Accessibility links

logo-print

რა რაოდენობის ბუნებრივ აირს მიიღებს საქართველო ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან


ზამთარი ჯერ არ მოახლოებულა, მაგრამ საქართველოში უკვე ზრუნავენ ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიცირებაზე. სწორედ მასზეა დამოკიდებული საქართველოს

ენერგოუსაფრთხოება ზამთრის პერიოდში. 19 ივნისს თბილისს ესტუმრნენ თურქეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტები, რომლებმაც ქართულ მხარესთან ერთად ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან საქართველოსთვის დამატებითი გაზის მიწოდების საკითხი უნდა შეათანხმონ. რა მოცულობის გაზი ეკუთვნის საქართველოს მის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენიდან და რამდენს მოითხოვს დამატებით?

საქართველოს მთავრობა თითქმის 1 წელია, რაც მოლაპარაკებას აწარმოებს ”შაჰდენიზის კორპორაციასთან” ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან გაზის დამატებითი მოცულობის მისაღებად. თბილისში 19-20 ივნისს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ექსპერტებმა თბილისის მოთხოვნის ტექნიკური შესაძლებლობები უნდა შეისწავლონ, ანუ ის, შესაძლებელია თუ არა დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის გამონახვა. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის დავით ინგოროყვას კომენტარი:

[დავით ინგოროყვას ხმა] ”მაგისტრალი წესრიგში არის, ტექნიკური მიღება არანაირი პრობლემა არ იქნება. მთავარია, გამოჩნდეს თავისუფალი გაზი. აღსანიშნავია ის, რომ აზერბაიჯანის მხარე მონდომებულია, რომ საქართველოს დივერსიფიცირებული ჰქონდეს გაზის მოწოდება, ასევე -თურქეთის მხარე. მთავარია, გამოინახოს თავისუფალი გაზი.”(სტილი დაცულია)

”შაჰდენიზის” კონსორციუმის შექმნისას ხუთიოდე წლის წინ ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან საქართველოს წილი 5 პროცენტს შეადგენს. კიდევ 5 პროცენტს საქართველო შეღავათიან ფასად, 1000 კუბურ მეტრს 55 აშშ დოლარად, მიიღებს. ეს კი 2007–2008 წლებში 200-250 მილიონი კუბური მეტრი აირის ტოლფასია. ამავე შეთანხმების მიხედვით, 2010 წელს, გაზსადენის სრულფასოვნად ამუშავების შემდეგ, საქართველო 800 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
ეს კი საქართველოს მოთხოვნილებას 10 პროცენტითაც ვერ აკმაყოფილებს.

[დავით ინგოროყვას ხმა] ”წლევანდელი განაცხადი მომხმარებლების არის 2 მილიარდი კუბმეტრი. შარშან იყო მილიარდ ოთხასი, 2004-ში იყო 1 მილიარდი. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა და წელს ასეთი განაცხადია. შეიძლება ოდნავ ნკლები იყოს ან ოდნავ მეტი - იმაზეა დამოკიდებული, რა ტემპში იმუშავებენ საწარმოები.”

ჯერჯერობით საქართველოს ამ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ რუსეთიდან მოწოდებული გაზის მეშვეობით ხდება, რაც ექსპერტებს გაუმართლებლად მიაჩნიათ და საქართველოს მთავრობას ენერგომატარებლების დივერსიფიკაციას ურჩევენ.

ჯერჯერობით კი გაზის მიღების ალტერნატიულ წყაროს მხოლოდ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი წარმოადგენს. ამ მილსადენის მმართველი კონსორციუმისგან ქართული მხარე მიმდინარე წელს, დაგეგმილი 50 მილიონის ნაცვლად, 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიღებას მოითხოვს. მომავალი წლისთვის მოთხოვნილი მოცულობა კი მილიარდ-ნახევარს შეადგენს.

ამ ეტაპზე დაუდგენელია როგორც შაჰდენიზიდან მისაღები დამატებითი მოცულობის გაზის საფასური, ასევე მისი მოპოვების შესაძლებლობაც. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა 20 ივნისს, სამი ქვეყნის ექსპერტთა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. შაჰდენიზის საბადოს გაზი ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოვა.
XS
SM
MD
LG