Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული ერთი კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა


გასული ერთი კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იყო.
სანკტ-პეტერბურგში მიხეილ სააკაშვილის გამგზავრებამდე თბილისში გამოთქმულ იმედს, რომ, კონფლიქტების მოგვარების მხრივ, მოსკოვი პოზიციას სასიკეთოდ შეცვლიდა, რუსეთმა კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის სიტყვიერი აღიარებით უპასუხა. სააკაშვილ-პუტინის მოლაპარაკებიდან მეორე დღეს რუსეთი ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის დაფინანსების მიზნით გაერთიანებულ ეუთოს წევრ ქვეყნებს გაემიჯნა და ცალმხრივი წესით მოქმედება გადაწყვიტა.
სანკტ-პეტერბურგის შეხვედრას და მის ფონზე განვითარებულ რამდენიმე მოვლენას შეგახსენებთ.



საქართველოს პრეზიდენტმა რომ რუს კოლეგას შეხვედრა შესთავაზა, ეს ჯერ კიდევ გასული კვირის დაწყებამდე გაირკვა, თუმცა უშუალოდ თარიღის მოახლოებამ და, მით უმეტეს, უკვე რეალობად ქცეულმა მოლაპარაკებამ ამ ფაქტს განსაკუთრებული აქტუალობა სწორედ გასულ კვირაში შესძინა. საქართველოს ხელისუფლებამ კვირა რუსეთთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან განახლებისთვის მზადყოფნაზე საუბრით დაიწყო, კრემლის ადმინისტრაციამ კი პრეზიდენტების მოლაპარაკებისას საქართველოსგან დადებითი პოლიტიკური იმპულსი მოითხოვა. თავად რუსეთისთვის 13 ივნისი რომ უნიკალური შანსი იყო, ეს პრეზიდენტების მოლაპარაკებამდე რამდენიმე საათით ადრე მოსკოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აცნობა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,რუსეთის პრეზიდენტს დღეს აქვს მართლაც უნიკალური შანსი, რომ მთელ მსოფლიოს დაანახვოს, რომ ეს არის ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომ ეს არის დიდი სახელმწიფო არა მხოლოდ მოსახლეობით და ტერიტორიით, არამედ დიდი სახელმწიფო, რასაც რუსულად ”ველიკაია დერჟავა” ჰქვია, რომელსაც შეუძლია სამართლიანად გადადგას ნაბიჯები პატარა სახელმწიფოს სამართლიანი და კანონიერი ინტერესების ხელშესაწყობად.” (სტილი დაცულია)

რუსეთი რომ დიდია, საქართველო კი - პატარა, ეს მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმაც გაიმეორა, მანამდე კი ვლადიმირ პუტინთან გვიან ღამით ორი საათის განმავლობაში საუბრობდა. უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის განეიტრალებისადმი როგორც იმედით, ასევე უიმედოდ განწყობილმა ადამიანებმა პრეზიდენტებისგან საბოლოოდ ის შეიტყვეს, რომ სააკაშვილს და პუტინს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება სურთ და რომ ერთმანეთის მეზობლობა გარდაუვალია. რაც შეეხება მთავარ მოლოდინს, რომელიც კონფლიქტების მოგვარებას უკავშირდებოდა, მართალია, პრეზიდენტ პუტინს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად, ტერიტორიულ მთლიანობაზე არანაკლები მნიშვნელობის თვითგამორკვევის უფლება კონკრეტულად არ უხსენებია, მაგრამ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ხალხის აზრის გათვალისწინება ურჩია:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ,,ყველაფერი რომ წესრიგში ყოფილიყო, შიგნით პრობლემები არ იქნებოდა. ესე იგი პრობლემა არსებობს და დანითა და სამართებლით მისი მოგვარება არ შეიძლება. საჭიროა მოთმინება და კომპრომისების მოძიების სურვილი. უპირველეს ყოვლისა კი, აუცილებელია, რომ თავად ხალხმა მოისურვოს. საამისოდ საჭიროა ხიდის გადება არა საქართველოსა და რუსეთს, არამედ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. აუცილებელია ამ შეთანხმებისკენ ჭეშმარიტი სწრაფვა, რადგან სხვა საფუძველზე შეუძლებელია მტკიცე ურთიერთობის შენება ხანგრძლივი პერსპექტივით.”

საქართველო რომ კონფლიქტების მოგვარების მისეული სამშვიდობო გეგმების შეცვლას არ აპირებს, ეს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ სანკტ-პეტერბურგში დაადასტურა და ტერმინი “გაყინული კონფლიქტი” რეალობასთან შეუსაბამოდ გამოაცხადა:


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,რეალობა ასეთია: მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ანექსია. ბუნებრივია, ჩვენ არასდროს დავთანხმდებით, რომ ვიღაც ტერიტორიას წაგვართმევს. ვფიქრობ, რომ რუსეთს ამგვარი განზრახვა არა აქვს. რუსეთი უდიდესი ქვეყანაა და საქართველოზე გაცილებით დიდი ტერიტორია აქვს. საქართველო ძალიან პატარა და ლამაზი ქვეყანაა და უმჯობესია, მას თავი დაანებონ.”

როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილის ეს განცხადება დაედო ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს ხელისუფლებაში წარმოქმნილ სიამაყის გრძნობას, რომელსაც გასული კვირის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამოხატავდნენ:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,დიდი ხანი ელოდა საქართველო იმას, რომ ეყოლებოდა პრეზიდენტი, რომელიც მის სათქმელს ყველა დონეზე და ყველგან, ყველა გარემოებაში და ყველა ვითარებაში იტყოდა ისე დამაჯერებლად, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ, იმ გულწრფელობით და იმ პატრიოტიზმით. ყველა ადამიანს, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად რა შეხედულებები ჰქონდა, ექნებოდა სიამაყის გრძნობა.” (სტილი დაცულია)

გიგა ბოკერიას მიერ მოხსენიებულ კატეგორიაში არ აღმოჩნდნენ, მაგალითად, ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიციის” წევრები. მათი ლიდერი დავით გამყრელიძე კონფლიქტების მოგვარებისადმი რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულებას საგანგაშოს, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას კი ”პიარს” უწოდებს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ,,საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, რომ ეს არის ანექსია და ასე შემდეგ, უფრო მიმართული იყო ქართველი ამომრჩევლისადმი. მას, ეტყობა, სხვა არაფერი დარჩენოდა იმ პრესკონფერენციაზე, როდესაც მოლაპარაკებამ, ეტყობა, არანაირი შედეგი არ გამოიღო, რომ დაეწყო პიარის კეთება საქართველოში.” (სტილი დაცულია)

რა შედეგი ჰქონდა სააკაშვილ-პუტინის მოლაპარაკებას? უშუალოდ შეხვედრის მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ აღიარა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ,,სხვა არის რამდენად ვდგამთ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მარტო აღიარება საზღვრის არ არის საკმარისი. ეს იყო ჩვენი ძირითადი გზავნილი. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ჩვენ გაგვეგო ერთმანეთის პოზიცია.” (სტილი დაცულია)

რუსეთს რომ პოზიცია არ შეუცვლია, ეს გასულ კვირაში ბრიუსელში, დონორთა კონფერენციაზე, დადასტურდა. ეუთოს წევრი ქვეყნების ერთიან გადაწყვეტილებას ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის თითქმის რვა მილიონი ევროთი დაფინანსების თაობაზე რუსეთი გაემიჯნა და განაცხადა, რომ ცხინვალისთვის განკუთვნილ სამ მილიონ ევროს საერთო ფონდში არ ჩარიცხავს. თბილისში მიაჩნიათ, რომ ამგვარი მოქმედება ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებას. ამ პროცესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად გასულ კვირაში საქართველოს მიერ კვლავ დასახელდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც, თბილისის განცხადებით, არ რეაგირებს ოსური მხარის მიერ ძალების მობილიზებაზე. თავის მხრივ, ცხინვალი და რუსული სამხედრო სარდლობა კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების ინიციატორად კვლავ ქართულ ძალოვან სტრუქტურებს ასახელებენ. გასულ კვირაში გაირკვა ისიც, რომ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკები ერთიანი სამშვიდობო ძალების შექმნას გეგმავენ. სოხუმში ხელმოწერილი დეკლარაციის ამ ნაწილის მიზანი ედუარდ კოკოითიმ განმარტა:

[ედუარდ კოკოითის ხმა] ,,ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, რომელიმე ერთი რესპუბლიკის საწინააღმდეგო აგრესიის შემთხვევაში, ერთმანეთი დავიცვათ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონებში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ძალებს არანაირი ალტერნატივა არა აქვს და არც ექნება. რუსი მშვიდობისდამცველები კონფლიქტების სრულ მოგვარებამდე დარჩებიან.”


რუსეთის სამშვიდობო ძალებს გასულ კვირაში კვლავ უალტერნატივო და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. კონფლიქტურ რეგიონებში რუსი მშვიდობისდამცველების დარჩენა პრეზიდენტების შეხვედრის შემდგომ დადებით ცვლილებებს დაუკავშირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. გასული კვირის მინიმუმ ორი მოვლენის - ბრიუსელის კონფერენციისა და ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამხედროების მოქმედების - გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება დადებითი ცვლილებების ტენდენციას ჯერჯერობით ვერ ხედავს. გასული კვირის დასაწყისში რუსეთთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებისთვის მზადყოფნა კვირის ბოლოს რუსეთისადმი ახალ ეჭვში გადაიზარდა. შაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გახსნილად გამოაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმის მცდელობა. არველაძის ინფორმაციით, იძებნება ვინმე გიორგი კურტაევი, რომელიც თბილისში ცხინვალის გავლით რუსეთიდან, კერძოდ, ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა და დავითაშვილზე თავდასხმის ჩაშლის შემდეგ კვლავ ვლადიკავკაზში დაბრუნდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საქართველომ თავიდან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია აიცილა:


[გიორგი არველაძის ხმა] ,,ოპერაციის პოლიტიკური შედეგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის დისკრედიტაცია და უნდა შექმნილიყო სურათი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტი ფიზიკურად უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია დავასახელოთ, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ ამ საქმეში, თუმცა ხელწერა ძალიან ჰგავს გორის ტერაქტს, როდესაც მასში პირდაპირ მონაწილეობდნენ იმჟამინდელი ”გრუს” მაღალჩინოსნები. საოცარია, ვის უნდა მოსვლოდა თავში აზრად ამ “დიდი რვიანის” სამიტის წინ და პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის წინ საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა?!” (სტილი დაცულია)

რუსეთისადმი ამ ახალ ეჭვს თან ახლდა მასთან თანამშრომლობის იმედიც, ამჯერად კობა დავითაშვილზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილის დაპატიმრების მიზნით. გასული კვირის მოვლენები კი უკვე აშკარად ქმნის იმის საფუძველს, რომ სააკაშვილ-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებული მოლოდინის განწყობა ახალი კვირიდან ძველ რეჟიმს დაუბრუნდეს. მით უმეტეს, რომ რუსეთის კრიტიკისთვის დაწესებულ მორატორიუმს ვადა უკვე ამოეწურა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG