Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ორხელისუფლებიანობა” საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში


19 ივნისის ღამეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა პოლიციის ძალით გამოყვანის შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა

და მრჩეველთა 4 კაციანი საბჭო სამშაბათს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. თუმცა, როგორც გაირკვა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო, რომელიც თავს არჩევით ლეგიტიმურ ორგანოს უწოდებს, რექტორს უნდობლობას უცხადებს. დაპირისპირებას კი უნივერსიტეტის შიგნით იწვევს აკადემიურ თანამდებობებზე 23 ივნისისათვის გამოცხადებული კონკურსი, რომელიც საშტატო თანამდებობების 70 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის თანამშრომელი ნანა კვარაცხელია იმ 40-მდე პროფესორ-მასწავლებელს შორის იყო, ვინც 19 ივნისს მჯდომარე აქცია წამოიწყო კარს მომდგარი კონკურსის შესაჩერებლად. იგი თავის დროზე მონაწილეობდა ანალოგიურ აქციაში 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც ქართულ ენას იცავდნენ, და 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. მაგრამ არ ეგონა, რომ მას და მის კოლეგებს საპროტესტო აქციის განხორციელება უნივერსიტეტის დასაცავად დამოუკიდებლობის დროს მოუხდებოდათ და თანაც ხელისუფლება მათ პოლიციას დაუპირისპირებდა.

[ნანა კვარაცხელიას ხმა] ”შემოვარდა არმია[მილიციელების] ავტომატებით და ჩვენი პროფესორები, საუკეთესო პროფესორები, ჯიკავ-ჯიკავით მოისროლეს უნივერსიტეტიდან.”(სტილი დაცულია)

პროფესორებს საპროტესტო აქციის გამართვა აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებულმა კონკურსმა აიძულა. ფილოლოგიის კათედრის პროფესორის გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, კონკურსი არ ემყარება სერიოზულ გათვლას, რაც უნივერსიტეტს განადგურებით ემუქრება:

[გიორგი გოგოლაშვილის ხმა] ”როცა იმავე ტრადიციულ ფიზიკის ფაკულტეტზე ტოვებენ 23 კაცს 14 კათედრაზე, ათამდე კათედრაა ქიმიის ფაკულტეტზე და ტოვებენ შვიდ კაცს, ეს ნიშნავს, რომ დარგები ისპობა დ არა რჩება ის რესურსი, რომელმაც უნდა ასწავლოს უნივერსიტეტში.”(სტილი დაცულია)

კონკურსის ასეთი ფორმისადმი პროტესტის ნიშნად რექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭო 19 ივნისს პროფესორმა ჯუმბერ ჭუმბურიძემ დატოვა. მხცოვანი პროფესორი განსაკუთრებით იმან აღაშფოთა, რომ უნივერსიტეტის პროფესორთა არჩევის საკითხი უნდა გადაეწყვიტა მოწვეულ კომისიას. თუმცა სამშაბათს ჯუმბერ ჭუმბურიძე ესწრებოდა უნივესიტეტის რექტორთან ჩატარებულ სხდომას. როგორც რადიო ”თავისუფლებას” უთხრა ჯუმბერ ჭუმბურიძემ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხუბუა მათ დაჰპირდა, რომ კონკურსი სამართლიანად ჩატარდება და სოციალური შემწეობის გარეშე არც ერთი მეცნიერი არ დარჩება:

[ჯუმბერ ჭუმბურიძის ხმა] ”მოხდება მოწვევის, დახმარების, ხელშეკრულების დადებით და ასეთი ფორმით.”(სტილი დაცულია)

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი პირველი იყო, სადაც შარშან აკადემიურ თანამდებობებზე აღნიშნული კონკურსი ჩატარდა. ამ ფაკულტეტის დეკანი დავით კერესელიძე ამბობს, რომ მას საშტატო თანმდებობები დაუკომპლექტებელი დარჩა:

[დავით კერესელიძის ხმა] ”ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი 107 თანამდებობაზე და მოვახერხეთ პოვნა, საშუალოზე უფრო დაბალი სტანდარტით, მხოლოდ 77 ადამიანის.”

19 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ უნივერსიტეტში ვითარება საკმაოდ დაიძაბა. უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ხუბუას უნდობლობას უცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს მის გადაყენებას სთხოვს. თუმცა თავად გიორგი ხუბუა დიდი სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებას არ ცნობს და ყველას მოუწოდებს კონკურსისათვის მოემზადონ:

[გიორგი ხუბუას ხმა] ”კონკურსი ჩატარდება დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში და მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, როგორც უნივერსიტეტში, ისე მის გარეთ, რომ ეს დარჩენილი დრო გამოიყენონ მაქსიმალურად და 23 ივნისამდე შემოიტანონ განაცხადი.”

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირობას იძლევა, რომ კონკურსი გამჭვირვალედ ჩატარდება და მას არა მოწვეული, არამედ ადგილობრივი კომპეტენტური პირებისაგან შექმნილი კომისია ჩაატარებს. უფრო დაწვრილებით გია ხუბუა მომავალ კონკურსსა და გეგმებზე უახლოეს დღეებში რადიო ”თავისუფლებისთვის” დაპირებულ ინტერვიუში ისაუბრებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG