Accessibility links

“ვაშინგტონ პოსტის” პუბლიკაცია დასავლეთის პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებაში


გაზეთმა “ვაშინგტონ პოსტმა” დაბეჭდა სტატია სათაურით “უკან დახევა პუტინის წინაშე”, რომელიც რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობას ეხება და უყურადღებოდ არც საქართველოს ტოვებს.

მთლიანობაში ის საკმაოდ პესიმისტურ სურათს ხატავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის მხრივ.

სტატიის ავტორი ჯეკსონ დილი პირველივე წინადადებაში ასახელებს მოვლენას, რომელსაც უწინარეს ყოვლისა უკავშირდება მისი წერილი: ეს გახლავთ “დიდი რვიანის” მოახლოებული სამიტი, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში სანქტ პეტერბურგში გაიმართება.

დიახ, ამ სამიტამდე თითქმის მთელი თვე რჩება, სტატიის ავტორი კი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წინასწარვე, ახლავე მიაღწია მთავარ მიზანს: “დიდი რვიანის” სხვა წევრების, მათ შორის აშშ-საგან, სამიტზე არ არის მოსალოდნელი სერიოზული კრიტიკა რუსეთის მისამართით არც საშინაო, არც საგარეო პოლიტიკაში. რატომ არ არის მოსალოდენლი, ამ საკითხზე მოგვიანებით. ჯერ იმ, პრინციპში, ბოლო პერიოდის შესახებ, როცა რუსეთის პოზიცია დასავლეთთან მიმართებაში, გაცილებით უფრო სუსტი იყო.

ეს ის პერიოდია, როცა აშშ-ის მოთხოვნით, “დიდი რვიანის” სამიტის მოსამზადებელი მოლაპარაკებების დღის წესრიგში შევიდა რუსეთის “ჩარევის” პოლიტიკა უკრაინაში, მოლდავეთში და საქართველოში. იმავდროულად, ამერიკელი დიპლომატები ნატოს მოუწოდებდნენ, რაც შეიძლება აქტიური ნაბიჯების გადადგმისაკენ ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ხელშესაწყობად. წელსვე, მაისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ თავის გახმაურებულ გამოსვლაში მკაცრი კრიტიკა გამოთქვა პუტინის მისამართით: რომ კრემლი მხარს უჭერს ბელორუს და უზბეკ დიქტატორებს, ენერგორესურსებს იყენებს პოლიტიკური შანტაჟისთვის, ახშობს თითქმის ყველა კრიტიკულ ხმას რუსეთში. და კიდევ: ჯორჯ ბუში, წინასწარი ინფორმაციით, აპირებდა სანქტ-პეტერბურგში ჩასვლამდე კიევში სტუმრობას.

მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, განაგრძობს “ვაშინგტონ პოსტში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი, დასავლეთის პოზიცია გაცილებით უფრო შერბილდა მოსკოვთან მიმართებაში. ბუში, აღნიშნავს სტატიის ავტორი, არ ჩავა კიევში (ჩვენი მხრივ უნდა დავამატოთ, რომ ბუში სამაგიეროდ ჩავა უნგრეთში, რომელიც 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების 50-წლიან იუბილეს აღნიშნავს). და კიდევ, სტატიის ავტორის შეფასებით, დასავლეთში პოზიციის შერბილებაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე თვეში ნატოს “მინისტერიალზე”, ნატოს რამდენიმე ევროპელმა წვერმა, მათ შორის საფრანგეთმა, არ გაიზიარა აშშ-ის პოზიცია, საქართველოსთვის “ინტენსიური დიალოგის”, ხოლო უკრაინისთვის “გაწევრიანების სამოქმედო გეგმის” ფორმატების მიზანშეწონილობაზე.

დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში “დაშოშმინების”, ან “დაწყნარების” პოლიტიკაზე გადავიდაო - აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი, რომლის ვინაობაც სტატიაში გამხელილი არ არის. ჩვენ დავურეკეთ მოსკოველ პოლიტოლოგს, “აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის” დირექტორის მოადგილე ვიქტორ კრემენიუკს და ვკითხეთ, იზიარებს თუ არა შეფასებას რუსეთთან მიმართებაში დასავლური პოზიციის შერბილებაზე - თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას არ აპირებენ.

[ვიქტორ კრემენიუკის ხმა] “არა, არ ვეთანხმები ამ შეფასებას იმიტომ, რომ ისეთ შეხვედრებზე, როგორიც არის “დიდი რვიანის” სამიტი, ამ ტიპის საკითხებს, რეგიონულ საკითხებს არ ეხებიან. ეხებიან ხოლმე გლობალური მასშტაბის საკითხებს, რომელთაც უკავშირდება ყველა მონაწილის ინტერესები. საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი საკმარისად მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხება რუსეთს, აშშ-ს - მეტს არავის. სხვა ქვეყნები, ძნელი წარმოსადგენია, დაინტერესებული იყვნენ მათი განხილვით”.

მაშ ასე, მოსკოველი პოლიტოლოგი შეგვახსენებს, რომ “დიდი რვიანის” სამიტის ფორმატში გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობენ - წელს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინფექციური დაავადებებისა და მოსახლეობის განათლების საკითხებზე. რუსეთის კრიტიკა, მის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში, ამის გამო არ არის მოსალოდნელი. თუმცა [ვიქტორ კრემენიუკის ხმა] “ეს არ ნიშნავს, თითქოს სხდომების დროს ქრებოდეს უთანხმოების გამომწვევი პრობლემები, თითქოს ყველა ივიწყებდეს საკამათო საკითხების არსებობას. არა, არ ივიწყებენ, მაგრამ მათ შეუძლიათ მოგვიანებით დაუბრუნდნენ - “დიდი რვიანის” სამიტის შემდეგ, ან სამიტამდე ისაუბრონ. მაგრამ სხდომის მსვლელობაში - ორი-სამი დღე ამ საკითხებზე არ ლაპარაკობენ. შეიძლება, ისაუბრონ კულუარებში ცალკეულმა ლიდერებმა, მაგრამ მთლიანობაში, პლენარულ სხდომებზე ეს საკითხები არ გააქვთ”.

ეს არის მოსკოველი პოლიტოლოგის, ვიქტორ კრემენიუკის განმარტებით, მიზეზი იმისა, რომ “დიდი რვიანის” სამიტზე არ არის მოსალოდნელი არც რუსეთის პოლიტიკის შეფასება საქართველოსთან მიმართებაში და არც თვით რუსეთში ოპოზიციური აზრის შეზღუდვის გაკრიტიკება.

მაგრამ დავუბრუნდეთ “ვაშინგტონ პოსტის” პუბლიკაციას. მასში, როგორც უკვე ითქვა, რუსეთის მიმართ ბოლო კვირებში კრიტიკის შერბილებაზე წერენ და ამის ორ მიზეზს ასახელებენ: ირანის ფაქტორს და რუსეთის, როგორც ენერგომომმარაგებლის დიდ მნიშვნელობას. (ირანს რაც შეეხება - მოსკოვი დაყაბულდა მონაწილეობას დასავლეთის ძალისხმევაში, შეაჩერებინონ ირანს ბირთვული პროგრამა. ამ თანხმობის სანაცვლოდ, ბუშის ადმინისტრაცია მზად არის, თავი შეიკავოს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მკაცრ კრიტიკაზე, მაგრამ, როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ეს დროებითი თავშეკავებაა. ევროპელი პოლიტიკოსები კი, როგორც ჩანს, თვალსაწიერ მომავალში აღარ აპირებენ რუსეთთან საქმის გართულებას მისი კრიტიკით: რუსეთი ხომ ევროპის მთავარი ენერგომომმარაგებელია.)

“ ჩვენ პარალიზებული ვართ, რუსეთი გაცილებით უფრო აგრესიულ, გათვლილ თამაშს თამაშობს და ჩვენ გვჯობნისო”, ასეთ შეფასებას იძლევა ცნობილი ამერიკელი მოღვაწე, რესპუბლიკური პარტიის წევრი ბრუს ჯეკსონი.

“ვაშნიგტონ პოსტში” დაბეჭდილი სტატიის ბოლოს კი საქართველოსთვის, როგორც წეღან უკვე ითქვა, პესიმისტურ სურათს ნახავთ: ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ “დიდი რვიანის” სამიტისას ქართველებს და მოლდაველებს მოუწევთ, უყურონ, როგორ მიუჭახუნებენ ჭიქებს დასავლელი ლიდერები პუტინს, მაშინ როცა განუხილავი დარჩება რუსეთში ქართული და მოლდავური ნაწარმის იმპორტის აკრძალვა და მოსკოვის მიერ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სეპარატიზმის წაქეზება. თუმცა, ბრუს ჯეკსონი - რომელიც წეღან უკვე ვახსენეთ, არც სხვა სცენარს გამორიცხავს:

[ჯეკსონის ხმა]: ”ამერიკელი ხალხის, და საზოგადოების წინაშე “დიდ რვიანს” წარმოაჩენდნენ, როგორც სავაჭრო სისტემის, დემოკრატიის განმტკიცების, კონფლიქტების გადაჭრის პლატფორმას - ადგილს, სადაც “დიდი შვიდეულის” ყველა ძირეულ ფასეულობას უჭერდნენ მხარს. ის, რომ ჩვენ საკუთარ პოზიციას გაბედულად ვერ გამოვთქვამთ - მხოლოდ იმის გამო, რომ სანკტ-პეტერბურგში ვართ - მარცხის ტოლფასია. რა იწვევს ამ მარცხს - არ ვიცით. თუმცა, შეიძლება ეს კრიტიკა უსაფუძვლოც აღმოჩნდეს, და პრეზიდენტმა ბუშმა, და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნებმა შესაძლოა სერიოზული გადაწვეტილებაც მიიღონ ”.
XS
SM
MD
LG