Accessibility links

logo-print

პუტინ-სააკაშვილის შეხვედრამ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების ილუზია გააქარწყლა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური თემა სანკტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას უკავშირდებოდა.

პუტინ-სააკაშვილის დიალოგის წინ შეფასებები საქართველოში არაერთგვაროვანი იყო, თუმცა ყველა თანხმდებოდა ერთ საკითხში, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების რადიკალური შეცვლა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ იყო.
ეს განსაკუთრებით შეხვედრის პოლიტიკურ ნაწილს ეხებოდა. სამაგიეროდ, არსებობდა გარკვეული ეკონომიკური მოლოდინი, კერძოდ, ბევრი ვარაუდობდა, რომ ორი პრეზიდენტის დიალოგის შემდეგ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვების შეზღუდვა თუ არ მოიხსნებოდა, ემბარგო შერბილდებოდა მაინც. სამწუხაროდ, არც ეს მოლოდინი გამართლდა და რუსეთს არც სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის შემდეგ შეუწყვეტია ქართული ღვინისა თუ მინერალური წყლების სავაჭრო ქსელიდან ამოღების პროცესი. უფრო პირიქით, სააკაშვილ-პუტინის დიალოგიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავისი ”განსაკუთრებული” დამოკიდებულებით ცნობილი რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო, ჩვეულ სტილში და ჩვეული პათოსით, ჟურნალისტებს ქართული ღვინის განადგურების თაობაზე ანგარიშს აბარებდა. რუსული სანიტარული სამსახურის მკაფიოდ გამოხატულმა აგრესიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პოლიტიკაში ერთი, თუნდაც მაღალ დონეზე გამართული, შეხვედრა ბევრს ვერაფერს შეცვლის.

საინტერესოა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის საჯარო გამოსვლაში სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე გააკეთა აქცენტი. არ გვგონია, რომ მისი ამგვარი ინტერესი ორმხრივი ეკონომიკური თანამშროლობის გაღრმავების დაუოკებელი სურვილით იყოს განპირობებული. უბრალოდ, რუსეთი თანმიმდევრულია თავის ”ახალი ეკონომიკური ექსპანსიის” პოლიტიკაში და თანაც არ ავიწყდება შეახსენოს თავის პატარა, მაგრამ ამაყ მეზობელს, რომ, ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ ლტოლვის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის დიდი წილი ჯერჯერობით მასზე, რუსეთზეა, დამოკიდებული:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”სიძნელეების მიუხედავად, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ვითარდება და, რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, ვითარდება წარმატებულად. სავაჭრო ბრუნვის ზრდა ყოველწლიურად დაახლოებით 50 პროცენტს და მეტს შეადგენს. იზრდება პირდაპირი ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. გასული წლის განმავლობაში ამ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა სამჯერ. შეიძლება კაპიტალდაბანდებების ოდენობა აბსოლუტურ გამოხატულებაში ჯერჯერობით დიდი არ არის, მაგრამ ტენდენცია აშკარად არც თუ ისე ცუდია.”
მართლაც, რუსეთი დღემდე საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და, 2005 წლის მონაცემებით, მასზე ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის 15%-ზე მეტი მოდიოდა. რუსული კომპანიები აკონტროლებენ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოწოდებას, მათ ეკუთვნით საქართველოს ყველაზე მსხვილი ენერგოგამანაწილებელი სტრუქტურა, ფლობენ კონტროლს ქიმიურ მრეწველობაზე და ა.შ. პუტინს არც იმის შეხსენება დავიწყებია, რომ რუსეთში მომუშავე ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში ოჯახების შესანახად სოლიდურ თანხებს გზავნიან. პუტინმა ზეპირად დაასახელა რამდენიმე ეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის, საქართველოში განხორციელებული ტრანსაქციის ოდენობაც და ისიც დაგვაყვედრა, რომ მას ამ ტრანსაქციების შეჩერების ბრძანება არ გაუცია. რუსულმა მედიამ საკუთარი პრეზიდენტის ეს ტრიუკი სათანადოდ შეაფასა, თუმცა არ აღუნიშნავს, რომ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია ვინმემ, თუნდაც უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტმა, შეძლოს აკრძალოს ფულის ელექტრონული გადარიცხვები, მით უმეტეს, როდესაც ის სისტემები, რომლითაც რუსეთში მცხოვრები ქართველები სამშობლოში ფულს გზავნიან, მათ არ ეკუთვნით და საერთაშორისო ტრანსნაციონალური ქსელის შემადგენელი ნაწილია. პუტინმა აქვე შეგნებულად დაასახელა ტრანსაქციების ის ოდენობა, რომელსაც ხშირად შეგვახსენებენ რუსი პოლიტიკოსები და იქაური მედია. მისი თქმით, საქართველოში წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდიდან 2 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხა იგზავნება. საინტერესოა, რომ, ყველა ტიპის ელექტრონული გადარიცხვებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების ოდენობა, მაგალითად, გასულ წელს 403 მლნ დოლარი, ანუ პუტინის მონაცემზე მინიმუმ 4-ჯერ ნაკლები, იყო. ამ გადარიცხვების უდიდესი წილი, მართლაც, რუსეთზე მოდის, თუმცა ის 260 მილიონს არ აღემატება. ცხადია, ეს უმნიშვნელო ”უზუსტობა” პუტინმა ისევ და ისევ საკუთარი ქვეყნის როლის წარმოსაჩენად დაუშვა. ამაში გასაკვირი არაფერია და რუსეთისაგან სხვას არც არაფერს ველოდით. გასაკვირი უფრო ის დამოკიდებულებაა, რასაც ხშირად საქართველოს ხელისუფლება თუ ბიზნესსტრუქტურები ამ ქვეყნის, უკეთ კი, ამ ქვეყნის კაპიტალის მიმართ იჩენს - ჩვენ თითქოს დიდი ხანია განვსაზღვრეთ განვითარების პოლიტიკური ვექტორი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არ ემთხვევა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესს, მაგრამ ეს რატომღაც ხელს არ გვიშლის, რომ ჩვენი ქვეყნის ქონება დაუფიქრებლად ჩავუგდოთ ხელში საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკურად ანგაჟირებულ რუსულ კომპანიებს; იმავდროულად, არც იმასთან შეგუება გვინდა, რომ რუსული ბაზარი არასტაბილური და ძნელად პროგნოზირებადია და, ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და რეალიზაციის ახალი, უფრო ცივილიზებული, ბაზრების ძებნის ნაცვლად, ისევ იქ დაბრუნებაზე ვოცნებობთ.
XS
SM
MD
LG