Accessibility links

logo-print

მინისტრები აგიტაციის ფერხულში


გასულ კვირაში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პროექტი, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში

აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მონაწილეობას ითვალისწინებს. მინისტრებსა და მინისტრების მოადგილეებს კოდექსში ცვლილებით ნება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ვალდებულნი არიან არ გამოიყენონ ამისთვის სახელმწიფო სახსრები და ადმინისტრაციული რესურსები. საკანონმდებლო ცვლილების ამ კომპონენტის შესრულებაში ეჭვი ეპარება ოპოზიციას.

რას ეფუძნება საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მონაწილეობას დასაშვებს ხდის, ანუ ცვლილება, რომლითაც მოქმედ საარჩევნო კოდექსში ჩამოთვლილ იმ თანამდებობის პირთა სიიდან, რომელთაც ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, ამოღებულია მინისტრები და მინისტრების მოადგილეები? მათი საარჩევო კამპანიაში მონაწილეობა აღარ ჩაითვლება თანამდებობრივად შეუთავსებლად. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი რადიო “თავისუფლებას” განუმარტავს, რომ საფუძველი არის საკონსტიტუციო ცვლილება:

[მაჭავარიანის ხმა]
“ჩვენ როცა მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილება და მთავრობა საკონსულტაციო ორგანო კი აღარ არის, არამედ მას ამტკიცებს პარლამენტი და ის პრეზიდენტისთვის აღარ არის საკონსულტაციო ორგანო, ამან გამოიწვია, რომ ხელისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხალხმა იმის მიხედვით, თუ როგორ მუშაობს მთავრობა. ამიტომ მთავრობის წევრებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გავიდნენ და ამომრჩევლებს აუხსნან ამა თუ იმ მიმართულებით რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური ნორმა.”(სტილი დაცულია)

ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე იხსენებს იმ დროს, როცა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა აცხადებს, რომ სადავოა არა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა აგიტაციაში მონაწილეობა, არამედ ის, თუ როგორ და ვინ გააკონტროლებს როდის გამოიყენა ამა თუ იმ მინისტრმა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები ანდა მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების ადმინისტრაციული რესურსები:

[კაციტაძის ხმა]
“დაუშლის ვინმე რომელიმე მინისტრს საკუთარი უწყების მოსამსახურეებთან და თანამშრომლებთან შეხვედრას ამ პერიოდის განმავლობაში? – ვერავინ ვერ დაუშლის კონკრეტულ დარბაზში. ის არის მინისტრი და მოქმედებს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. და ამ შეხვედრის პერიოდში - როგორც მინისტრისა საკუთარ თანამშრომლებთან - ვინმე დაუშლის, რომ მან აგიტაცია გასწიოს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ამ ტიპის შეხვედრის დროს? – ვერ დაუშლის, იმიტომ რომ მას კანონი გაუმყარებს ამას. ეს არის ლეგიტიმაცია და ლეგალიზაცია სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის, სახელმწიფო მატერიალური ხარჯების, საშუალებების და სახელმწიფო ფულის, ანუ ბიუჯეტის, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებისა, რასაც აკანონებს ხელისუფლება.”(სტილი დაცულია)

ვიცე-სპიკერი მაჭავარიანი ადასტურებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელმა საარჩევნო კამპანიისას არ უნდა გამოიყენოს ბიუჯეტის სახსრები, და აზუსტებს:

[მაჭავარიანის ხმა]
“პირობითად, თუ პრემიერ-მინისტრი მიდის, ვთქვათ, ომალოში ვერტმფრენით და ის მიდის საარჩევნო კამპანიისთვის, არ შეიძლება იმ ვერტმფრენის საწვავი და მისი არენდა გადახდილი იყოს ბიუჯეტიდან. ეს უნდა იყოს საარჩევნო ფონდიდან გადახდილი და ეს უნდა იყოს ტრანსფარენტული და გამჭვირვალე.”

ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატი კი სთავაზობს უმრავლესობას, თუკი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი გადაწყვეტს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, ის ან თანამდებობიდან გადადგეს დროებით, ან შვებულებაში მაინც გავიდეს, რომ არ ჰქონდეს აგიტაციისთვის უწყებრივი რესურსების გამოყენების საშუალება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, რომ მზად არის ოპოზიციისგანაც მიიღოს რეკომენდაცია აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე მისთვის მსგავსი რეკომენდაციით არავის მიუმართავს:

[ბეჟაშვილის ხმა]
“პირადად ჩემთვის მე პრობლემას ვერ ვხედავ: ესეც შესაძლებელი არის, რომ შვებულებაში გავიდეს თანამდებობის პირი, მას შეუჩერდეს თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელება ოფიციალურად და ისე განახორციელოს საარჩევნი კამპანია. კი, ბატონო, ესეც სავსებით მისაღებია. სამწუხაროდ, ეს წინადადება კომიტეტის სხდომაზე მათ არ წარმოუდგენიათ და თქვენგან ვგებულობ პირველად ამ წინადადებას.”(სტილი დაცულია)

ბეჟაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით, საარჩევნო აგიტაციის წარმოების უფლება მიენიჭება ნებისმიერ მინისტრს და ნებისმიერი მინისტრის მოადგილეებს. კომიტეტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, საარჩევნო აგიტაციისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უფლება მიენიჭებათ პარლამენტის წევრებს. ბეჟაშვილს სჯერა, რომ საარჩევნო აგიტაციისას გაწეული ხარჯების წარმომავლობის კონტროლი შესაძლებელია. ის ირწმუნება, რომ მინისტრების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია არჩევნებიდან მოიხსნას საარჩევნო სუბიექტი, რომლის სასარგებლოდ აგიტაციასაც ეწეოდა ესა თუ ის მინისტრი. მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებით აღშფოთებული “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი კი აცხადებს:

[კაციტაძის ხმა]
“არ ამოიწურა ამ ადამიანების ფანტაზია, არ ამოიწურა ამ ადამიანების მადა, რომ მაქსიმალურად მეტი მიიღონ სახელმწიფოსგან საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს გახლავთ მიზეზი და არგუმენტი იმ წინააღმდეგობისა, რითაც ჩვენ დავუპირისპირდით ცვლილებას საარჩევნო კოდექსში.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG