Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 ივნისს ცხინვალში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდებიან


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება დაძაბული რჩება - განსაკუთრებით ფრონის ხეობაში, სადაც მხარეებმა ბლოკსაგუშაგოები ისე დაუახლოვეს ერთმანეთს,

როგორც ეს საომარ ვითარებაში ხდება. ”ერთი ტყვიის გავარდნაც საკმარისი იქნება ომის დასაწყებად,”- აღნიშნავენ ადგილობრივები და მთელ იმედებს ახლა უკვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიხეილ მინძაევის შეხვედრაზე ამყარებენ. შეხვედრა, როგორც ცნობილია, 22 ივნისს ცხინვალში უნდა შედგეს. რა მოლოდინი უკავშირდება ამ შეხვედრას?

ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ მინძაევის შეხვედრას ორივე მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას თქმით, ასეთი შეხვედრა აუცილებელია რეგიონში სამშვიდობო გეგმის განხორციელებისა და ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგების რეალიზაციისთვის. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა მინისტრის ბორის ჩოჩიევის აზრით კი, მერაბიშვილის და მინძაევის შეხვედრა იმდენად არის აუცილებელი, რამდენადაც მხარეთა სამართალდამცველი უწყებების კოორდინირებული მოქმედების გარეშე სიტუაცია კონფლიქტის ზონაში ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს. ბორის ჩოჩიევი გიორგი ხაინდრავას ამ რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ცნობილია, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება ცხინვალში ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ მინძაევის შეხვედრის თაობაზე. ოსურმა მხარემ მინისტრების ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრა მოითხოვა. ბორის ჩოჩიევმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ 22 ივნისს დანიშნულ შეხვედრას ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც დაესწრება:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ”14 ივნისიდან კონფლიქტის ზონაში 14 უკანონო ბლოკპოსტი გაჩნდა, სამშვიდობო ძალების სარდლობასთან და შერეულ საკონტროლო კომისიასთან შეუთანხმებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრები არა ორმხრივ, ოთმხრივი შეხვედრის ფორმატში უნდა ურთიერთობდნენ. იქ იქნება ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც. საჭიროა კოორდინირება და მუდმივი კონტაქტი მინისტრებს შორის. ”

ჩოჩიევის თქმით, მინძაევის და მერაბიშვილის შეხვედრა ოსური მხარის მოთხოვნით იმართება. “ შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას ჩვენ დიდი ხანია ვითხოვოთო,”-ამბობს ის.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება ბოლო ჯერზე ოსი ეროვნების ნიღბიანების მიერ 3 ქართველის გატაცებისა და ცემის ფაქტის შემდეგ დაიძაბა. ინციდენტს მოჰყვა ის, რომ ქართული მოსახლეობის დასაცავად საქართველოს მხარემ ქართველებითა და ოსებით დასახლებული ერთ-ერთი სოფლის სიახლოვეს ბლოკსაგუშაგო გადასწია. ანალოგიურად იმოქმედეს ოსებმაც. პროცესი გაგრძელდა და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ასე გაჩნდა ბორის ჩოჩიევის მიერ ნახსენები უკანონო ბლოკსაგუშაგოები. შექმნილ ვითარებაში მხარეებმა ერთმანეთის პროვოკაციულ გეგმებზე დაიწყეს ლაპარაკი. ”ცხინვალი კიდევ ერთხელ შავ ხვრელად იქნა გამოყენებული,” -თქვა ვანო მერაბიშვილმა ამ დღეებში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის, ლიკვიდაციის გეგმის გახმაურებასთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გეგმის რეალიზაცია რუსეთიდან საქართველოში ცხინვალის გავლით შემოსულ პირს ჰქონდა დაგეგმილი.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”ცხინვალი კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული როგორც შავი ხვრელი. სანამ ის ადამიანები, ვინც დღეს მართავენ სამხრეთ ოსეთს, იქნებიან ხელისუფლებაში, ყოველდღე შეიძლება მოხდეს ამ ფაქტის ანალოგიური რამ.”(სტილი დაცულია)

და მაინც, გავრცელებული ცნობებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თანახმაა შეხვდეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ამბობს, რომ, ვითარების გამწვავების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთს, არა მხოლოდ ჩრდილო ოსეთი, მთელი ჩრდილო კავკასია დაიცავს და არამარტო ჩრდილო კავკასია.
XS
SM
MD
LG