Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების ნაწილი საქართველოში იგორ გიორგაძის პარტიის გააქტიურებას უპირისპირდება


საქართველოს კულტურის მოღვაწეთა ერთი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში იგორ გიორგაძის მომხრეების გააქტიურების გამო და გარე ძალებთან მათი ფინანსური კავშირის გამოკვლევას ითხოვს.

”ვფიქრობთ, საქართველოს ყოველი მოქალაქის ინტერესია პოლიტიკური სპექტრის გაწმენდა უცხო ქვეყნის ჯაშუშებისგან,” - ნათქვამია კულტურის მოღვაწეთა განცხადებაში, რომელიც 17 ივლისს გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნდა. უფრო კონკრეტულად - რას ითხოვენ კულტურის მოღვაწენი? გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ: დავით ტურაშვილი, ქეთევან იგნატოვა, ხათუნა ოჩიაური, გია ბუღაძე, ზააალ სამადაშვილი და სხვები. განცხადებაზე ხელმომწერნი მიიჩნევენ, რომ საქართველოში გახსნილია მესამე ფრონტი, იგორ გიორგაძის მხარდამჭერი მეხუთე კოლონის სახით. ”საბედნიეროდ, არც მთავრობა და რაც ოპოზიცია ეჭვქვეშ არ აყენებს ამ გაერთიანების მოღალატურ ბუნებას და მისგან მომდინარე საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ვფიქრობთ, საქართველოს ყოველი მოქალაქის ინტერესია, პოლიტიკური სპექტრის გაწმენდა უცხო ქვეყნის ჯაშუშებისგან, როგორსაც წარმოადგენენ იგორ გიორგაძის პარტიის ლიდერები. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, საგანგებოდ იქნეს გამოკვლეული მათი უკანონო ფინანსური კავშირები გარეშე ძალებთან,” - ნათქვამია განცხადებაში. როგორც უკვე ვთქვით, მას ხელს აწერენ კულტურის მოღვაწეები, მათ შორის, მხატვარი გია ბუღაძე. ის ფიქრობს, რომ საჭიროა სამოქალაქო დაპირისპირება ისეთ მოვლენასთან, როგორიცაა საქართველოში იგორ გიორგაძის პარტიის, ”სამართლიანობის”, გააქტიურება. ”ცნობილია, რომ ”სამართლიანობის” მიერ ორგანიზებულ აქციებზე მისულ ადამიანებს ფულს უხდიან. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ და რისთვის უხდის მათ ამ ფულს,” - ამბობს გია ბუღაძე:

[გია ბუღაძის ხმა] ”ეს არ არის ჩვეულებრივი პარტიული გაერთიანება, ეს არის უცხო ქვეყნის სპეცგაერთიანება. ვფიქრობ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის პარტია. ”

მოკლედ, მოთხოვნა ასეთია: გააქტიურდეს სამოქალაქო ძალისხმევა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის ჯაშუშების არსებობის წინააღმდეგ და მოხდეს გარეშე ძალებთან მათი ფინანსური კავშირის შესწავლა. საზოგადოების ერთი ნაწილის ამ ინიციატივას მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით კირკიტაძე, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო ოპოზიციას შესთავაზა ერთობლივი ჯგუფის შექმნა საქართველოში იგორ გიორგაძის ფონდის ფინანსური საქმიანობის შესასწავლად. ” ჩემს ინიციატივას საპასუხო რეაგირება არ მოჰყვა,” - ამბობს კირკიტაძე და დასძენს, რომ ამის გამო დამოუკიდებლად შეუდგა გიორგაძის პარტიისა და მისი ფონდის ფინანსური საქმიანობის შესწავლას:

[დავით კირკიტაძის ხმა] ”თითქმის ყველა რეგიონში აქვთ გახსნილი ოფისები, სადაც იღებენ მოჭრილ თანხას ოფისის ხელმძღვანელები. მე ამ ინფორმაციას ძალიან მალე გავაცნობ საზოგადოებას. აქ არ არის ლაპარაკი ათასებზე. აქ არის ლაპარაკი ექვსნიშნა ციფრებზე. ეს ფული იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და ქვეყანა არ განვითარდეს იმ გზით, რომლითაც მიდის. ”

აქვე შევნიშნავთ, რომ 17 ივნისს საქართველოს საზოგადოებას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის, ლიკვიდაციის გეგმის თაობაზე აუწყა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ. მისი თქმით, დადგენილია, რომ ამ მიზნით საქართველოში რუსეთიდან ცხინვალის გავლით იყო შემოსული ვინმე კურტაევი. მან გეგმის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და უკან ასევე ცხინვალის გავლით დაბრუნდა. 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გიორგი არველაძემ აღნიშნა, რომ საქართველო სერიოზულ საფრთხეს გადაურჩა, რადგან გეგმა, რომელიც საქართველოს გარეთ შემუშავდა, საქართველოში დაძაბულობის შექმნასა და საქართველოს პრეზიდენტის დისკრედიტაციაზე იყო გათვლილი.
XS
SM
MD
LG