Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო დანახარჯები იზრდება, თუმცა ხარჯვის კანონიერება შეკითხვებს ბადებს


გასულ კვირაში ცნობილი გახდა სტოკჰოლმის მშვიდობის

შემსწავლელი ცენტრის 2005 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველო, სამხედრო დანახარჯების ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლით, პირველ ადგილზე გავიდა. თუ რა მიზეზებმა განაპირობეს თავდაცვის ბიუჯეტის მატება, ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” ჩავეძიებით შეკითხვას, თუ რამდენად გამჭვირვალეა სამხედრო ბიუჯეტის ხარჯვა და რა მოსაზრებები აქვთ ამ საკითზე სამხედრო ექსპერტებს.

თავდაპირველად კიდევ ერთხელ იმის შესახებ, თუ რა წერია ავტორიტეტული შვედური ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოზე. გამოკვლევის თანახმად, განვლილ წელს საქართველოს ბიუჯეტი 140 პროცენტით გაიზარდა და სამხედრო დანახარჯებმა 146 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს ინფორმაცია რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ. თუმცა მის მიერ მოხმობილი ციფრი კიდევ უფრო შთამბეჭდავია:

[მამუკა კუდავას ხმა] ”ამ პრესტიჟული ინსტიტუტის მოხსენება დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რასაც ჩვენ ვგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში. და დაახლოებით 220 მილიონი დოლარი, რაც გვაქვს წელს ბიუჯეტში, არის ის, რაც შარშან იყო.”(სტილი დაცულია)

ცნობილია სამხედრო დანახარჯების რეკორდული ზრდის არგუმენტებიც: ნატოში თავსებადობა, ბრძოლისუნარიანობის ამაღლება და სტრუქტურული რეფორმები, რაც პირველ ეტაპზე დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამ პირობების გათვალისწინებით, ბიუჯეტის ზრდას მხარს უჭერენ დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები და სამხედრო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. თუმცა, რაც შეეხება სამხედრო ხარჯების კანონიერებას, განსაკუთრებით შესყიდვების სფეროში, აქ ეჭვების საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს. ყოველკვირეული ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამხედრო შესყიდვების კანონიერებას რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნა. საქმე ეხებოდა ე.წ. უნაგირა-გამწევებს, რითაც შორ მანძილზე გადააქვთ მუხლუხოიანი მძიმე ტექნიკა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”2005 წლის დასაწყისში 15 ცალი იქნა შესყიდული. თითოეული 42 ათას დოლარად იქნა შესყიდული უკრაინაში. გადის ორი თვე, თავდაცვის სამინისტროში მოდის იგივე ხალხი და ზუსტად იმავე უნაგირა გამწევების შესყიდვა უკვე ხდება 52 ათას დოლარად, ანუ 10 ათასი დოლარით ძვირად. 10 ცალი შეისყიდეს. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ საქართველომ იზარალა, არანაკლებ, 100 ათასი დოლარი.”


თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დიდი ოდენობის თანხის კანონიერებას აკვირდება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლება.” ორგანიზაციის იურისტის შალვა თადუმაძის განცხადებით, სამხედრო შესყიდვები მკაცრად გასაიდუმლოებული საქმიანობის სფეროა საქართველოში. თუმცა ორგანიზაციას მაინც ჩაუვარდა ხელთ რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც, შალვა თადუმაძის თქმით, აშკარად ჩანს პირადი ფინანსური დაინტერესება:

[შალვა თადუმაძის ხმა] ”ამ ფინანსების ხარჯვის კანონიერებაზე ვიცი ერთი, რომ თუნდაც იმავე ”კამაზებში”, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს გამოყვანილი ჰყავდა აღლუმის პერიოდში, თითო ”კამაზზე” გაკეთდა 20 ათასი დოლარი ზედმეტი ფული. ანუ სამი თვის განმავლობაში იმავე ფორმის და კლასის ”კამაზის” ფასმა ზრდა განიცადა 20 ათასი ლარით. ანუ თუ იყიდეს 30 ათასად, სამი თვის შემდეგ იმავე რაოდენობის, მოდელის და ფორმის ტრანსპორტი იყიდეს 50 ათასად. ფასთა სხვაობა გვიჩვენებს, რომ აქ ფული გაკეთდა.”(სტილი დაცულია)

დამოუკიდებელ ექსპერტებს დამაფიქრებლად ეჩვენებათ ის გარემოება, რომ კონტროლის პალატას დღემდე არ შეუმოწმებია 2005-2006 წლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული საბიუჯეტო ხარჯების კანონიერება. სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას თან უნდა ახლდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების ამოქმედება, რათა გამოირიცხოს სამხედრო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ჩემი აზრით, უშუალოდ პრეზიდენტთან, უმაღლეს მთავარსარდალთან, უნდა არსებობდეს რაღაც, გენერალური ინსპექციის მსგავსი, სტრუქტურა, რომელსაც შეეძლება გააკონტროლოს და პრეზიდენტს მოახსენოს, თუ რა ხდება.”(სტილი დაცულია)

შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად მკაცრი კონტროლის მექანიზმის ამოქმედებას მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძეც:

[შალვა თადუმაძის ხმა] ”ნორმალური შეიარაღების შესყიდვის შემთხვევაში, იქ არის უამრავი კონტროლის მექანიზმი, რომ დაფიქსირდეს, თუ რა ფასად, ვის და რა ფირმას შემოაქვს.”(სტილი დაცულია)

ერთ-ერთი კოლექტიური ორგანო, რომელსაც ხელი მიუწვდება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სამხედრო შესყიდვებზე, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფია. ამ ჯგუფის წევრია პარლამენტარი დავით კირკიტაძე, რომელმაც რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ თავდაცვის სამინისტრო მათ ყოველთვის აწვდის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შესყიდვებზე დახარჯული თანხის ანგარიშს:

[დავით კირკიტაძის ხმა] ” არ არის თანხა, რომელიც არ იყოს გაშიფრული და დეტალურად მოცემული ბიუჯეტში, რასაც თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის წარმოადგენს ხლომე ნდობის ჯგუფში. ხოლო, ახლა, რაც არის სამხედრო საიდუმლოება, ბუნებრივია, ეს ვერ გახდება ცნობილი ყველასათვის. თუმცა რამდენი იარაღი შევისყიდეთ და რამდენი სამხედრო მოსამსახურე გვყავს, ეს საჯარო ინფორმაციაა და ყველას შეუძლია აიღოს.”(სტილი დაცულია)

თუ წინა პერიოდებს გავიხსენებთ, სამხედრო ტექნიკის შესყიდვა არაერთხელ გამხდარა სკანდალისა და კორუფციული დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი. უკანასკნელად მაღალჩინოსან ოფიცერთა ჯგუფი შარშან სექტემბერში დააკავეს უკრაინიდან შემოტანილი უხარისხო ტექნიკის გამო. მაგრამ ასეთ პრეცედენტებს აშკარად გამოხატული კონიუნქტურული ხასიათი აქვს: სამხედრო შესყიდვებში დაშვებული სამართალდარღვევები საქართველოში მხოლოდ წინამორბედი მინისტრების საქმიანობას უკავშირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG