Accessibility links

logo-print

ფინეთი ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ხდება: ინტერვიუ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ერკი ტუომიოიასთან


1 ივლისს ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ფინეთი გახდება.

შესაბამისად, კავშირის პოლიტიკას მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჰელსინკი წარმართავს. რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში ის ევროკავშირის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების მხოლოდ მცირე პერსპექტივას ხედავს. ტუომიოიას თქმით, ევროკავშირის პრეზიდენტის რანგში, ფინეთი ძალისხმევას, ძირითადად, რუსეთთან პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმების დადებისკენ მიმართავს.

პირველი შეკითხვა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა აჰთო ლობიაკასმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა, 15 და 16 ივნისს გამართულ ევროკავშირის სამიტს ეხებოდა. ამ შეხვედრაზე ევროკავშირის კონსტიტუციისა და კავშირის გაფართოების საკითხების ურთიერთმიმართება განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ, ბულგარეთის და რუმინეთის გარდა, სხვა ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას კონსტიტუციის მიღებამდე არ უნდა ელოდენ. კონსტიტუციის საკითხის განხილვა კი 2009 წლამდე აღარ არის დაგეგმილი. თავდაპირველი ინფორმაციით, სამიტზე ევროკავშირის სამომავლო საზღვრების საკითხიც უნდა განეხილათ, თუმცა საკუთრივ შეხვედრაზე ეს საკითხი პროგრამაში არ შესულა. რა იყო ამის მიზეზი? - ჰკითხა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ერკი ტუომიოიას:

[ტუომიოიას ხმა] ”ვფიქრობ, ეს საკითხი შეგნებულად გამოტოვეს. ჩვენ ნამდვილად არ გვსურდა ამ თემის წინ წამოწევა, რადგან მიგვაჩნია, რომ არ იქნება მიზანშეწონილი იმის ღიად გამოცხადება, რომ ესა თუ ის ქვეყანა, თეორიულად, გახდება - ან ვერასოდეს გახდება - ევროკავშირის წევრი. ეს მცდარი სიგნალების გავრცელება იქნებოდა და მე მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი ცალკე არ განვიხილეთ.”

აჰთო ლობიაკასმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კონკრეტულად საქართველოს შესახებაც დაუსვა შეკითხვა. საქართველო ევროკავშირს მხარდაჭერას სთხოვს - აპირებს თუ არა ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის რანგში ფინეთი იმაზე მეტის გაკეთებას, რაც სხვა თავმჯდომარე ქვეყნებმა გააკეთეს საქართველოს გაყინული კონფლიქტების გადაჭრისთვის? ხომ არ მიავლენს საზღვრების მონიტორინგის მისიას სამხრეთ ოსეთის რეგიონში, მაგალითად? ერკი ტუომიოიას პასუხი ასეთი იყო:

[ტუომიოიას ხმა] ”გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ თავმჯდომარე ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა საქართველო მომავალშიც დარჩება ევროკავშირის ინტერესის სფეროში და ეგრეთ წოდებული ”გაყინული კონფლიქტების” გადაჭრაში დახმარებაზეც ვიფიქრებთ. ამასთან, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ მათი სტაბილიზაციის შეთანხმებებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა უნდა დაასრულოს.”

ფინეთი რუსეთის მეზობელია - ამ და, რასაკვირველია, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რუსეთთან ურთიერთობა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ენერგეტიკის საკითხი უმთავრეს თემად დარჩება რუსეთის და ევროკავშირის ურთიერთობაში - თუ ფინეთისთვის სხვა საკითხებიც აქტუალური იქნება? ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომელიც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა დაუსვა:

[ტუომიოიას ხმა] ”მე არ მგონია, რომ ენერგეტიკის საკითხი სხვა თემებს გადაფარავს. რასაკვირველია, ენერგეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია და უკანასკნელი თვეების განმავლობაში ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. მაგრამ ჩვენ ევროკავშირის და რუსეთის სამომავლო ურთიერთობაში საკითხების უფრო ფართო სპექტრს დავაყენებთ.”

ერკი ტუომიოიამ ევროკავშირის და რუსეთის სამომავლო ურთიერთობაში პრიორიტეტულად ორი საკითხი დაასახელა. პირველი - ე.წ. ”ჩრდილოეთის განზომილების” ჩარჩოს შემუშავება, რამაც ევროკავშირსა და ჩრდილო-დასავლეთ რუსეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უნდა შეუწყოს ხელი; მეორე კი უფრო გრძელვადიანი საკითხია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის უფრო ზოგადი შეთანხმების მიღწევას მოიცავს:

[ტუომიოიას ხმა] ”მეორე და უფრო გრძელვადიანი საკითხი რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებაა. ამჟამად მოქმედ შეთანხმებას ვადა გაისად გასდის და ჩვენი პრეზიდენტობის დროს ჩვენ მოლაპარაკებების გამართვაზე ვიმუშავებთ, რომ ახალი შეთანხმება ნოემბრისთვის გაფორმდეს.”

ერკი ტუომიოიას თქმით, ამ მოლაპარაკებაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცების თემები უკვე ფიგურირებს - და ეს ასევე დარჩება.

ბოლო შეკითხვა, რომელიც აჰთო ლობიაკასმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა, მოსკოვის მხრიდან ორ ევროკავშირის წევრ მეზობელთან - ესტონეთთან და ლატვიასთან - სასაზღვრო შეთანხმებების გაუფორმებლობას ეხებოდა. კითხვას, იმუშავებს თუ არა ფინეთი ამ საკითხის გადაჭრაზე, ერკი ტუომიოიამ ასე უპასუხა:







[ტუომიოიას ხმა] ”ამ საკითხთან მიმართებით ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენი და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების პოზიცია ცნობილია - მაგრამ, როგორც ჩანს, ამას დრო დასჭირდება. დადებითი სიახლეა ის, რომ საქმე რუსეთის მიერ შეთანხმების რატიფიკაციის გარეშეც კეთდება და ამან რუსეთისა და ბალტიისპირა რესპუბლიკების ურთიერთობაში პროგრესი ვერ შეაფერხა.”

ეს გახლდათ ინტერვიუ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან,
ერკი ტუომიოიასთან. შეგახსენებთ - 1 ივლისს ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ფინეთი გახდება. რადიო “თავისუფლება” ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იმის გასარკვევად ესაუბრა, თუ რა საკითხების წინ წამოწევას გეგმავს ჰელსინკი ევრიკავშირის პოლიტიკის წარმართვისას.
XS
SM
MD
LG