Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ არის დაცული მოწმის უფლებები საქართველოში


2004 წლის 31 დეკემბერს ახმეტაში მცხოვრები 66 წლის ლიანა ჩანჩლიაშვილი დანაშაულის მოწმე გახდა. მოგვიანებით ამ დანაშაულს შედეგად მოჰყვა ადამიანის დაღუპვა.

პოლიციამ ეჭვმიტანილიც დააკავა, ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ვინმე ჟაბრაილ მუსიხანოვი, რომელიც ოჯახთან ერთად დროებით ლიანა ჩანჩლიაშვილთან ცხოვრობდა. ქალბატონ ლიანას მიერ მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მკვლელობის ჩამდენი სულ სხვა პიროვნებაა, რომელიც თავის თანამოაზრებთან ერთად არაერთხელ დაესხა თავს დანაშაულის თვითმხილველს. ლიანა ჩანჩლიაშვილი რამდენჯერმე სასტიკად სცემეს და აწამეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად დანაშაულის გახსნის წინაპირობად სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების თანამშრომლობას ასახელებენ. ამისკენ მოუწოდებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც:

[სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ყველამ ერთად მივცეთ პოლიციას ჩვენება...”

სწორედ ასე მოიქცა ახმეტაში მცხოვრები 66 წლის ლიანა ჩანჩლიაშვილი. ახლა იგი უმძიმეს მდგომარეობაშია და თბილისში შვილებთან აფარებს თავს. ლიანა ჩანჩლიაშვილი იძულებული გახდა ახმეტა მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც მის საცხოვრებელ სახლს თავს 3-ჯერ დაესხნენ, გაძარცვეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

უკანასკნელი თავდასხმის დროს კი, ორიოდე კვირის წინ, მას ექვსმა ნიღბიანმა ახალგაზრდამ სასტიკად სცემა. ლიანა ჩანჩლიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ნიღბებისა, თავდამსხმელებში მეზობელი ახალგაზრდები ამოიცნო და თავდასხმის შემდეგ, გონსმოსულმა, პოლიციასაც მიმართა.

[ნათელა კუციას ხმა] ”იმუქრებოდნენ: გამოიტანოს განცხადება, თორემ მოვკლავთო... დაგვიანდა იმ განცხადების გამოტანა, დღეს დედაჩემი სიკვდილის პირას არის მისული.”

ამბობს ლიანა ჩანჩლიაშვილის შვილი, ნათელა კუცია.

როგორც რეპორტაჟის დასაწყისში გიამბეთ, ლიანა ჩანჩლიაშვილი დანაშაულის თვითმხილველი გახდა და, მისი აზრით, პოლიციას სწორი ჩვენებაც მისცა, მაგრამ სანაცვლოდ სამართალდამცველებისგან უამრავი გაფრთხილება და მუქარაც კი მიიღო:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”სამართალდამცველები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქმე იქნეს გამოძიებული და დადგინდეს სიმართლე. არათუ არაფერს აკეთებს და საქმის მიმართ იჩენს გულგრილ დამოკიდებულებას პოლიციის უფროსი, არამედ რეალურად მას ბრალი მიუძღვის დაზარალებულის მიმართ არაერთი მუქარისა და შანტაჟის ფაქტებშიც.”

ეს არის უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის დირექტორი. მისი აზრით, დანაშაულებრივ ჯგუფსა და ახმეტის პოლიციის უფროსს შორის დანაშაულებრივი კავშირებიც იკვეთება.

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფება...”

უფლებადამცველებს, ისევე როგორც ლიანა ჩანჩლიაშვილის ოჯახის წევრებს, იმედი აქვთ, რომ ახმეტაში მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის სააშკარაოზე გამოტანით დაზარალებული მოწმის უფლებების დაცვას შეძლებენ.
XS
SM
MD
LG