Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისს გამომავალი ქართული გაზეთების მთავარი თემა გუშინ სოხუმში ამერიკის


20 ივნისს გამომავალი ქართული გაზეთების მთავარი თემა გუშინ სოხუმში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მეთიუ ბრაიზასა და საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის მიერ განხორციელებული ერთობლივი ვიზიტია. გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, სათაურით „მოულოდნელი ვიზიტი სოხუმში“, მეთიუ ბრაიზამ გამოთქვა იმედი, რომ კონფლიქტური მხარეები ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას შეძლებენ. ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მან აფხაზური ხელისუფლების პირველი პირებისგან კონსტრუქციული წინადადებები მოისმინა, თუმცა სტატუსთან დაკავშირებული საკითხები სოხუმში კვლავინდებურად მტკივნეულად აღიქმება. რუსულ საინფორმაციო სააგენტო „როსბალტზე“ დაყრდნობით, გაზეთი “24 საათი” იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აფხაზეთს ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ახალი მოდელი შესთავაზა. ამ მოდელის დეტალებზე ჯერჯერობით ძირითადად ისაა ცნობილი, რომ შეერთებული შტატები „საგზაო რუკისა“ და „მომავლის გასაღების“ შეჯერების წინადადებით გამოდის. თავის მხრივ, ამერიკელი დიპლომატების სოხუმში ვიზიტის შედეგებზე ყურადღებას ამახვილებს აფხაზთა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელსაც ამერიკელი დიპლომატების სოხუმში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ გაზეთი “რეზონანსი” დაუკავშირდა. „ამერიკის წარმომადგენლებთან ჩვენ მოლაპარაკებათა პროცესის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ შორის, ომის განუახლებლობის შესახებაც ვისაუბრეთ, – უთხრა სერგეი შამბამ გაზეთ “რეზონანსს”. ძირითადი საკითხები, თუ თბილისი ნებას გამოავლენს, პრეზიდენტების დონეზე უნდა განიხილებოდეს და ჩვენ ეს შეთავაზება უკვე გავაკეთეთ, - ასკვნის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის აზრით, თბილისს არა აქვს პოლიტიკური ნება, აქტიურად გადაწყვიტოს დაგროვილი საკითხები და ურჩევნია, უბრალოდ, პოპულარული ნაბიჯები გადადგას.

ამერიკელი დიპლომატების სოხუმში ვიზიტის, სააკაშვილ–პუტინის შეხვედრისა და ჯორჯ ბუშის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში მიწვევის, ანუ ამ სამი მოვლენის ერთმანეთთან ურთიერთკავშირის, თემას გაზეთი “ხვალინდელი დღე” შეეხო. გაზეთი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ახლა, როცა ამერიკამ გადაწყვიტა, უშუალოდ ჩაერთოს ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში, ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, მიმდინარე პროცესში კონკრეტულად რა აქცენტებს შეიძლება შეუცვალოს ადგილები საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ.

“რატომ დაემთხვა ერთმანეთს სომხეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები” – პუბლიკაცია ამ სათაურით დღეს გაზეთმა „ხვალინდელმა დღემ“ დაბეჭდა. პუბლიკაცია გამოხმაურებაა ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ფინანსურ საკითხთა კომიტეტმა ამერიკულ კომპანიებს, სომხური ლობის გავლენით, ყარსი–ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაფინანსება აუკრძალა. როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში გაზეთ “ხვალინდელ დღეს” განუმარტეს, ამერიკის მხარეს ოფიციალურად თბილისისათვის არაფერი უცნობებია. მინისტრ ირაკლი ჩოგოვაძის აზრით კი, თუკი ამერიკა უარს იტყვის პროექტის დაფინანსებაზე,არსებობს სხვა ქვეყნები და საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ყარსი–ახალქალაქი–თბილისი–ბაქოს რკინიგზის მშენებლობით დაინტერესდებიან. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ ამ დღეებში გახმაურებული გადაწყვეტილება კონკრესის ფინანსურ კომიტეტს ეკუთვნის და არა მთლიანად კონგრესს. რაც შეეხება ოფიციალური ერევნის პოზიციას, გაზეთ “ხვალინდელი დღის” ცნობით, მისთვის მნიშვნელოვანია არა ახალი მაგისტრალის აშენება, არამედ ყარსი–გიუმრი–თბილისი–ბაქოს სარკინიგზო მარშრუტის მუშაობის აღდგენა.
XS
SM
MD
LG