Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან


სოხუმში 19 ივნისს მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა ვიზიტები შედგა: სოხუმს ეწვია გაეროს საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში ჰაიდი ტალიავინი,

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ამოქმედების პერსპექტივის განსახილველად. და სოხუმსვე ესტუმრა აშშ-ის ორი წარმომადგენელი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი. ჩვენ სოხუმში დავურეკეთ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი შამბას, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ შედგა მისი და თვითგამოცხადებული რესპუკბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის შეხვედრა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან. ჩვენს შეკითხვაზე, რა საკითხები განიხილეს სოხუმში მოლაპარაკებაზე, რომელიც ამერიკელი დიპლომატების ინიციატივით შედგა, სერგეი შამბამ გვიპასუხა:

[სერგეი შამბა]“განვიხილეთ მოლაპარაკების პროცესის, სამშვიდობო პროცესის ყველა ასპექტი, რადგან აშშ მონაწილეობს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფში. მეგობართა ჯგუფი კი ასევე მონაწილეობს მოლაპარაკების პროცესში. ამიტომ ასეთი შეხვედრები აქ საკმაოდ ხშირად იმართება. ბატონი ბრაიზა არც ისე დიდი ხნის წინ დანიშნეს ამ მისიის ხელმძღვანელად და ამ მოკლე დროის მანძილზე მეორედ ჩამოდის აფხაზეთში, რათა სცადოს მხარეთა პოზიციების ერთმანეთთან დაახლოება. დღევანდელი ვიზიტიც ამას მიეძღვნა.”

[ჟურნალისტი] “და შეძლო ეს, დაახლოება...?”

[სერგეი შამბა]“: იცით, ეს რთული პროცესია და ასე სწრაფად არ გვარდება, მაგრამ ჩვენ ვაწარმოებთ საინტერესო საუბარს, კონსტრუქციული საუბარი მიმდინარეობს. ხოლო შედეგები ასე სწრაფად ვერ გამოჩნდება.”

[ჟურნალისტი] “ამ ვიზიტამდე თქვენ განაცხადეთ, რომ ვიზიტი იყო ამერიკელი ოფიციალური პირების ინიციატივა. რატომ ჩამოვიდნენ? უკავშირდება თუ არა ეს ვიზიტი პრეზიდენტების საააკაშვილისა და პუტინის ბოლო შეხვედრას?”

[სერგეი შამბა] “ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სააკაშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა რომ არ ყოფილიყო, ისინი მაინც ჩამოვიდოდნენ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ერთი პროცესის ფარგლებში ხდება. ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება და ერთმანეთს განაპირობებს. კი, შეიძლება ასეც შევხედოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ვიზიტი არ არის რაღაც სრულიად განსაკუთრებული რამ. ასეთი შეხვედრები ადრეც ყოფილა.”

[ჟურნალისტი] “თუ შეიძლება, პრზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ განცხადებას წაგიკითხავთ და თქვენი კომენტარი, თუ შეიძლება: “საქართველო მზად არის, უარი თქვას ნატოში შესვლაზე, თუ რუსეთი მას დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის საკითხის აღდგენაში”. დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გაკეთდა.”

[სერგეი შამბა] “არ ვიცი, რამდენიმე ზუსტია ეს ციტატა, მაგრამ ცალსახაა ის, რომ საქართველო გამუდმებით ცდილობს რაღაც გარეშე ძალების დახმარებით მოაგვაროს საშინაო პრობლემები. ეს უკვე აშკარააა. ასე იყო, როცა საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში - მაშინ შევარდნაძემ ითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება. გამუდმებით იმედოვნებენ, რომ გაერო მოაგვარებს, ნატო მოაგვარებს. ახლა კი თურმე ამბობს, რომ უარს იტყვის ნატოში შესვლაზე, თუ რუსეთი დაეხმარება მოგვარებაში. ეს არის ძველი სიმღერები მთავარზე.

[ჟურნალისტი] “და ბოლო შეკითხვა: კიდევ ერთხელ, არის რაიმე ცვლილებები თბილისისა და სოხუმის პოზიციებში?”

[სერგეი შამბა] “ბოლო დროს, ამ წლის მანძილზე, საკმაოდ აქტიურად ვაწარმოებთ კონსულტაციებს. არის რამდენიმე სერიოზული ინიციატივა. მოკლედ, ჩვენი მოლაპარაკების დღის წესრიგის ყველა საკითხში სახეზეა აქტივიზაცია. მაგრამ არ შეგვიძლი, დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ უკვე გვაქვს კარგი შედეგები, რადგან - ვიმეორებ- ეს არის ხანგრლივი პროცესი. მის დასასრულს მე, მაგალითად, ჯერ ვერ ვხედავ.”
XS
SM
MD
LG