რაოდენობა განუხრელად იკლებს. ორიოდე დღის წინათ, თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მონაწილენი სწორედ იმაზე მსჯელობდნენ, რა პირობები აქვს ქალს დღეს პოლიტიკაში მონაწილეობისთვის და რა შესაძლებლობებს სთავაზობს მას ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნები. მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

დავით პაიჭაძე:
მმართველობაში ქალთა სუსტი მონაწილეობის გამო წუხან არა მხოლოდ მესამე სექტორის ქალი აქტივისტები, არამედ ქალები, რომლებიც უკვე არჩეულნი არიან თვითმმართველობის ამა თუ იმ ორგანოში. ასე მაგალითად, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ხაჩიძე ჩამოთვლის პოლიტიკაში ქალთა სიმცირის მიზეზებს.

[ნინო ხაჩიძის ხმა] "ეს არის მამაკაცთა არასაკმარისი მონაწილეობა საზოგადოებაში ქალთა როლის ასამაღლებლად, პოლიტიკური ნების არარსებობა ან არასაკმარისი პოლიტიკური ნება, საზოგადოების განვითარებაში ქალთა შესრულებული როლის დაუფასებლობა, დაგეგმვის დროს ქალთა იგნორირება, ქალთა არასაკმარისი რაოდენობა ხელმძღვანელ პოსტებზე და ქალთა მიერ თავიანთი შესაძლებლობების გაუთვითცნობიერებლობა." (სტილი დაცულია)

ამ ჩამონათვალს ნინო ხაჩიძე უმატებს ქალის ახალ სოციალურ ფუნქციასაც ქართულ საზოგადოებაში: გარდა იმისა, რომ საოჯახო საქმეებს უძღვება, ქალი ხშირად ოჯახის მარჩენალიცაა.

[ხაჩიძის ხმა] ”ამ ფონზე იგი დაზარალდა, რადგან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ჰორიზონტის გასაფართოებლად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის მას უკვე აღარ რჩება დრო.”

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აქ უკვე სახელმწიფომ უნდა თქვას თავისი სიტყვა და იმოქმედოს სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად.

არაერთი ქვეყნის არჩევით ორგანოებში არსებობს ქალების კვოტა, რაც ნიშნავს ამ ორგანოებში ასარჩევ ქალთა წინასწარ დაკანონებულ რაოდენობას. მინიმალური კვოტა 30 პროცენტია. ნინო ხაჩიძეს კვოტირება საქართველოში საჭირო, თუმცა დროებით ზომად მიაჩნია, რათა ქალებს გაუჩნდეთ სტიმული, და შემდგომ - გამოცდილება, არჩეულ მმართველობით ორგანოებში მუშაობისა. დროებითობას კი იმით ხსნის, რომ ადამიანთა თანასწორობის პრინციპი უნდა აღდგეს და მამაკაცები არ უნდა დაზარალდნენ.

[ნინო ხაჩიძის ხმა] "რატომ უნდა გავიდეს კვოტით ქალბატონი, თუკი არსებობს უფრო ღირსეული მამაკაცის კანდიდატურა? როცა რამდენიმე შეხვედრაზე ეს დავაფიქსირე, მითხრეს, რომ მე არაგენდერულად ვაზროვნებ. მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია."

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა პირველ ფაქტორად, რაც უახლოეს არჩევნებზე ქალებს დააბრკოლებს, ასახელებს ასარჩევი კონტინგენტის შემცირებას. თუ ახლა თვითმმართველობის ორგანოებში 8 ათასი წევრია არჩეული, რეფორმის შემდეგ მათი რიცხვი 2 ათას სამასამდე შემცირდება. მეორე ფაქტორია თვითმმართველი ორგანოების გამსხვილება: დავით მელუას აზრით, თუ პატარა სოფელში გაცილებით იოლია დაამტკიცო შენი ლიდერობა და აგირჩიონ, რაიონის მასშტაბით, მსხვილი მუნიციპალიტეტის არჩევნებისას ქალებს იმავეს მიღწევა გაუჭირდებათ. ახლანდელ საკრებულოთა თითოეული წევრის მიღმა საშუალოდ 210 ამომრჩეველი დგას, რეფორმის შემდეგ თითოეულ დეპუტატს საშუალოდ 3000-ზე მეტი მოქალაქე აირჩევს. ასეთ ვითარებაში საარჩევნო კამპანიის წარმოება უფრო ძნელი იქნება. კიდევ ერთ დაბრკოლებად ქალებისათვის საკრებულოს ხელმძღვანელ პოსტებზე ასარჩევად დავით მელუას კანონით დაწესებული რამდენიმე ბარიერი მიაჩნია.

ქალთა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მაია კუპრავა-შერვაშიძე, საპასუხოდ, მოქმედი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკაში ჩაბმის მოსურნეთა პროფესიონალიზმზე ლაპარაკობს:

[მაია კუპრავა-შერვაშიძის ხმა] "რაც შეეხება პროფესიონალიზმს, სამწუხაროდ, მე მამაკაც პროფესიონალებსაც ვერ ვხედავ. ამიტომ არანაირ პრობლემად არ მესახება, ხელისუფლებაში ისეთივე ქალები მოვიდნენ, როგორიც კაცები გვყავს. თუ მეტყვით, რომ პარლამენტში პროფესიონალი პოლიტიკოსები გვყავს, ისეთივე მამაკაცი პროფესიონალები გვყავს, როგორიც ქალი პარლამენტარი პოლიტიკოსები. ანუ სიტუაცია არის თანაბარი: თუ გასაზრდელია – ორივეა გასაზრდელი."

დავით მელუა ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მოსურნეებს ლობისტური საქმიანობის უკეთ წარმართვა მართებთ, რათა თავიანთი ინტერესები კანონმდებლობასა და კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ასახონ. თავის მხრივ, ქალთა ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს პოლიტიკა, სრულიად შეგნებულად, მასკულინიზებულია, ძალმომრეობითია და ასეთ გარემოში მათ მამაკაცებისათვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ და არც სურთ.

ფერეიდნელი ქართველი ზღაპრის ახდენაზე საუბრობს

დავით კაკაბაძე:
ამ ორიოდე თვის წინ "მეათე სტუდიაში" გიამბეთ იმ ერაყელ ახალგაზრდებზე, რომლებიც საქართველოს აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტში სწავლობენ და საკანდიდატო დისერტაციის ქართულ ენაზე დასაცავად ემზადებიან. დღეს გაგაცნობთ ამ ინტიტუტის კიდევ ერთ სტუდენტს, რომელიც რამდენიმე თვეა, საქართველოში ცხოვრობს, თუმცა, თავი აქამდე ზღაპარში ჰგონია. თუ რატომ, ამას თამარ ჩიქოვანის რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

[აჰმად მულიანის ხმა] "მე გახლავართ ირანიდან ფერეიდნელი ქართველი აჰმედ მულიანი და აქ ვსწავლობ აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ისტორიის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე."

თამარ ჩიქოვანი:
აჰმედი უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში, უფრო ზუსტად, თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. ამბობს, რომ ორი სამშობლო აქვს - ირანი და საქართველო. იმასაც ამატებს, რომ იქ, ირანში, საქართველო ენატრებოდა ხოლმე - ისეთი საქართველო, რომლის შესახებაც ოჯახის წევრები უამბობდნენ. საქართველოში ყოფნისას კი ხანდახან ირანი, ფერეიდანი, ენატრება. როგორ აღმოჩნდა საქართველოში?

[აჰმად მულიანის ხმა] "ჩვენ ჩამოვედით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ფესტივალი რომ იმართება ხოლმე, იქ ჩამოვედით. მომღერლების ჯგუფი ვიყავით. დავრჩი. თქვეს - თუ გინდათ, შეგიძლიათ დარჩეთო. რამდენიმე ჩვენი ბიჭი აქ დავრჩით. დავიწყე აქ სწავლა."

ასეთ შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად ვერ იტყოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის საშუალება მიეცა, რომ საქართველოში გაეტარებინა რამდენიმე წელი. მეუბნება: ეს ჩვენს თაობას გაუმართლა, რომ საქართველოს და ირანის ხელისუფლებებს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, თორემ მანამდე ფერეიდნელებს საქართველოში ჩამოსვლაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთო:

[აჰმად მულიანის ხმა] "რასაც ჩვენ ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში ვფიქრობდით და ზღაპრად წარმოგვედგინა...კარგი და მშვიდობიანი ურთიერთობაა საქართველოს და ირანს შორის. მთავრობებმა ისე გააკეთეს, ზღაპარი-საქართველო ჩვენთვის გამოვიდა. კარგი ურთიერთობები დამყარდა ირანსა და საქართველოს შორის."

აჰმედმა სწავლისთვის საქართველოს, ირანისა და არაბული ქვეყნების ურთიერთობების თემა აირჩია. ამბობს, რომ ამ კუთხით მეტად საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება. საკვლევი მასალაც უამრავია:

[აჰმად მულიანის ხმა] "მე ვსწავლობ ისტორიას და საერთაშორისო ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ სპარსული ვიცი და ქართულიც მინდა უკეთ ვისწავლო, არაბული ცოტა ვიცოდი - იქ ყურანს ხომ ვკითხულობდით. ძლიერი კულტურული და ისტორიული ურთიერთობა ყოფილა ირანს, საქართველოს და არაბულ ქვეყნებს შორის. მინდა სამი დიდი ქვეყნის მასალები ამოვიღო და დავამუშაო."

საქართველოში ყველაფერი მოსწონს. ჯადოსნური ჯოხიც რომ ჰქონდეს, მაინც არაფერს შეცვლიდა:

[აჰმად მულიანის ხმა] "ჩემთვის ის, რომ საქართველო არსებობს თავისი კულტურით, ისტორიით, ხალხით - ეს ჯადოსნური ჯოხით შექმნილა და არის. მე ეს მახარებს. საქართველო აუცილებლად დიდ წარმატებებს მიაღწევს. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ერთი - ქართველი ხალხი ამის ღირსია. ისტორიის საფუძველი ამას გვეუბნება. ძალიან ადვილად დაუბრუნდება დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ეპოქას."

დავით კაკაბაძე:
ასეთია აჰმად მულიანის, ფერეიდნელი ქართველის წინასწარმეტყველება. როგორც თამარ ჩიქოვანის სიუჟეტიდანაც შევიტყეთ, აჰმადი უკვე რამდენიმე თვეა, თბილისში ცხოვრობს და ამბობს, რომ ორი სამშობლო აქვს - ირანი და საქართველო.

მშრალი ხიდის ბაზრობა და თბილისის ისტორიის მუზეუმის გულმოკლული თანამშრომლები

დავით კაკაბაძე:
კარგა ხანია, რაც მშრალი ხიდის ბაზრობა თბილისში ჩასული უცხოელი ტურისტებისა და სიძველეების ადგილობრივი მოყვარულების საყვარელ ადგილად არის ქცეული. 1994 წელს სტიქიურად გაჩენილი ძველმანების ბაზრობა დღეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ადგილია. შუა საუკუნეების, მეფის რუსეთისა თუ საბჭოთა პერიოდის ერთმანეთში არეულ უამრავ ნივთს მყიდველი თუ დამთვალიერებელი არასოდეს აკლია. ერთადერთი, ვისთვისაც სიძველეების შეგროვება პროფესიაა, მაგრამ მიზეზთა გამო მაინც თავს არიდებს მშრალ ხიდთან გავლასაც კი, თბილისის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლები არიან. უკვე 15 წლის მანძილზე ექსპონატების შეძენისთვის საჭირო თანხის არმქონე მუზეუმის ექსპერტები ჯერჯერობით ისევ მომავლის იმედად არიან და, როგორც ალექსანდრე ელისაშვილი იუწყება, მშრალი ხიდის ბაზრობიდან უცხოეთში გადინებულ ნივთებზე ჯავრობენ.

ალექსანდრე ელისაშვილი:
იქ, სადაც ახლა მშრალი ხიდის ბაზრობაა განლაგებული, ადრე მადათოვის კუნძულის კიდე იყო. ამ კიდეყოფილზე განსაკუთრებით ცხოველი ვაჭრობა შაბათ-კვირას იმართება, თუმცა სიძველეებით მოვაჭრეები და მყიდველ-დამთვალიერებლები კვირის სხვა დღეებშიც მრავლად არიან. სტალინის პორტრეტის, ძველი ფოტოაპარატის, ჭურჭლის, ვერცხლეულის, ხანჯალ-დამბაჩის თუ ძველებური სამკაულების ჩამბარებელ-გამყიდველ-მყიდველები ჩვენი მიკროფონის გამოჩენამ მოსალოდნელზე მეტად დააფრთხო და გააღიზიანა. განსაკუთრებული გაღიზიანება ბაზრობის ხელმძღვანელმა, შუა ხნის მამაკაცმა გამოხატა. მისგან ერთადერთი ის შევიტყეთ, რომ ბაზრობა კერძო საკუთრებაა და რომ უახლოეს მომავალში, გავრცელებული ცნობების მიუხედავად, მას დახურვის ან გადატანის საფრთხე არ ემუქრება. მთელს ბაზრობაზე ჩვენთან საუბარი მხოლოდ სპილენძის ძველებური ჭურჭლითა და იარაღით მოვაჭრე კაცმა ისურვა. მან ყველაზე უკეთესი მყიდველები დაგვისახელა:

[გამყიდველის ხმა] "ნაღდი მყიდველი არის რუსი და გერმანელი. ნაღდი ის არის, რომ ბევრს თავს არ შეგაწყენს. ერთს შეგეკითხება, ცოტას დაგაკლებინებს და მერე ვსიო. სხვადასხვა ხალხი ძალიან წუწურაქები არიან. ქართველები? ეხლა გაჭირვებაა და ძნელად ყიდულობენ, მაგრამ მაინც ყიდულობენ. ჩამბარებლები ვინ იქნებიან, ჩვენები არიან."

მშრალი ხიდის ბაზრობის გულდაგულ შემოვლის შემდეგ იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ-ქარვასლისაკენ გავეშურეთ. სიონის ტაძრის მახლობლად მდებარე მუზეუმში, მშრალი ხიდის ბაზრობისაგან განსხვავებით, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის მისვლით ყველა დაინტერესდა. მუზეუმის დირექტორის ლოდინში ფონდების მთავარ მცველთან ნანა მახათაძესთან გასაუბრება გვირჩიეს. პირველ რიგში ქალბატონმა ნანამ ადრე, საბჭოთა პერიოდში, მუზეუმისათვის ექსპონატების შერჩევა-შეძენის ერთ-ერთი მექანიზმი აგვიხსნა:

[ნანა მახათაძის ხმა] "ადრე იყო ექსპედიციები. დავდიოდით ქალაქის ძველ უბნებში, ძველ ოჯახებში, ვეხვეწებოდით ვაგროვებდით... მერე მოგვქონდა ეს ყველაფერი მუზეუმში, იკრიბებოდა შემსყიდველი კომისია, ამ კომისიაზე შეფასდებოდა ეს ნივთები ეს გადაეცემოდა მერიის კულტურის სამმართველოს და იქიდან იღებდნენ უკვე ფულს."

ახლა კი - და ეს "ახლა" უკვე ბოლო 15 წელიწადია გრძელდება - მუზეუმს ლამის ერთი ლარიც არ გააჩნია ახალი ექსპონატების შესაძენად. არადა, საბჭოთა პერიოდისაგან განსხვავებით, ექსპონატების შესარჩევად საჭირო აღარ არის უბან-უბან სიარული, და არც მოსახლეობის ხვეწნით დაყოლიებაა აუცილებელი. მშრალ ხიდთან გამართულ ბაზრობაზე ხალხი გასაგები მიზეზების გამო საკუთარი ინიციატივით აბარებს ძველებურ ნივთებს, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, თბილისის ისტორიული მუზეუმი სახსრების უქონლობის გამო ახალი ექსპონატების შეძენას ვეღარ ახერხებს. სწორედ ამიტომაც, მუზეუმის თანამშრომლები და, პირველ რიგში, ფონდების მთავარი მცველი ნანა მახათაძე მშრალი ხიდის ბაზრობის იშვიათი სტუმარია:

[ნანა მახათაძის ხმა] "ერთი-ორჯერ კი ვყოფილვარ. იცით, განსაკუთრებით გული მტკივა ფოტოსურათებზე. ძველი ფოტოსურათები არის ხოლმე გამოტანილი, არის ქალაქის ძველი ფოტოებიც. შეიძლება შეხვდეთ ერმაკოვის, როინიშვილის ფოტოებს. პორტრეტები ძალიან ხშირად, გაცილებით მეტი... ამიტომ ძალიან მტკივა გული, რომ მუზეუმისთვის ვერ ვყიდულობთ."

ნანა მახათაძესთან საუბრის დასრულებისა და მის მიერ შემოთავაზებული ძველი თბილისის ფოტოების რამდენიმე ალბომის დათვალიერების შემდეგ მუზეუმის დირექტორი მედეა თავაძეც მოვიდა. მშრალი ხიდის ბაზრობის გაგონებაზე მანაც ღრმად ამოიოხრა, თუმცა ჩვენთან საუბარში მაინც ოპტიმიზმი გამოავლინა:

[მედეა თავაძის ხმა] "თანხები არ გააჩნია მუზეუმს ჯერჯერობით, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი მენეჯმენტისა და ახალი ხემძღვანელობის ძალისხმევით ეს საქმე წარმატებით დაგვირგვინდება."

ახალ მენეჯმენტში მედეა თავაძემ ეროვნული მუზეუმის ახალი ხელმძღვანელობა იგულისხმა. საქმე იმაშია, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქალაქის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი თბილისის ისტორიის მუზეუმი-ქარვასლა, სხვა მუზეუმების მსგავსად, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებას დაუქვემდებარეს. მართალია, ჯერჯერობით ამ გაერთიანების ერთადერთი სიკეთე შენობის შემოსასვლელში გამოცვლილი აბრაა, მაგრამ, როგორც დირექტორმა თქვა კიდეც, ყველა სასიკეთო ცვლილებების მოლოდინშია. ამ იმედების აღსრულების შემთხვევაში კი მშრალი ხიდის ბაზრობის ყველაზე ხშირი სტუმრები, სავარუდოდ, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიული მუზეუმის - ქარვასლის თანამშრომლები იქნებიან.

ზაზა ფაჩულია საქართველოში ბავშვთა საკალათბურთო სკოლის აშენებას აპირებს. ინტერვიუ NBA-ს ქართველ მოთამაშესთან

დავით კაკაბაძე:
ჩვენი რადიოჟურნალის შემდეგი ფურცელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება სპორტის ქომაგებისთვის. ზაზა ფაჩულიას, აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, ანუ NBA-ს გუნდ "ატლანტა ჰოქსის" ქართველი "ცენტრის" სახელი, კალათბურთის ყველა მოყვარულისთვის კარგად არის ცნობილი. შარშანდელი რთული სეზონის შემდეგ, რომელიც ზაზასთვის წარმატებული გამოდგა, ქართველი ლეგიონერი არდადეგებზე სამშობლოში ჩავიდა, სადაც სულ მალე ბავშვთა საკალათბურთო სკოლის აშენებას გეგმავს.

ზაზა ფაჩულია დღეს რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროსაც ესტუმრა და ინტერვიუ მისცა ჩვენს კოლეგას კობა ლიკლიკაძეს.

[იხ. აუდიოვერსია]

დავით კაკაბაძე:
ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს გამოთქვამს ზაზა ფაჩულია, აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდ "ატლანტა ჰოქსის" ცენტრალური თავდამსხმელი. რადიო "თავისუფლების" "მეათე სტუდიაში" მას კობა ლიკლიკაძე მასპინძლობდა. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას.

მოცარტის ეფექტი

მოცარტის მუსიკა

დავით კაკაბაძე:
დიდი ხანია, არსებობს მოსაზრება ამ მუსიკის განსაკუთრებულ ზემოქმედებაზე - ე.წ. “მოცარტის ეფექტზე”. ის ადამიანებზეც ვრცელდება (იაპონელი მკვლევრების დაკვირვებით, მოცარტის მოსმენა ალერგიის სიმპტომებს ამსუბუქებს), და ცხოველებზეც ახდენს ზემოქმედებას: კალიფორნიაში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ვირთხები, მოცარტის მუსიკის ფონზე, უფრო იოლად პოულობდნენ ლაბირინთიდან გამოსასვლელს. სამეცნიერო გამოცემებში ამ და მსგავსი ცნობების გამოქვეყნების მიუხედავად, ეჭვი ეჭვად რჩება. შესაძლებელია თუ არა "მოცარტის ეფექტის" მეცნიერულად დასაბუთება? თუ ესეც ისეთივე მითია, როგორიც გენიალური მუსიკოსის სიკვდილთან დაკავშირებული ლეგენდა, რომელიც მოცარტის გარდა სალიერის სახელს უკავშირდება? ასეა თუ ისე, წელს მოცარტის წელია - მისი დაბადების 250-წლიან იუბილესთან დაკავშირებით - და ეს საკმარის მიზეზად ჩავთვალეთ საიმისოდ, რათა დაგვესვა კითხვა: მართლაც არსებობს თუ არა "მოცარტის ეფექტი"? პასუხებს და მოსაზრებებს ამ შეკითხვის გარშემო მარიამ ჭიაურელისაგან მოისმენთ, ბუნებრივია, მოცარტის მუსიკის ფონზე...

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
მოცარტის სონატა ორი ფორტეპიანოსთვის: ეს ნაწარმოები, რატომღაც განსაკუთრებით ხშირად იმსახურებს მეცნიერთა ინტერესს “მოცარტის ეფექტის” კვლევისას. ბოლო ხანს ის ექსპერიმენტისთვის ბრაზილიელმა მკვლევრებმა გამოიყენეს და პაციენტებს, ვინც ათი წუთი უსმენდა ამ ნაწარმოებს, გაცილებით უკეთესი პერიფერიული მხედველობა აღმოუჩინეს, ვიდრე სიჩუმეში მყოფთ. საინტერესო აღმოჩენააო, აღიარებს ოფთალმოლოგიის სპეციალისტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ სტამპერი - მაგრამ მისივე რწმენით, მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე მოცარტის სონატას პრაქტიკაში, ანუ პერიფერიული მხედველობის გასაუმჯობესებლად გამოიყენებდნენ...

[რობერტ სტამპერის ხმა] "ცოტა მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე ამ წინასწარი გამოკვლევისა, ვიდრე ყველა გაიქცეოდეს და იყიდდეს კომპაქტდისკს ამ სონატის ჩანაწერით და სტერეო-სისტემას მხედველობის შესამოწმებლად."

პერიფერიული მხედველობის შემოწმება, განაგრძობს სკეპტიკურად განწყობილი რობერტ სტამპერი, დამღლელი, მოსაწყენი იყო პაციენტებისთვის: მათ ლამის ნებისმიერი მუსიკა ესიამოვნებოდათო.

[რობერტ სტამპერის ხმა] "მოცარტს, თუ მის მუსიკას, ბევრ რამეს მიაწერენ. ყველაფერს - დაწყებული ემბრიონის ტვინის განვითარებით და დამთავრებული ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებით, უკეთესი მათემატიკოსების “გამოყვანით”. და არის იმის ნიშნებიც - მაგრამ არა ცალსახა ნიშნები - რომ გარკვეული უნარები უმჯობესდება - მოცარტის გარკვეული ნაწარმოებების მოსმენისას."

ცალსახა ნიშნებია თუ არა, ბევრმა, რახანია, ირწმუნა კლასიკური მუსიკის ჯადოსნური ზემოქმედების ამბავი: 1998 წელს ამერიკაში, ჯორჯიის შტატის კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, ჩვილი ბავშვების დედებისთვის კლასიკური მუსიკის კომპაქტდისკების დარიგების შესახებ, იმავე წელს ფლორიდის შტატში მიიღეს კანონი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის ყოველ დღე ჩაერთოთ კლასიკური მუსიკა. სამხრეთ კორეაში კი კლასიკური კომპოზიციების ძალა მცენარეებზეც მოსინჯეს: ყვავილების ფესტივალზე მოცარტს უკრავდნენ ვარდების უკეთ გაფურჩქვნის იმედით...

მოცარტს რომ იმედები უკავშირდება, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ კომერციით დაკავებულებს. ინტერნეტ-მაღაზია ამაზონ-წერტილი-კომ მყიდველს სთავაზობს რამდენიმე საბავშვო კომპაქტდისკს “მოცარტის ეფექტით”. ერთ-ერთი აღტაცებული კლიენტი, ვინმე რებეკა როგორც ირწმუნება, მის შვილს - ბავშვი კი სულ ოთხი თვისაა- ძალიან უყვარს ეს მუსიკა - მარტო ამ კომპაქტდისკის მოსმენით მშვიდდება. “რებეკა” ალბათ, ძალიან გაკვირვებული და გაწბილებული დარჩება, შვეიცარელი ფსიქოლოგის, ადრიან ბანგერტერის შეფასება რომ მოისმინოს: ეს უკანასკნელი “მოცარტის ეფექტს” გამონაგონად, მითად მიიჩნევს.

[ადრიან ბანგერტერის ხმა] “მასმედიაში ნახავთ სტატიებს, რომელთა თანახმად სამეცნიერი ექსპერიმენტები ადასტურებს, რომ მოცარტის მოსმენა ხელს უწყობს ჩვილების, ემბრიონების და ახალშობილების გონებრივ განვითარებას - მაგრამ ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია. ჩვილებზე მოცარტის მუსიკის ზემოქმედების შესახებ რაიმე სამეცნიერო გამოკვლევა არასოდეს ჩატარებულა.”

ადრიან ბანგერტერმა იცის, როდის, სად და როგორ დაიბადა მითი მოცარტის ეფექტზე - 1993 წელს, შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევით, რომელმაც აჩვენა, რომ კოლეჯის იმ სტუდენტებმა, ვინც ათი წუთი უსმინა მოცარტის სონატას, ოდნავ უკეთესი შედეგი აჩვენეს ორიენტაციის უნარის შემოწმებისას. ამ გამოკვლევას მოჰყვა მისი შედეგით ამერიკის მედიის დაინტერესება, შედეგების გაზვიადება და ლამის მთელი მსოფლიოს ალაპარაკება მოცარტის ეფექტზე. აი ამ ვითარებაში გადაწყვიტეს მეცნიერთა წრეებში, გაემეორებინათ ექსპერიმენტი და, საერთოდ, შეემოწმებინათ მოცარტის ეფექტზე ცნობის რეალობასთან ურთიერთმიმართების ამბავი. და აი, 1999 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწე კრისტოფერ ჩაბრისმა გამოაქვეყანა სტატია, რომლისთვისაც ოცამდე ასეთი გამოკვლევის შედეგები გააანალიზა და დაასკვნა: მოცარტის ეფექტი არ არსებობს. და მაინც, ამ შემთხვევაში ფაქტი კი არა, მითია ჯიუტი. შვეიცარელი მეცნიერი განმარტავს:

[ადრიან ბანგერტერის ხმა] “იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ასეთი წარმოდგენები დიდხანს ცოცხლობს, რადგან მათი დასაბუთებული უარყოფაც კი - ადამიანებს ადვილად ავიწყდებათ. ამიტომ ასეთი წარმოდგენა, გარკვეულად, უკან ბრუნდება ხოლმე. იგივე ეხება ჭორებს, მითქმა-მოთქმას. აი, ხომ გაგიგიათ ჭორი, თითქოს მაკდონალდსი ხორცში მატლებს ურევდეს, ან მსგავსი რაღაცეები. და ასეთი ჭორები, მიუხედავად მათი დასაბუთებული უარყოფისა, წლების მერე ისევ ამოტივტივდება ხოლმე და ხალხი მათ ისევ იჯერებს.”

ჭორია თუ არა, ბოლოს და ბოლოს, რა უნდა იყოს ცუდი იმაში, რომ მოცარტს უსმენ - თუნდაც ამან არ გაგხადოს უფრო ჭკვიანი, არც მხედველობა გაგიუმჯობესოს, და არც ალერგიისაგან დაგიცვას?
ბანგერტერრის პასუხი:

[ადრიან ბანგერტერის ხმა] "კი ამის თქმა შეიძლება. მაგრამ როცა მშობლები, ან ორსული დედა, საყურისებს იდებს მუცელზე, იმისათვის რომ ბავშვმა კლასიკურ მუსიკას მოუსმინოს.. არ ვიცი, ეს შეიძლება, საზიანო იყოს: - ალბათ, ძალიან ხმამაღალია ემბრიონისთვის, შესაძლოა მას სტრესი შეუქმნას. ექსპერტი არა ვარ, ამიტომ დანამდვილებით ვერ გეტყვით. შეიძლება, სრულიად უსაფრთხოცაა."

ეს, რაც შეეხება ემბრიონს - ბავშვებისთვის და ზრდასრული ადამიანებისათვის კი მოცარტის მუსიკა, სავსებით უსაფრთხოა. ყოველ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო მოსაზრება ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ გავრცელებულა.

დავით კაკაბაძე:
და სწორედ ამიტომ, მარიამ ჭიაურელის რჩევით, გადაცემას მოცარტის მუსიკით ვამთავრებთ. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. ხმის ოპერატორები იყვნენ თბილისში - ლევან გვარამაძე, ხოლო პრაღაში - ანგელინა შკურენკო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG