Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინ-სააკაშვილის შეხვედრით გამოწვეული ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ, ამ დღეებში საქართველო კვლავ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პუტინ-სააკაშვილის შეხვედრით გამოწვეული ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ, ამ დღეებში საქართველო კვლავ აღმოჩნდა რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში.

ინტერესის მიზეზი ორია - ივლისის დასაწყისისთვის დაგეგმილი მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში და საქართველოს პრეზიდენტის ის ინტერვიუები, რომლებიც საქართველოს ტელეარხებით გადაიცა ქვეყნის პირველი პირის სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ. რუსეთის მედიის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.


ინტერნეტგამოცემა ”გაზეტას” აზრით, ის, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი “დიდი რვიანის” შეხვედრამდე 10 დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში მიიწვიეს, რუსეთის ხელისუფლების თავმოყვარეობას მტკივნეულ დარტყმას აყენებს. ”გაზეტა” ციტირებას აკეთებს თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო შეერთებული შტატების საკვანძო მოკავშირეა ამერიკისთვის მნიშვნელოვან რეგიონში. ინტერნეტგამოცემა წერს:


ვაშინგტონი რუსეთს აშკარად მიანიშნებს, რომ, როგორც მოკავშირეს, ის მოსკოვს თბილისს ამჯობინებს, - ასე უნდა იყოს აღქმული ის ფაქტი, რომ “დიდი რვიანის” შეხვედრამდე ათი დღით ადრე ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშს შეხვდება. ასეთსავე დემარშს ჰქონდა ადგილი, როცა მეორე მხოფლიო ომის დამთავრების მესამოცე წლისთავის წინ, მოსკოვში ჩასვლამდე, ბუში ლატვიას ეწვია.
ამ დღეებში ვაშინგტონმა გამაფრთხილებელი სიგნალი არამხოლოდ რუსეთს მისცა - გაირკვა, რომ ადრე დაგეგმილი ჯორჯ ბუშის ვიზიტი კიევში არ შედგება. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკრაინული მთავრობის ჩამოყალიბებაში შექმნილი პრობლემებით არის გამოწვეული. კიევის ნაცვლად, ჯორჯ ბუში უნგრეთს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის ანტისაბჭოთა აჯანყების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.



თითქმის ყველა რუსული გაზეთი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ტელეინტერვიუებს, რომლებიც ქართული ტელეარხებით გადაიცა და რომელთა თემაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო. თუ გაზეთი ”იზვესტია” ვრცელ ციტატებს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის ტელეინტერვიუებიდან ყოველგვარი კომენტარის გარეშე, რამდენიმე გაზეთი კონკრეტულ თემებზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, დღევანდელი გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერს, რომ სააკაშვილს აბაშიძისა და გიორგაძის ეშინია, რადგან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ისინი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას უქმნიან პრობლემებს. ”პარლამენტსკაია გაზეტა” კი წერს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ორ წელიწადში საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ციტატა პუბლიკაციიდან:


“საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ეს ხანგძლივი პროცესია და რომ რეალურად - ორი წელიწადი მაინც სჭირდება. საქართველოს ლიდერის თქმით, ნატოში არიან ქვეყნები, რომლებიც დღეს ეწინააღმდეგებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა უმრავლესობა მზად არის, დღესვე დაუჭიროს მხარი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
სააკაშვილი აცხადებს, რომ აშშ და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები არ გეგმავენ საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთი სამხედრო ბაზების განლაგებას. ‘ეს რეალობაა და ამის შესახებ რუსეთში კარგად უწყიან. საქართველო, პირველ რიგში, თავად უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას,’ - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ნატოს დახმარება საქართველოს მხოლოდ იმ პრობლემების მოგვარებაში სჭირდება, რომელთა მოგვარებაც თავად არ ძალუძს.”


და კიდევ ერთი თემა - ის, რომ სააკაშვილ-პუტინის შეხვდრა გავლენას არ მოახდენდა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების პროცესზე, თავიდანვე აშკარა იყო. როგორც ჩანს, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის ქართულ და მოლდოვურ ღვინოსთან ბრძოლა გრძელდება. დღევანდელი გაზეთ ”იზვესტიის” ცნობით, ქართული და მოლდოვური ალკოჰოლის ორი მესამედი ფალსიფიცირებულია.
XS
SM
MD
LG